Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი აკისრიათ არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს?


საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობა ყოველთვის იწვევდა უთანხმოებას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

როგორც წესი, დამარცხებული პარტიები, გამარჯვებულებისაგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვითარება დიდად ვერც ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეცვალეს, თუმცა, ამის მიუხედავად, 21 მაისის არჩევნებზე აკრედიტებული მეთვალყურეების რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია: ცესკოს ინფორმაციით, კარსმომდგარი არჩევნების მიმდინარეობას სამოცამდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. რა როლი აკისრიათ არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს?

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები იქნება სამაგალითოდ გამჭვირვალე და სამართლიანი. თბილისის მერის, გიგი უგულავას, აზრით, არჩევნების ხარისხი საქართველოს მომავალს განსაზღვრავს:

[გიგი უგულავას ხმა] „მთელი მსოფლიო გამადიდებელი ლუპით უყურებს საქართველოს. ამიტომ წყალგამყოფი ხაზი - იქნება ეს არჩევნები დემოკრატიული, სამართლიანი და ვივლით ჩვენ წინ ან, პირიქით. ყველაფერი გაირკვევა ხვალ. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა პარტიას, ნაბან წყალს ხალხს ნუ გადააყოლებენ.“(სტილი დაცულია)

არჩევნებში მონაწილე პარტიებს ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნებმა ისე უნდა ჩაიაროს, რომ სამართლიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არ დატოვოს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „პირველ რიგში, მინდა მივმართო ხელისუფლებას. ყველა ის მოხელე, ვინც არჩევნების დღეს ოდნავ მაინც გადაამეტებს თავის უფლებამოვალეობას ან ბოროტად გამოიყენებს თავის თანამდებობრივ მდგომარეობას, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მინდა ასევე მივმართო ყველა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად მშვიდად და რაციონალურად წარმართონ პროცესი და ნებისმიერი არგუმენტირებული პრეტენზია დააფიქსირონ კანონით დადგენილი წესის ფარგლებში.“(სტილი დაცულია)

პოლიტიკურ პარტიებს კანონის ფარგლებში მოქმედებას ურჩევენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში მერი ო’ჰაგანი ინფორმირებულია იმ მიტინგის შესახებ, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ 21 მაისისათვის დანიშნა:

[მერი ო’ჰაგანის ხმა] „ჩვენ ყველა პარტიას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს, განვუმარტეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა იქნება არასწორი. რასაკვირველია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი. მაგრამ, მნიშვნელოვანია ეს გაკეთდეს ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს არჩევნების მიმდინარეობას.“

გაერთიანებულ ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ მათი მიტინგი სწორედაც რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ემსახურება, თუმცა იქვე იმასაც დასძენენ, რომ საერთაშორისო მეთვალყურეების დიდ ნაწილს არ ენდობიან:

[სოლომე ზურაბიშვილის ხმა] „ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არის ძალიან დაბალი. ხელისუფლებასთან ერთად სეირნობენ და ქეიფობენ იქ, სადაც ხელისუფლება წაიყვანთ, იქნება ეს სიღნაღი, კოდორის ხეობა თუ განმუხური. დრო არის რეალურად ჩაერთონ ამ საარჩევნო პროცესში. ხვალინდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.“

21 მაისი რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული ორგანიზაციების რაოდენობაც მეტყველებს. ზურაბ კაჭკაჭიშვილის თქმით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში აკრედიტაცია გაიარა სამოცამდე უცხოურმა ორგანიზაცამ და, მათ შორის, ერთმა რუსულმაც:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] „ეს ორგანიზაციაა „ნაში“. უარი რომ გვეთქვა, ამას აუცილებლად გამოიყენებდნენ და იტყოდნენ, რომ არჩევნები არ ტარდება გამჭვირვალედ და ასე შემდეგ.“

ცესკოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაშის“ საქმიანობის შესახებ და რომ ეს საქმიანობა არანაირად არ უკავშირდება არჩევნებსა და დემოკრატიული პროცესების წახალისებას, ანდა არჩევნების მონიტორინგს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად პრაღაში დავუკავშირდით რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის თანამშრომელს ანდრეი ბაბიცკის.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] „ეს არის პუტინის ხუნვეინბინების ორგანიზაცია, რომელიც ორიოდე წლის წინ ახალგაზრდებში აგორებული პროტესტისა და ოპოზიციის გამოსვლების შესაჩერებლად შეიქმნა. ეს არის რაზმი, რომელიც ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის მიერ კარგად გამოცდილ ხულიგნურ მეთოდებს ნარინჯისფერი საფრთხის წინააღმდეგ იყენებს. ამ ორგანიზაციის წევრები ველურ ბაქკანალიებს აწყობდნენ მოსკოვში ესტონეთის საელჩოს წინ... სულ ახლახან კი უკმაყოფილოთა მსვლელობისას ოპოზიციური მოძრაობის, „სხვა რუსეთის“, წევრებს ექსკრემენტები დააყარეს.“


ანდრეი ბაბიცკი ვარაუდობს, რომ ორგანიზაცია „ნაში“, რომელსაც არც სათანადო რესურსი აქვს და არც არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება, 21 მაისს საქართველოში გაცხადებულისგან განსხვავებული მისიით ჩადის, თუმცა საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ერთი ორგანიზაცია ვერ შეძლებს რეალური სურათის დამახინჯებას. გიორგი ჩხეიძეს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „საერთაშორისო მეთვალყურეები ახდენენ ანალიზს და აკვირდებიან პროცესს. ამ პროცესის თაობაზე მომზადებულ ანგარიშებს კი (აღებული ვალდებულებების ჭრილში) სერიოზულად ეკიდებიან ევროსაბჭოში, ევროკავშირსა თუ ნატოში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG