Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ: 6 კითხვა 12 საარჩევნო სუბიექტს (მეოთხე ნაწილი)


საპარლამენტო არჩევნების წინ რადიო “თავისუფლებამ” შესაძლებლობა მისცა კენჭისყრაში მონაწილე 12-ივე საარჩევნო სუბიექტს, საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამა და გეგმები გაეცნოთ. კითხვები მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. კითხვა მეოთხე:

4. რადიო "თავისუფლება”: თქვენი პრიორიტეტები საქართველოს საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით. (ურთიერთობა რუსეთთან, დასავლეთთან; ნატოს საკითხი)?

№1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პოლიტიკა” –
გოჩა ფიფია:
,,ჩვენ ერთადერთნი ვართ წინასაარჩევნო სიაში, ვინც წინააღმდეგია და კატეგორიულად წინააღმდეგია საქართველოს ნატოში შესვლისა. როდესაც ნატოზე ვსაუბრობთ ზუსტად უნდა ვიცოდეთ მოტივაციები, ვინმე არის დარწმუნებული და ვინმე დგება იმის გარანტად, რომ ნატოს მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ინტერესი არ აქვს, ანუ მისი ინტერესების გატარების საკითხი არ დგას... თუ ვილაპარაკებთ და უნდა ვილაპარაკოთ რუსეთის იმპერიულ ზრახვებზე ანალოგიურად შეგვიძლია იმ ქვეყნების კოლონიზატორულ ზრახვებზე ვილაპარაკოთ რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ და გუშინწინ საფრანგეთი იქნებოდა, გერმაინია თუ ამერიკა. მხოლოდ ტერიტორია წარმოადგენს მათ ინტერესს, საქართველოს ტერიტორია და სხვა არაფერი.
ჩვენ ასევე რუსეთის პოლიტიკის უარყოფით მხარეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვუთხრათ რუსეთს (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული), არ იქნება აქ არც შენი მტრის და არც იმის, ვის მიმართაც შენ ხარ მტრულად განწყობილი არანაირი ბაზა ამა თუ იმ ფორმით, არანაირი რაკეტები ამათუ იმ ფორმით. და ასევე უნდა ვუთხრათ ამერიკას და ევროპას რომ არ იქნება ბატონო აქ რუსეთის რაკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... არ არის ეს ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტი ცოტა უფრო მძიმე და შორეული თემაა (თუმცა შეიძლება არც ისე შორეული), მაგრამ ახლა სამხედრო მიუმხრობლობას ვგულისხმობ პირველ რიგში.”

№ 2 საქართველოს რესპუბლიკური პარტია
დავით ზურაბიშვილი:
პირველ რიგში ჩვენ თავს განვიხილავთ ევროპის ნაწილად, სამომავლოდ ევროკავშირის, ერთიანი ევროპის ნაწილად. ჩვენი ტრადიციებით, ისტორიული გზით. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის და ეს ორი დიდი კულტურული ნაკადი ყოველთვის კვეთდა ერთმანეთს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რთულია ღირებულებით საფუძველზე იყო ერთიანი, ჩვენი მომავალი ევროპული ტიპის დემოკრატიაა, რუსეთი კი მაინც ავტორიტარული სახელმწიფოა და ყოველთვის ასეთი იქნება. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია საერთო ინტერესების გამონახვა. ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილური სიტუაცია - ამით ორივენი დაინტერსებულნი ვართ. კულტურული ურთიერთობების კონტექსტსშიც გვაქვს დიდი რეზერვი... რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რუსეთში ეს მოსწონთ თუ არა. ნატოში გაწევრიანება არის სტრატეგიული არჩევანი, ეს არ იცვლება. ნატოს წევრი რომაა პოლონეთი ან თუნდაც ბალტიის ქვეყნები, რუსეთი დაემდურება მათ, არ დაელაპარაკება თუ რა? ეს არ არის ვაჭრობის საგანი. ასე თუ გევაჭრება ვინმე, რომ აი, სადმე არ შეხვიდე და ჩემთან კარგად იქნები, მაინც არ მოიქცევა ის კარგად.


№ 3, საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე - მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ე.დ.პ)”
ზურაბ ტყემალაძე:
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მემორანდუმზეც გვაქვს ხელი მოწერილი, რომ მივესალმებით არსებულ საგარეო პოლიტიკას, სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. მაგრამ, ამავე დროს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის ”კეთილი ბიძისა” და ”მტრის” ხატის შექმნა რომელიმე სამეზობლო სივრცეში. ყველა იმ უარყოფითი ასპექტის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა მოიცავს, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს რუსეთთან ჰქონდეს კეთილმეზობლური, კეთილდიპლომატიური, კეთილმეგობრული დამოკიდებულება. საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის სულ რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ომი და ამ ომში იყო ჩართული მთელი მსოფლიო, მაგრამ დღეს რუსეთსა და გერმანიას ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე რუსეთსა და საქართველოს. შეუძლებელი აქ არაფერია. საცა არა სჯობს გაცლა სჯობს, დათმობა სჯობს, ზეწოლა და ა.შ.

№ 4. ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
ნესტან კირთაძე და კახაბერ ძაგანია:
ყველანაირი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც განახორიცელებს ლეიბორისტული პარტია, იქნება ქართველი ხალხის ინტერსების გათვალისწინების შედეგი. ჯერ უნდა გავითვალისწინოთ აქ მოსახლე ადამიანების ინტერესები და შემდეგ პრიორიტეტები ჩრდილოეთთან, შერთებულ შტატებთან თუ ევროპასთან. საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს აწყობილი მეგობრულ ურთიერთობებზე ყველასთან, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო დგას ტერიტორიული პრობლემების წინაშე, რომელიც სამწუხაროდ ამ დიდ ქვეყნებთან არის დაკავშირებული. შეუძლებელია ამხელა იმპერიებს ეთამაშო ორმაგი სტანდარტით. უნდა გვქონდეს ცალსახა, მკაფიო კურსი და ამ კურსზე უნდა იდგეს ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში. სააკაშვილი აცხადებს, რომ სურს ნატოში ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს საქმით სხვა რამეს აკეთებს და ყიდის სტრატეგიულ ობიექტებს. ამერიკა ვერ დაიჯერებს, რომ გინდა ნატოში შესვლა, როდესაც რუსებზე ყიდი სტრატეგიულ ობიექტებს და როდესაც ქვეყანაში ხდება ნოემბრის მოვლენები ან იანვრის მოვლენები. მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია და სასამართლო არ არსებობს.

№5. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის”
დავით დარჩიაშვილი:
ის, რა იდეოლოგიური ნაზავიც იქმნება რუსეთში, არაფრით უკეთესი, თუ უარესი არ არის კომუნიზმზე. ეს მაშინებს და არა ის, რომ თავისთავად მეზობელი არის იმპერიალისტური სულისკვეთების, ამბიციები აქვს, ინტერესები აქვს. რა ტიპის მეზობელია, რა საზოგადოება და რა პოლიტიკური სისტემა იქმნება. რა ღირებულებებით მოდის ის ელიტა, რომელიც რუსეთს მართავს. ეს არის შემაშფოთებელი და აქ არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის პრობლემაა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის და მისი შთამომავლების ბედ-იღბლის პრობლემაა, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექეცით. ამიტომ არის ასეთი მძიმედ შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია და ყველანაირად აღსაკვეთი ის, რომ რუსეთმა რამე გავლენა დაიბრუნოს საქართველოზე. ამიტომ არის ნატო საჭირო. თუ რუსეთში შეიცვალა ვითარება, მაშინ შეიძლება როგორც ნორმალურ პარტნიორთან რაღაც ურთიერთობებზე შეთანხმება, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, მაშინ მთავარი ის არის, რომ დავიცვათ თავი. ეს კარგად ესმით ბალტიისპირელებს, ეს კარგად ესმით პოლონელებს, ეს დაავიწყდათ ფრანგებს და გერმანელებს. რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისათვის სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე, მით უარესი თვითონ რუსებისათვის და მათი საზოგადოებრივი განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ომში ჩავებათ. დღეს იქნებოდა პოპულიზმი და უპასუხისმგებლობა, რომ ჩვენ იარაღის ძალით ვცადოთ აფხაზეთში დაბრუნება. მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს აქცენტი დიპლომატიურ ფრონტზე, საერთაშორისო თანამეგობრობის, დიპლომატების, არადიპლომატების, საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის ყურადღების მოპყრობაზე და მათი მოქმედების ინტენსიფიცირებაზე იმიტომ, რომ რუს პოლიტიკოსებს პრაგმატიზმის რაღაც ელემენტიც გააჩნიათ. მათ სჭირდებათ ევროპასთან ურთიერთობა, თუმცა, ძალიან ცინიკურად არიან ევროპისადმი დამოკიდებული. სჭირდებათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობების ჩვენს მიერ გამოყენება არის მთავარი ბერკეტი. ამაზე უნდა იყოს აქცენტი დღეს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს აკომპანირებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი კოზირი, მთავარი იარაღი არის დიპლომატია. პრაგმატული, რაციონალურად მოაზროვნე რუსისათვის, რაოდენ სენტიმენტები არ უნდა ჰქონდეს, ურთიერთობები გადასწონის იმიტომ, რომ ადამიანი (და, ქვეყნებიც) ურთიერთობების გარეშე არაფერია. ანუ, იზოლირება არის ნაბიჯი არაფრისკენ, უფსკრულისკენ, დაღუპვისაკენ. ამდენად, ამას რაციონალურად, პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი გადაიყვანს იმ წუთში ზოგადად იმიჯის, პრესტიჟის სფეროში. როდესაც ჭადრაკს თამაშობ და ხედავ, რომ აგებ, ჭადრაკის დაფა არ უნდა ამოაყირავო. მაშინ, საერთოდ არავინ აღარაფერს არ გეთამაშება და არავინ ურთიერთობას არ დაამყარებს. ეს ზოგჯერ ემოციურად ძნელია, გამომდინარე რუსული იმპერიული ნოსტალგიიდან და იმ რაღაც უცნაური ნაზავიდან, რაც მათში დღეს ქმნის ეს კომუნისტური იდეები, მართლმადიდებლობა და საკმაოდ ცინიკური და აღვირახსნილი ცხოვრების წესი. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს როდესმე გადაიხარშება. გადაიხარშება ახალ თაობაში, მაგრამ სავალალო ის არის, რომ ”ძველგაზრდები” ახალგაზრდებს იყენებენ გვერდში და ზრდიან, რასაც სწორედ საქართველო გრძნობს თავის თავზე - სადამდე მიყავს რუსეთში არსებულ ამ იდეოლოგიურ ფონს სადამდე მიყავს რუსული პოლიტიკა.

№ 6 . პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
ედიშერ მაჩაიძე:
ჩვენი ორიენტაცია დასავლეთისკენ არის მიმართული. დემოკრატიის აკვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაირწა და იქიდან მოდის. მაგრამ ისიცაა, რომ მეზობელი კარგია თუ ცუდი, ვალდებულები ვართ მეტი ავიტანოით. რუსეთს უნდა ვემეზობლოთ, არა გავქვს უფლება რომ არ ვემეზობლოთ. ყველას გვყავს მეზობელი, ვისაც ნაკლებ პატივს ვცემთ. იმას ხომ არ ვეჩხუბებით? ვიცავთ დისტანციას, მაგრამ სალამს მაინც ვიტოვებთ. მეორესთან კი შეიძლება სამსახურის შემდეგ სუფრასთან დაჯდე და დრო გაატარო.


№7, საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”
მანანა ნაჭყებია:
ყოველი არჩევნების წინ მოწმე ვხდებით რუსეთთან ურთიერთობის ხელოვნურად დაძაბვისა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რუსეთთან ურთიერთობაში გასაკეთებელი არ არის. გაშარჟდა ის პოლიტიკა, რომელსაც აქამდე აწარმოებდა მიხეილ სააკაშვილი. დასავლეთმაც და მთელმა მსოფლიომ საქართველოს უთხრა - იქნება საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო, ღია იქნება კარი თქვენთვის ყველგან. არ იქნება საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო, არ ჩაატარებთ და ვერ ჩაატარებთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სამუდამოდ დაიხურება საქართველოსთვის ეს კარი. სხეფერმა განაცხადა ეს, ჩემი სიტყვები არ არის, რომ დემოკრატია არის ის, რაც საქართველოს ყველა კარს გაუღებს. სხვათაშორის, გაუღებს და მიცემს გასაღებს რუსეთისკენაც. ჩვენ არ ვართ მომხრე იმისა, რომ რუსეთთან მუდმივად იყოს დაძაბული ურთიერთობა. დასავლეთი ანგარიშს უწევს რუსეთს. საქართველომ ანგარიში უნდა გაუწიოს რუსეთს როგორც მის პირველ და უახლოეს სტრატეგიულ მეზობელს. ანგარიშის გაწევა არ გულისხმობს იმას, რომ საქართველომ თავისი სახელმწიფო ინტერესები დათმოს რუსეთის სასარგებლოდ. უბრალოდ, საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სწორი მიდგომები, საგარეო სტრუქტურების ჩართვა, საელჩოს ჩართვა. რუსეთს არ ეღირსა საქართველოს სერიოზული დპილომატიური გამოცდილების მქონე ელჩი - ადამიანი, რომელიც შეძლებდა რეალურად მოეგვარებინა და დაერეგულირებინა პროცესები. ასე რომ, არის ბერკეტები, არის საშუალება, რომ დაწყნარებით, დამშვიდებით, მოლაპარაკების მაგიდასთნ დაჯდომით, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობით და რაც ყველაზე მთავარია, რუსთის ხალხის შეურაცხყოფის გარეშე ერთ წელიწადში რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა მოგვარდეს. მოგვარდება ნატოში შესვლის საკითხიც და ევროკავშირიც რეალური პერსპექტივა გახდება და არა ისეთი, როგორიც დღეს არის. საქართველოს გაეხსნება კარი ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

№ 8 . ”სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
იგორ შამათავა:
საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენი პარტია იზიარებს იმ მიმართულებას, რომელიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს აღებული ნატოში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მაგრამ საგარეო ურთიერთობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მუშაობს. არ შეიძლება მხოლოდ ერთთან იყო მეგობარი. და სხვა მოიძულო. რუსეთთან ურთიერთობა მძიმეა და რთულია და ბოლომდე ამაზე ლაპარაკი არც შეგვიძლია, რადგან შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობთ, მხოლოდ ის ვიცით რასაც მედია გვაჩვენებს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ამას უნდა არ უნდა დავუპირისპიროთ მუშტი კრივი, რადგან ისეთ იმპერიულ ძალას, როგორიც რუსეთია მუშტი-კრივით ვერაფერს დავაკლებთ. ამას უნდა დავუპირისპიროთ ქართული ინტელექტი, ქართული დიპლომატია. საქართველო დიპლომატიის ბუდეა. თუნდაც ქართული სუფრა რომ ავიღოთ, ვინც ჭიქა ღვინოს იღებს და სადღეგრძელოს ამბობს ყველა დიპლომატია. ეს უნდა დავუპირისპიროთ და ავუხსნათ, რომ საქართველო მტერი არ არის და პირიქით, მეგობარია.

№9, პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
დავით თარხან-მოურავი:
პრიორიტეტი საქართველოსთვის არის დასავლეთი და ეს ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული მრავალი წლის განმავლობაში. თუ რუსეთზე მეკითხებით, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა გვაქვს სადაო რუსეთთან. არსებობს ჩვენი ეროვნული ინტერესები და რუსეთის ინტერესები. ეს ინტერესები არაა მხოლოდ აფხაზეთი, როგორც ვიღაცას ჰგონია. აქ არის სინამდვილეში რამდენიმე ინტერესი: პირველი - ეს არის მილსადენები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის შაჰ-დენიზის და ჯეიჰანის მილსადენები და ეს არ გულისხმობს მხოლოდ ბაქოდან ენერგორესურსის გატანას ევროპაში. პირველ რიგში, ეს მილსადენები არის თურქმენეთიდან რესურსის გატანა ევროპაში და რუსეთი არის ევროპის მთავარი მომმარაგებელი და მას რომ გაზი გააქვს ევროპაში, მისი უმეტესი ნაწილი არის თურქმენული. რუსეთი არის ჩვეულებრივი შუამავალი - თურქმენულ გაზს თავის გაზს ურევს და გააქვს ევროპაში. ეს მილსადენები (შაჰდენიზი და ჯეიჰანი) არის თურქმენული ენერგორესურსის ალტერნატიული გზა. ეს არის დაძაბულობის პირველი ფაქტორი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. მეორე ფაქტორი არის შავი ზღვის პორტები. რეალურად, აზიას არა აქვს გასასვლელი ზღვაზე. საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ აქვს განვითარებული საპორტო სტრუქტურა (ჩვენ პორტებში შედის გემი, რომელზეც იტვირთება 35 ათასი ტონა ტვირთი. მსოფლიო დადის გემებით, სადაც იტვირთება 130 ათასი ტონა ტვირთი. ჩვენ პორტში ერთდროულად ათი გემი ვერ შედის 35 ათას ტონიანი). რომ მოხდეს საქართველოს პორტების რეკონსტრუქცია, ის შეიძენდა იმ სატრანზიტო ფუნქციას, რაზეც ამდენს ვლაპარაკობთ. ეს იცის რუსეთმა. მას უნდა, რომ აიღოს რაღაც ფორმით ეს ზოლი იჯარით, ან სხვა რაღაცა გზით, თვითონ მოაწყოს იქ პორტები და გახდეს ისედაც დიდი ქვეყანაა და ძალიან დიდი ქვეყანა. დავის მესამე საკითხი არის ნატო, რადგან ეს რუსეთისთვის პრინციპულია. რუსეთი საქართველოს არასწორად და არასამართლიანად განიხილავს, როგორც ბუფერულ ზონას და მიაჩნია, რომ იმ საშიშროების ფონზე, რომელიც მოდის თურქეთიდან, უნდა საქართველო გახდეს ბუფერული ზონა და აქიდან გამომდინარე არის აფხაზეთის თემა, ანუ მეოთხე პრობლემატური საკითხი. ამ ოთხ პრობლემაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან.

№ 10. ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები”
მაგდა ანიკაშვილი:
ჩვენ ვამბობთ, რომ ნატოში გაერთიანება არ არის თვითმიზანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, როგორც ზოგმა დაგვაბრალა, რომ ჩვენ პრორუსული ძალა ვართ ან კრემლის აგენტები ვართ. არც ერთ პოლიტიკურ ან სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანება არ არის თვითმიზანი. საგარეო პოლიტკა არის საშუალება იმისა, რომ შენი პრობლემები მოიგვარო. ყველაფერი უნდა იყოს ვაჭრობის საგანი. ხისტი, ცალსახა განცხადებები, რომ რაც არ უნდა გამიკეთო, თუნდაც აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, ან აღდგეს სავაჭრო ურთიერთობები, მე შენთან არ მინდა და იქით მაქვს გზა აღებული, საქმეს მხოლოდ აფუჭებს. ჩვენ ვისაც ვხვდებით, ათიდან ცხრა ადამიანი ამბობს რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ნატოსთან ურთიერთობაზე შეიძლება რუსეთთან ვაჭრობა ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ხარჯზე

№11. საარჩევნო ბლოკი ”ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
გუგული მაღრაძე:
ევროპული ორიენტაცია, ცხადია, არის მთავარი, მაგრამ უპირველესად აუცილებელია ურთიერთობის გარკვევა რუსეთთან. ჩვენ ნათლად, ყოველგვარი დახურული მოლაპარაკებების (დახურული მოლაპარაკება რუსეთთან არასდროს იძლევა შედეგს) გარეშე უნდა ვუთხრათ რუსებს - რა უნდათ რუსებს ჩვენგან და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობა მოწესრიგდეს. ჩვენ ვუშვებთ ყველაფერს. ჩვენ ვუშვებთ იმასაც კი, რომ შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი, თუკი ამით ჩვენ მივიღებთ რუსეთის ნორმალურ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას. თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, მაშინ ჩვენ დაუყოვნებლივ ვცდილობთ, რომ ნატოში შევიდეთ და დაუყოვნებლივ ჩავაყენებთ ნატოს რუსეთის ჩრდილოეთ საზღვარზე, რაც რუსეთს ძალიან დიდ უხერხულობას შეუქმნის. ასე რომ, ქვეყანას, რომელიც გიქმნის პრობლემებს, შენც უნდა შეუქმნა დისკომფორტი.

№12 . საქართველოს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”
ელბერდ ბატიაშვილი:
ჩვენ ვართ დასავლური ორიენტაციის მომხრე, ილიაც ასე იყო. მაგრამ, ამავე დროს არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლური ორიენტაციის გარდა არსებობს ჩრდილოეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთიც. ჩვენ ვემხრობით სულხან საბას იდეას მრავალგანზომილებიანი ქართული პოლიტიკის შესახებ.
საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ორიენტაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენი ხსნა ნატოშია, ჩვენ მხოლოდ ნატოში შესვლა გვიშველის. ეს არის ქართული პოლიტიკის უალტერნატივო გზა, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ოთხი რეგიონის ქვეყანა ვართ - კავკასიური, შავიზღვისპირა, ახლო აღმოსავლეთისა და აგრეთვე კასპიის ზღვისპირა რეგიონის ქვეყანაც ვართ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG