Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ: 6 კითხვა 12 საარჩევნო სუბიექტს (მეორე ნაწილი)


საპარლამენტო არჩევნების წინ რადიო “თავისუფლებამ” შესაძლებლობა მისცა კენჭისყრაში მონაწილე 12-ივე საარჩევნო სუბიექტს, საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამა და გეგმები გაეცნოთ. კითხვები მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. კითხვა მეორე:

2. რადიო "თავისუფლება”: როგორია თქვენი პარტიის (ბლოკის) გეგმები საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?

№1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პოლიტიკა”
გოჩა ფიფია:
,,თუ ჩვენ მივალთ ქართული ეკონომიკის იმ ფორმამდე რასაც ჩვენ ქართული ეკონომიკის მოდელს ვუწოდებთ, საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენთ. აღმოვაჩენთ იმას, რომ ჩვენ ინვენტარიზებულიც არა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში არაფერი. ანუ როცა ჩვენ ინვენტარიზაციას მოვახდენთ ყველანაირი შესაძლებლობისას, ჩვენ აღმოვაჩენთ: ვაი თურმე სად ვყოფილვართ დღემდე, რატომ არ ვაწარმოებდით რატომ არ ვქმნიდით, რატომ ვიწვევდით ეგრეთწოდებულ ინვესტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც ჩვენ, ,,ქართული პოლიტიკა” ინტერვენტებს ვუწოდებთ დღეს. ამავდროულად ვიცით ამ ინვესტორების მოწვევა რითია ნაკარნახევი, და რა მოტივაცია გააჩნია ხელისუფლებას თუ სხვას, როდესაც მათ იწვევენ.
პირველ რიგში საქართველოში უნდა იყოს ქართულ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანი ინვესტორი. სახელმწიფოს ამის ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია. იტყუება როდსაც ამბობს რომ მას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. მითუმეტეს მაშინ როდესაც უსუსურ , უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებით ასეთ შემთხვევაში ძლიერთა შემოსვლა, რა თქმა უნდა უფრო და უფრო მეტად გვაქცევს მოსამსახურე ერად. მოსამსახურე ერად ქცევა არის ამოცანა ამ ხელისუფლებისაც და ამ ხელისუფლების ბატონებისაც.

№ 2. საქართველოს რესპუბლიკური პარტია
დავით ზურაბიშვილი:
სამუშაო ადგილების გაჩენა მარტივი არ არის, მაგრამ აქ მიდგომაზეა ლაპარაკი. ჩვენი პარტიის მთავარი პროგრამული ხედვაა, რომ სახელმწიფო მობრუნდეს ადამიანისკენ. ადამიანს უნდა შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ ფული დააგროვოს. უნდა მოუხსნა საგადასახადო, ადმინისტრაციული ბარიერები იმისათვის, რომ ადამიანმა ფული სახლში შეიტანოს. ბიუჯეტი არის მეორეხარისხოვანი. ბიუჯეტში შევა ფული, როდესაც გადასახადებს გადაიხდის ხალხი, თუ ექნა, მაგრამ მთავარია ოჯახში ჰქონდეს. ასეთ ორიენტირს თუ ავიღებთ, მაშინ მარტივია - ყველა სხვა კანონპროექტი ამ ხედვიდან გამომდინარეა. საჭიროა ხელი შევუწყოთ წარმოებას - მეწარმე და შემომტანი თანაბარ პიროებში უნდა იყვნენ - დღეს შემომტანი აშკარა უპირატესობით სარგებლობს.
ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 15 პროცენტამდე, დღეს 25-ია. ასევე ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების გატარებას, რომელზეც დღეს ყველა ბიზნესმენი ჩივის. დღეს შეიძლება ახალი კანონი მიიღონ, რომელიც ერთ კვირაში შევა ძალაში და საქმის გადაწყობა დაგჭირდება. ნებისმიერი ცვლილება საგადასახადო სისტემაში უნდა შედიოდეს ძალაში არა უადრეს ერთი წლისა.

№ 3. საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე - მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ე.დ.პ)”
ზურაბ ტყემალაძე:
,,ჩვენი პირველი დევიზია ”გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. რა გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან? დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ვერასდროს საქართველომ ვერ შეასრულა ბიუჯეტის კანონი, ქვეყნის მთავარი საფინანსო კანონი ხარჯების კუთხით. შემოსავლებს ვასრულებთ, მაგრამ ხარჯვითი ნაწილი არ სრულდება. ბოლო წლების მანძილზე 200-300 მილიონი (ერთ წელიწადს ნახევარი მილიარდიც იყო) ხარჯვით ნაწილში შეუსრულებელია. როცა დეფიციტია ხარჯვით ნაწილში, აქ ჩნდება არჩევანის საშუალება. ხელისუფალმა უნდა გადაწყვიტოს რომელი პროგრამა დააფინანსოს. ჩვენ მოვიქცეოდით ასე: თუ ვერ ვასრულებთ ბიუჯეტს, პარლამენტში თავიდან უნდა შევიდეს კანონპროექტი და შემცირდეს ხარჯვითი ნაწილი, რომ მთავრობას არ ჰქონდეს საშუალება თვითონ გადაწყვიტოს რომელი პროექტი დააფინანსოს. მთავრობა უნდა ჩავსვათ ჩარჩოში და რა პროექტსაც დაამტკიცებს პარლამენტი, ის უნდა აღასრულოს. ეკონომიკური განვითარებისთვის პირველ რიგში აუცილებელია შედგეს განვითარებადი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემების უზრუნველყოფა აუციელებელია, მაგრამ მის პარალელურად ბიუჯეტი უნდა იყოს განვითარებადი. მთავარი ის კი არ არის დახმარება მიცე მოქალაქეს. შენ მას უნდა მიცე სამუშაო ადგილი და ის თავის თავს უზრუნველყოფს. თუ ოჯახში ერთი დასაქმებული მაინც გეყოლება, ის თავის ოჯახს მეტნაკლებად უზრუნველყოფს. ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ წარმოების განვითარებას. წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალური პროდუქტის შექმნას. წარმოებაა მედია, კინო, თეატრი, მწერალი რომ წიგნს დაწერს და გამოსცემს. საშუალო ფენა უნდა შეიქმნას და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება დასაქმებული ადამიანი. სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს მინიმუმ 300 მილიონი.

№ 4. ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
ნესტან კირთაძე და კახაბერ ძაგანია:
პირველ რიგში, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს სახელისუფლებო ზეწოლისაგან. უნდა შეიქმნას თავისუფალი ბიზნესი. თუ ეკონომიკა განვითარდა, ეს იქნება თავისუფალი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტი. ლაპარაკია წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, მათ მიმართ ლიბერალური გადასახადების შემოღებაზე. შეიძლება რომელიმე ახლადწამოწყებული საინტერესო ბიზნესი რამდენიმე წლით გათავისუფლდეს გადასახადებისგან. მათ სტიმული უნდა მიეცეთ სახელმწიფოსგან. პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარებაც, ეს ჩადებულია ჩვენს პროგრამაში. ჩადებულია ბერკეტები, რომლებიც გლეხს, ფერმერს მისცემს საშუალებას განავითაროს სოფლის მერნეობა. ეკონომიკა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის წარმმართველი მიმართულება უნდა იყოს.


№5, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის”
დავით დარჩიაშვილი:
ძირითადი მაინც არის, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ინვესტიცია. ისევ პოპულიზმი მგონია საუბარი იმაზე, რომ უცხოური ფული მოვიდა და ყველაფერი გაიყიდა. არაფერი არსად არ წავიდა. ეს ფული ჩაიდო ქვეყანაში იმისათვის, რომ გადასახადები იქნას ამოღებული და ქვეყნის სუვერენიტეტს ვერც ერთი კერძო ბიზნესმენი, საიდანაც უნდა მოდიოდეს, ვერ შებღალავს. როგორც კი შებღალავს, ერთვება უკვე ეროვნული უსაფრთხოების ლოგიკა და ასეთი ინვესტიცია შეწყდება და ასეთი საკუთრება, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, შეიძლება შეიზღუდოს და საერთოდაც, ექსპრორირებული იქნას. ინვესტიციების მოზიდვა, ამისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასთან ერთად არის არსებითი, მეტი ყურადღებაა მისაქცევი მცირე ბიზნესზე, საშუალო ბიზნესზე, იმაზე, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში საფუძველთა საფუძველია იგივე სამოქალაქო საზოგადოების. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დაეხმარება კრედიტების კიდევ უფრო გაიაფება. დღეს ვსაუბრობთ, რომ იაფი კრედიტი არის ცოტა გაიაფებული, მაგრამ მთლიანად საქართველოში კრედიტების პროცენტი არის საკმაოდ მაღალი. ისევ და ისევ მეტი ინვესტიციაა საჭირო, ანუ აქ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთთან.

№ 6 . პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
ედიშერ მაჩაიძე
ჩვენ დასავლური ორიენტაციის მიმართულება გვაქვს და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დავუჭერთ მხარს ბაზრის გაფართოებას, მეტ კონტაქტებს, საგადასახადო სისტემის სრულყოფას და გამარტივებას. ეს კომპონენტები შემდეგ გავლენას ახდენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე. საჭიროა მეტი ქარხანა, მეტი საწარმო გაიხსნას საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამოქლაქეს, რომ მან შექმნას ახალი სამუშაო ადგილება. ჩვენმა თანამოქალაქემ უკეთესად იცის, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

№7, საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”
მანანა ნაჭყებია
პირველი, რასაც გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბუნებრივია, შეწყდება დატერორება და ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში და ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ თავიანთი მოგებული თანხები ჩააბრუნონ ისევ ბიზნესში. ჩვენ ვეუბნებით ბიზნესმენებს, რომ ასეთი თანხები გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი დაბეგრვისგან. ჩვენს მიერ ჩატარებულმა სტატისტიკურმა კვლევამ მოგვცა ასეთი შედეგი, რომ მოგების 30%-ზე მეტი პრაქტიკულად მიმართულია ხარჯვისკენ და როგორია ეს ხარჯვა, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სრულიად გაუაზრებელი - პომპეზური ღონისძიებები, გაუაზრებელი განათებები ქალაქში, რომლის უფლებასაც თავს არ აძლევს პარიზი. პარიზში ეიფელის კოშკი ნათდება და ციმციმებს მხოლოდ ყოველი საათის ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხდება პარიზის მოსახლეობის ხარჯზე. თბილისის მოსახლეობის ხარჯზე განათებული და გაჩახჩახებულია მთელი საღამო ჩვენი ანძა. ასე რომ, აი, ამ გაუაზრებელ ხარჯებს ჩვენ თუ მოვაცილებთ ბიზნესმენებს და მივცემთ საშუალებას, რომ ისევ წარმოების აღორძინებისა და გაფართოებისთვის ჩააბრუნონ, ბუნებრივია, უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველოში სულ რაღაც ერთ წელიწადში ბიზნესს მიეცემა საშუალება უფრო ფართოდ გაშალოს მხრები, უფრო მეტი სამუშაო ადგილები შექმნას.

№ 8 . ”სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
იგორ შამათავა:
ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოში მთავარი პრობლემა არის ზნეობრივი მდგომარეობა. როდესაც ადამიანს დაკარგული აქვს იმედი, ის ვერ მუშაობს და ვერც დოვლათს შექმნის. საჭიროა ხალხს იმედი დავუბრუნოთ. ამისათვის კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, ცოტა ვიძინოთ და უსაქმურობას დავანებოთ თავი

№9. პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
დავით თარხან-მოურავი:
რა არის მთავარი ეკონომიკურ ზრდაში? პირველი - დაბეგრვის სისტემა, მეორე - რეალური დახმარება ადამიანისთვის, რომ მან წარმოება დაიწყოს. მაგალითად, წვრილი მეწარმე - მას სულ ოთხი მახასიათებელი აქვს: რა სახის ბიზნესი აქვს მას? სად არის ეს განლაგებული? რამდენი კაცი მუშაობს? რამდენი ფართი აქვს? ეს ოთხი პარამეტრია სულ. მათ საფუძველზე წვრილი მეწარმისთვის გავაკეთებთ ფიქსირებულ გადასახადს. მას არ ეყოლება არავითარი შემმოწმებელი და არავითარი აღრიცხვიანობა მისთვის სავალდებულო არ იქნება. მაგრამ, მხოლოდ ამის საფუძველზე ბიზნესი არ იწყობა. ჩვენ გავაუქმებთ დამატებული ღირებულების გადასახადს, გავაუქმებთ მოგების გადასახადს, იქნება მხოლოდ ბრუნვის გადასახადი, ანუ ჩვენ ექვს თვეში შევქმნით ეკონომიკურ ბუმს, რაც არაერთ ქვეყანაში გაკეთდა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ ოთხი კაცი კი არა, რაღაცა რაოდენობა ვიქნებით პარლამენტში. მაგრამ მაკროეკონომიკა მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სექტორებს და როგორ ვანვითარებთ. შევეცდები მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ: ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე შეიძლება მოიყვანოთ 20 კგ ყურძენი, მაგრამ იმავე ერთ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დღეს შეგიძლიათ 200 კომპიუტერი ააწყოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყურძენი არ უნდა მოვიყვანოთ. უნდა მოვიყვანოთ, მაქსიმუმი, მაგრამ საქართველო არის ტერიტორია, სადაც არის მიწა სოფლის მეურნეობისთვის და უამრავი ტერიტორია, რომელიც არ გამოდგება სოფლის მეურნეობისთვის. იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე 200 და 500 კომპიუტერი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ის სექტორები ეკონომიკის, რომლებიც არის მეცნიერებატევადი სექტორები (ეს განსაზღვრავს დღეს ეკონომიკის წარმატებას), განვითარდეს. ასი წლის წინ იყო მძიმე მრეწველობის საუკუნე. დღეს ამერიკა, იაპონია - ეს არის პოსტინდუსტრიული სტადიის ქვეყნები, ანუ იქ მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები ვითარდება. არც ერთ მოწინავე ქვეყანაში სამ პროცენტზე მეტი არაა სოფლის მეურნეობა, ისე გაიზარდა სხვა სექტორები. ჩვენთან სოფლის მეურნეობა არის 40 პროცენტი. სოფლის მეურნეობას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ მაგრამ სხვა სექტორები უნდა განვავითაროთ. არ შეიძლება მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები იყოს ეკონომიკის ერთი პროცენტი. ამის განვითარებისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას ინსფრასტრუქტურა, რომლის გარშემოც შეიქმნება პატარა კომპანიები. ჩვენთან როგორ ხდება? ერთი კაცი წავა თურქეთში, ერთ ქურთუკს ჩამოიტანს, კარგად გაყიდის. ამას ათი დაინახავს, წავა ათი კაცი, იყიდის, ჩამოიტანს, გაყიდის. მერე წავა ათასი კაცი, იყიდის ათი ათას ქურთუკს, ჩამოიტანს და ვეღარ ყიდის იმიტომ, რომ არავის არ სჭირდება. მთავარი პრობლემა, რომელიც ბიზნესმენს აქვს - მან არ იცის ბაზრის მდგომარეობა. ამიტომ, ჩვენ რას ვიზამთ? ჩვენ მოგკიდებთ ხელს და გაგატარებთ ამ საწარმოო გზაზე და მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ ააწყოთ ჩვენთან ერთად თქვენი სამეწარმეო საქმიანობა. სპეციალური ორგანიზაცია დაფუძნდება ამისთვის (მეწარმეობის განვითარების სააგენტო). ეს ერთი მხარეა. რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება განათლებას. მსოფლიო კლასის განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი. ამის საფუძველზე ხდება სოციალური დახმარებები. იგივე პრინციპი იქნება ჯანდაცვაზეც. თითოეული ადამიანი იქნება შესწავლილი და ის მიიღებს იმ სადაზღვევო პოლისს, რომლის შეძენა მას არ შეუძლია. მთავარი, რაც უნდა იყოს გასაგები საზოგადოებისთვის - რითი განვსხვავდებით ჩვენ? ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ და როგორ - ეს არის მთავარი. სამართლიანობა ის არის, რომ თქვენ თავი მაქსიმალურად გამოავლინოთ. სულ ვამბობთ - არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა.


№ 10 ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები”
მაგდა ანიკაშვილი:
ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარება და საშუალო ფენის შექმნა. საჭიროა საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია. ის, რომ მსხვილი და მცირე საწარმო ერთსა და იმავე პირობებშია უსამართლობაა. ეს იწვევს იმას, რომ მცირე საწარმო ბოლოს კოტრდება. მცირე საწარმოებზემეტი შეღავათები უნდა იყოს დაწესებული. დიდი მომავალი აქვს აგრეთვე წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების პროექტს. ეს არის წლების მანძილზე ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსის გამოყენებას, რომელსაც შემდეგ გავყიდით. მთავარი ბაზარია, ბაზარი კი უკვე არის - აფრიკის ქვეყნებთან და მათ ხელისუფლებებთან უკვე არსებობს შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თუნდაც სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამ პროექტით 150 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა არის ნავარაუდები, რადგან ამ წყალს სჭირედება საწარმოები, შეფუთვაა, ასე შემდეგ...

№11, საარჩევნო ბლოკი ”ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
გუგული მაღრაძე:
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში აქცენტს ვაკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რაც დღემდე მხოლოდ ცარიელ სიტყვად რჩება და არაფერი რეალური არ კეთდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იმიტომ, რომ ეს არის ტრადიციული ცხოვრების წესი. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა არის დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანის დასაქმების ადგილი და როცა პარლამენტში ვიყავი და მქონდა დისკუსია უმრავლესობის წარმოამდგენლებთან, ისინი აცხადებდნენ ხოლმე, რომ სოფლის მეურნეობა ღარიბი ქვეყნების ხვედრია, რომ ჩვენ სინგაპური და ჰონგ-კონგი უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს ქართული ცხოვრების წესის, ქართული მენტალიტეტის, ბუნებრივი მდგომაორების, ჰავის, კლიმატის უცოდინარობას იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში ვერანაირად ვერ იქნება მეორეხარისხოვანი. გარდა იმისა, რომ ცხოვრების წესია, ის იძლევა საშუალებას ადამიანს გამოკვებილი ჰყავდეს თავისი ოჯახი. ეს იძლევა საშუალებას, რომ ოჯახები იყოს ერთად. თქვენ ხედავთ, რომ სოფლის მამაკაცების ნახევარი და მეტი წამოსულია ან თბილისში, ან სხვაგან საშოვარზე. ეს იწვევს ოჯახების რღვევას. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები ვეღარ იზრდებიან ნორმალურ ოჯახურ ვითარებაში და ა.შ. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს არის მთავარი პრიორიტეტი და სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დოტაციაც უნდა გაიღოს სოფლის მეურნეობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იყოს მაღალი გადასახადი. დღევანდელი პირობით მდიდრდება ერთი მუჭა ადამიანებისა, რომლებიც შემოტანაზე მუშაობენ. სამაგიეროდ, ღარიბდება სოფლის მოსახლეობა, რომლის პროდუქტს უკვე გასავალი აღარ აქვს ბაზარზე. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას - ჩვენ მომხრე ვართ, რომ იყოს ფიქსირებული გადასახადი იმ შემთხვევაში, როცა ბიზნესს აწარმოებს არა უმეტეს ხუთი ადამიანისა და ისინი საქმიანობენ პატარა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შემოღებული იქნება ის წესი, რომელიც არის მთელ მსოფლიოში, კერძოდ, პირველი ორი წელი მცირე და საშუალო ბიზნესი თავისუფლდება საერთოდ გადასახადისაგან. კი ვამბობთ, გრძელვადიანი კრედიტი, მაგრამ კრედიტი არის საკმაოდ მძიმე გადასახდელი. ამასთან, ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფო იღებს გარედან სესხს, ამ სესხში იხდის არაუმეტეს 5-6%-ისა და რომ აიღოს მცირე მეწარმემ, უნდა გადაიხადოს არანაკლებ 12%. ეს ლუფტი უნდა შემცირდეს მცირე მეწარმის სასარგებლოდ. ამასთან ერთად შეიძლება სოფლის მეურნეობაში და მცირე გადამამუშავებელ მრეწველობაში იყოს ის პრაქტიკა, როდესაც გაზაფხულზე იღებენ სესხს და შემოდგომაზე მოსავლის აღების, ან გადამუშავების, პროდუქციის გაყიდვის შემდეგ აბრუნებენ. ასე რომ, ბევრი აპრობირებული მეთოდი არსებობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებულა. აქ უბრალოდ პოლიტიკური ნების საკითხია - გვინდა ჩვენ გამდიდრდეს ერთი მუჭა ადამიანებისა, თუ მთელი მოსახლეობა შედარებით უფრო დაცული იყოს ეკონომიკურად. ეს არის პრობლემა.

№12 . საქართველოს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”
ელბერდ ბატიაშვილი:
ჩვენ შეგვიძია გამოვიყენოთ ისრაელის გამოცდილება, სახელმწიფოსი, რომელიც კიბუცებს დაეფუძნა. ჩვენც გვაქვს ამის ანალოგი - კომლი და ხოდაბუნი. კომლი სისხლით მონათესავე ადამიანთა ერთობლიობაა, სანათესაოა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ილიამ იცოდა რომ კომლს ძველი სახით ვეღარ აღვადგენდით, მაგრამ შეიძლება მისთვის თანამედროვე სახის მიცემა. მაგალითად, შესაძლებელია კომლმა დააფუძნოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, გამოიტანოს ბანკიდან კრედიტი და საქმეში ჩადოს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG