Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა საქართველოზე


ჯერ კიდევ გუშინდელი ”კომერსანტი” წერდა: ”თბილისმა და სოხუმმა ზოგადად შეათანხმეს საქართველო-აფხაზეთის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა.

როგორც ”კომერსანტისათვის” გახდა ცნობილი, დღეს მოსკოვში ვიზიტით ჩამოდის აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც ამ გეგმას წარმოადგენს და ეცდება მის რეალიზაციაზე მოსკოვის ხელმძღვანელობისაგან თანხმობა მიიღოს. პირველი ნაბიჯის სახით, თბილისი და სოხუმი აპირებენ მოსკოვის შუამავლობით შეთანხმება გააფორმონ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, დევნილების დაბრუნებისა და ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან გაყვანის თაობაზე”, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომლის სათაურია "საიდუმლო გეგმა”.

დღეს რუსული პრესა ამ თემას აგრძელებს, თუმცა "მოსკოვსკი კომსომოლეცი” უკვე წერს, რომ მხარეები ყველაფერ ამას მხოლოდ ,,უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას” უწოდებენ.

გაზეთის აზრით, ამ სიტუაციაში კვლავ მნიშვნელოვანი რჩება კითხვა: "რისთვის ჩამოვიდა სერგეი ბაღაფში მოსკოვში? იქნებ მაინც არსებობს რაღაც გეგმა დარეგულირების თაობაზე?”

გაზეთს სერგეი შამბას სიტყვები მოჰყავს : "ვიზიტის მთავარი მიზეზი - ეს არის კონკრეტული განხილვა ვლადიმირ პუტინის განკარგულებისა აფხაზეთის რესპუბლიკისათვის ”საგნობრივი დახმარების” შესახებ."

"ჩინოვნიკის თქმით, - წერს გაზეთი, - საუბარი იქნება ასევე კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, მაგრამ როგორ და რა სახით, ჯერ ცნობილი არ არის. სხვათა შორის, შამბამ დაადასტურა, რომ "რაღაც გეგმა” ნამდვილად არსებობს."

”მოსკოვსკი კომსომოლეცი” სარედაქციო შენიშვნას ურთავს ამ პუბლიკაციას. "ჩვენი მონაცემებით, - წერს გაზეთი, - გეგმაში შერიგების შეთანხმებაზეა საუბარი. საქართველოს შეთავაზებული აქვს გახსნას აფხაზეთის საზღვაო საზღვრები და სარკინიგზო ხაზი, რომელიც სოხუმსა და თბილისს აერთებს, იმისათვის, რომ რესპუბლიკა აღარ იყოს რუსეთზე დამოკიდებული. საქართველო ასევე ვალდებულებას იღებს გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი კოდორის ხეობიდან. აფხაზეთმა კი უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახლებიდან განდევნილი ქართველების აფხაზეთში, საკუთარ სახლებში, დაბრუნება”, - ნათქვამია ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” სარედაქციო მინაწერში.

ამ თემაზე და სერგეი ბაღაფშის მოსკოვში სტუმრობაზე დღევანდელი ”როსიისკაია გაზეტაც” წერს. მისი ბოლოდროინდელი გახშირებული ვიზიტების შესახებ მოსკოვში ათასნაირი ხმები დადისო, - წერს გაზეთი.

გაზეთში ვკითხულობთ, რომ, ერთ-ერთი ვერსიით, თბილისსა და სოხუმს კონფლიქტის მოგვარებისათვის გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ ბრაიზამ უბიძგა, რომელსაც ამ დღეებში მოლაპარაკება ჰქონდა საქართველოსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან. მოსკოვში კი ბაღაფში უკვე მიღწეულ შეთანხმებებზე თანხმობის მისაღებად ჩავიდა.

"თუ უკუვაგდებთ პროცესის რეალურ და მოჩვენებით ხლართებს, ორი შეკითხვა რჩება - ვინ და რატომ ,,ჩააღვენთა” პრესაში ინფორმაცია ვითომდა კულუარებში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და რამდენად რეალურია სამშვიდობო შეთანხმება იმ პირობებზე, რომელიც პრესამ გაახმაურა.

არც ერთ ამ კითხვაზე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხიო, - წერს გაზეთი და დასძენს: "პრესაში შეთანხმების უმი ვარიანტის გამოჩენა შესაძლებელია ხელს აძლევდეს საქართველოში მშვიდობიანი დარეგულირების როგორც მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მისი გაჟონვა, შესაძლოა, ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ამით უნდოდა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ მმართველი პარტია საზოგადოების ზურგს უკან მოქმედებს. ანდა, პირიქით, პრეზიდენტის მომხრეებს უნდოდათ კიდევ ერთხელ მოეხდინათ იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება უნდა და თითქმის მოელაპარაკა სოხუმს დევნილების დაბრუნების თაობაზე.” - სიტუაციის ამგვარ ანალიზს გვთავაზობს დღევანდელი ”როსიისკაია გაზეტა”.
XS
SM
MD
LG