Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემზადება თუ არა ხელისუფლება 21 მაისის ღამის აქციის დასარბევად?


არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ოპოზიცია სულ უფრო მწვავე განცხადებებსა და საშიშ პროგნოზებს აკეთებს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე წაავარჯიშა სპეცნაზი 21 მაისის ღამეს დაგეგმილი მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად. ხელისუფლება ასეთ ფაქტს უარყოფს, თუმცა, თავის მხრივ, მოუწოდებს ოპოზიციას არ დაუშვას სიტუაციის დესტაბილიზაცია. საკითხავია, მართლა აპირებს თუ არა ხელისუფლება პოლიციური აქციით უპასუხოს საპროტესტო გამოსვლებს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები მობილიზებულია მიტინგის დასაშლელად, რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარ კანდიდატ ირაკლი ბათიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა. 1992-93 წლებში საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი ამტკიცებს, რომ სანდო წყაროებისაგან იცის, თუ სად, რა ვითარებაში და რა სცენარით ხდებოდა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილების მომზადება ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე. როგორც ირაკლი ბათიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ერთდღიანი წვრთნა გასულ შაბათს ჩატარდა და მასში, პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილების გარდა, ოპერატიული და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტების დანაყოფებიც
მონაწილეობდნენ:

[ირაკლი ბათიაშვილი] ”ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური წვრთნები ერთადერთი პროფილით - მრავალრიცხოვანი მიტინგებისა და მანიფესტაციების დაშლა-დარბევა. ეს იყო მზადება კონკრეტულად 21 მაისის არჩევნების შემდგომ მოსალოდნელი ხალხმრავალი გამოსვლებისთვის.”

ინფორმაციას მსგავსი სახის სწავლების ჩატარების შესახებ არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შოთა ხიზანიშვილმა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ არ მიაჩნია ასეთი ბრალდება სერიოზული კომენტარის ღირსად. ჩვენს შეკითხვაზე, არის თუ არა ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროში მოახლოებული არჩევნების წინ, შოთა ხიზანიშვილმა გვიპასუხა, რომ გაძლიერებული მზადყოფნა მხლოდ ნაწილობრივ იმოქმედებს:

[შოთა ხიზანიშვილი] ”არა, არჩევნების ღამეს მხოლოდ საპატრულო პოლიცია არის შედარებით გაძლიერებულ რეჟიმზე. დანარჩენი - არაფერი.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური სტრუქტურები მალავენ ინფორმაციას ჩატარებული წვრთნის შესახებ. რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი კიდევ უფრო იმითაა აღშფოთებული, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები ხალხის დარბევაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ვარჯიშობდნენ, რაც უშიშროების სამინისტროს ყოფილ უფროსს ძალიან დამაფიქრებლად ეჩვენება და პარალელს 7 ნოემბრის მოვლენებთან ავლებს:

[ირაკლი ბათიაშვილი] ”7 ნოემბრის შემდეგ შსს-ს ხელმძღვანელობამ, - მე ზუსტ ინფორმაციას გაწვდით, - ჩაატარა თათბირი, სადაც გააკეთა დასკვნა, რომ მათ ჰქონდათ ხარვეზები, შეცდომები, რომ იყო არაკოორდინირებული მოქმედებები და სწორედ, აი, ამის მოლოდინში და სამზადისში ჩაატარა ეს წვრთნები, ამ ფუნქციით, თუ როგორ ორგანიზებულად, კოორდინირებულად და ეფექტურად უნდა დაშალონ და დაარბიონ ხალხმრავალი აქციები.” (სტილი დაცულია)


დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციას სიყალბე უწოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ვაზიანის სამხედრო ბაზაზეც, ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ჩატარდა დარბევის სწავლება გასული კვირის ბოლოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაუფარავად ცდილობს არმია არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიოს:

[ბათუ ქუთელია] ”დიდი ხანია უნდათ ამის ჩათრევა. და ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის. ეგ ადამიანები და სხვები რაღაც პროვოკაციებს აწყობენ სხვადასხვა ფორმით. ახლა რაღაცის შენიღბვა უნდათ, მაგრამ სისულელეების ლაპარაკს უკვე ბოლო უნდა მოეღოს, თუკი რაიმე სერიოზულ პოლიტიკაზეა ლაპარაკი.” (სტილი დაცულია)

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიტინგის დარბევის ვარჯიშების ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები. თუმცა, მათი თქმით, პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილების სპეციალიზაცია მოითხოვს მსგავსი წვრთნების ჩატარებას. არც ის არის დაუშვებელი, ასეთი სწავლება სამხედრო პოლიგონზე ჩატარდეს. ”საკითხავი ისაა, თუ რამდენად მორალურია ასეთი ვარჯიშის ჩატარება, თუკი ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, უშუალოდ არჩევნების წინ”, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მას 21 მაისის ღამეს სპორტის სასახლესთან გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო გამართავს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა დემონსტრაციას არჩევნებში მონაწილე სხვა ოპოზიციური პარტიები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG