Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ: 6 კითხვა 12 საარჩევნო სუბიექტს (მეხუთე ნაწილი)


საპარლამენტო არჩევნების წინ რადიო “თავისუფლებამ” შესაძლებლობა მისცა კენჭისყრაში მონაწილე 12-ივე საარჩევნო სუბიექტს, საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამა და გეგმები გაეცნოთ. კითხვები მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. კითხვა მეხუთე:

5. რადიო "თავისუფლება”: როგორია კონფლიქტების მოგვარების თქვენეული ხედვა. რა კონკრეტული გეგმით მიხვალთ პარლამენტში?

№ 1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პოლიტიკა”
გოჩა ფიფია:
ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ რუსებს, პირველ რიგში რუსეთის პოლიტიკურ ელიტას (ფაქტია რომ უჭირს ყველას ამის თქმა მაგრამ...) ჩვენ ვაგიჟებთ, ჩვენ ვაღიზიანებთ რას არ ვუშვბებით და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ მე არ ვარ დამცველი, და ეს გაითვალისწინონ ჩემმა ოპონენტებმა, ამ შემთხვევაში მე ვარ ობიექტური შემფასებელი და ნებისმიერი ქვეყანა რუსეთის ადგილას აფხაზეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ამით ისარგებლებდა. ღია ტექსტით გეუბნებით: იცით რა, მე უნდა განვალაგო ჩემს ქვეყანაში ის, რაც შენს თავდაცვისუნარიანობას რაღაცნაირად საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ პირდაპირ ამას ვეუბნებით როდესაც ნატოზე ვლაპარაკობთ. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, აფხაზები არიან მოსაბრუნებელი და დასაბრუნებელი და არა აფხაზეთი არის დასაბრუნებელი. იმიტომ რომ სისხლის და კიდევ ერთხელ სისხლის დამღვრელი ხელისუფლება ჩვენ არ გვჭირდება. სისხლის შემშრობი ხელისუფლება გვჭირდება ჩვენ და ამ მიწას სისხლი ჯერ არ შეშრობია, იმიტომ რომ სულ ვათბობთ ამ დასაშრობ სისხლს... არსებობს ირიბი პირდაპირი და არაპირდაპირი მიდგომები. არაპირდაპირ და ირიბად - ჩვენი ხელისუფლება მეტს არაფერს არ აკეთებს.
როგორი გაცვეთილიც უნდა იყოს და როგორ ბანალურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, პირველ რიგში ყველაზე გენიალური რაც ხელთ უპყრიათ ქართველებს, ფილოსოფიურადაც ძალიან პრაგმატულადაც, ძალიან რომანტიკულადაც და ძალიან პოლიტიკურადაც - ეს არის სიყვარულის ნიჭი და შესაძლებლობა. პირველ რიგში ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ დავარწმუნო, ან გავითავისო ან მე ვისწავლო როგორ უნდა შევიყვარო აფხაზები და და შემდეგ ისინი დავარწმინო რომ მე ისინი მიყვარს. სიყვარულს აქვს ის ძალა, რომელიც ახერხებს, იმას, რასაც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ან კიდევ ჩვენი ქვეყნის რეალობას ვუწოდებთ. რატომ? იმიტომ რომ ამ სიყვარულით იქმნება ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ და კიდევ ქმნის აი ასეთ ასპარეზს.

№ 2 საქართველოს რესპუბლიკური პარტია
დავით ზურაბიშვილი:
აქ მთავარია თანმიმდევრულობა. არ შეიძლება ერთ დღეს საომარი, ძალიან მკაცრი რიტორიკით ლაპარაკობდე და მეორე დღეს ამბობდე, რომ ვიცე პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზი. არ არსებობს ერთიანი ხედვა, სტრატეგია, გეგმა... ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული - პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა გამოვცრიცხოთ რუსეთი ამ ურთიერთობებისგან. ამისათვის საჭიროა დსთ-დან გამოსვლა, სამშვიდობო ძალების გაყვანა და პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთთან. ამას გარდა, ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ მომხიბლავი ქვეყანა. ქართველს თუ გამოაგდებ სახლიდან, მერე აფხაზს ვეღარ დაარწმუნებ, რომ მანდ რომ ჩამოვალ არ გამოგაგდებო.

№ 3, საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე - მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ე.დ.პ)”
ზურაბ ტყემალაძე:
პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ მიმზიდველი კონფლიქტური ზონებისათვის, იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მიმზიდველი და არა - მეზობელი ქვეყანა. უნდა დაინახონ, რომ ჩვენი ქვეყანა წესრიგშია და აქ ყველაფერი კარგად არის. ეკონომიკური წინსვლის პარალელურად, უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. თანაცხოვრების და თანამშრომლობის ბევრის მაგალითი გვაქვს. ყველა რესურსი უნდა ავამუშაოთ. უნდა ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ისე მათ კეთილდღეობაზე. ყველაფერს კი უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი მეთოდებით, არა - მუქარით, არა - დაშინებით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ მიუხედავად იმ ტრაგიკული მოვლენებისა, ჩვენ შევძლებთ ერთად ცხოვრებას. ბევრი აფხაზი და ოსი ცხოვრობს თბილისში და მათთან ზღვარს არავინ ავლებს ეთნიკური ნიშნით. მაშ, რატომ არის იმ ტერიტორიაზე ეს პრობლემა? სწორედ იმიტომ, რომ მას მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის მეშვეობით აღვივებენ სეპარატისტული მთავრობები. სწორედ ეს უნდა გავანელოთ დიპლომატიური სვლებით და მოსახლეობის მიმართ კეთილგანწყობის ჩადებით.

№ 4. ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
ნესტან კირთაძე და კახაბერ ძაგანია:
პირველ რიგში უნდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა, აზროვნება უნდა გვქონდეს თავისუფალი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არახალია, მაგრამ ვიტყვი, რომ ჯერ შენს ქვეყანაში უნდა მოაგვარო პრობლემები, რომ მერე შესთავაზო მათ, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, მოდი ერთად ვიცხოვროთო. ჩვენთან არ არის დაცული კერძო საკუთრება, არ მუშაობს სასამართლო, დაუცველია ბიზნესი. ეს პირველი ნაბიჯია. ამის შემდეგ კი ჩვენ უნდა პირველ რიგში დავარეგულიროთ ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. კონკრეტულად ვერ იტყვი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, უბრალოდ მთავარი პრინციპებია შესასრულებელი.


№5. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის”
დავით დარჩიაშვილი:
ერთი დიდი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუსეთის ფაქტორი, მეორე ის, რომ თვითონ რუსეთს არანაირად არ აწყობს ქართულ-აფხაზური სერიოზული, საქმეზე ორიენტირებული დიალოგი. ეს რუსეთს (იმ რუსეთს, იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც სძინავს და ესიზმრება, რომ საქართველოზე სრული გავლენა აღადგინოს და საბჭოთა საზღვრებში იყოს ისევ რუსეთი) ხელიდან აცლის ბერკეტს. ამიტომ რუსეთის გავლენა აფხაზურ და ოსურ მხარეებზე ძალიან ძლიერია და ეს მხარეები ვერანაირად ვერ გადაუხვევენ და ვერ გაადაუხვევიათ რუსული კურსისგან გვერდზე, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ეს არ მომხდარა არც ერთ შეხვედრაზე (ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობ), რომ არსებითი განსხვავება ყოფილიყო აფხაზურ და ოსურ და რუსულ პოზიციებს შორის. მეორე პრობლემა ის არის, რომ მათში - აფხაზებსა და ოსებში არის საკმაოდ დიდი უნდობლობა ქართული მხარის მიმართ. რა თქმა უნდა, როდესაც კონფლიქტი ხდება, არასოდეს არ არის, რომ ერთი მხარე იყოს სრულიად უცოდველი და მეორე ყველაფერში დამნაშავე. ასე არ ხდება ადამიანებს შორის და ქართულ მხარეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვქონდა ამ ურთიერთობებში. მერე დატრიალდა ისე, როგორც დატრიალდა. მე დღეს რა თქმა უნდა, სრულიად გულწრფელად ვამბობ, ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან (გნებავთ, ჩვენი გუნდის სუბიექტური გადმოსახედიდან) რომ ჩვენს მხარეს არის სრული სიმართლე იმიტომ, რომ აქ არის ჰუმანიტარული პრობლემა, აქ არის ტერიტორიული სუვერენიტეტის პრობლემა. ეს ჩვენ შეგველახა და ეს უნდა აღდგეს. ტაქტიკურ დონეზე, ურთიერთობების დონეზე რამდენი გადაცდომა შეიძლება ქართულ მხარეს ჰქონოდა, ეს ყველაფერი არის სალაპარაკო, აღმოსაფხვრელი, პირდაპირი დიალოგია საჭირო, 1998 წლამდე არ იყო ასე კატეგორიულად აფხაზებისგან ლაპარაკი, რომ - მხოლოდ დამოუკიდებლობა. იყო გალის მოვლენები კიდევ, ახალი ესკალაცია. ამის მერე დაიწყო ეს საუბარი. დღეს ნიშნის მოგებით თქმა, რომ მატარებელმა ჩაიარა, არა მგონია, რომ იყოს ბოლომდე დამარწმუნებელი და თვითონ აფხაზებს ბოლომდე სჯეროდეთ ამისი.

№ 6 . პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
ედიშერ მაჩაიძე:
ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და მასში დიდი როლი უნდა ითამაშოს სახალხო დიპლომატიამ. არ უნდა ვითამაშოთ წაქეზებული ყოჩის როლი. რუსეთი და ამერიკა ორი დიდი სახელმწიფოა. ეს ორი მხარე თანაბრად კონკურენტუნარიანია. თანაბარი ძალის პირობებში ჩვენ ძალიან აკურატულად ზუსტები უნდა ვიყოთ და არაფერი უნდა შეგვეშალოს. ეს ორი ქვეყანა შეიძლება გარიგდეს, როგორც მომხდარა ადრეც. შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ მოვხვდეთ მათი ინტერესების სფეროში. ჩვენ ჩვენი ავტორიტეტი უნდა გვქონდეს და ჩვენი ტრადიციით და ისტორიით დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ უბრალოდ გეოგრაფიული მდებარეობა კი არა, ქვეყანა ვართ.

№7, საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”
მანანა ნაჭყებია:
ჩვენს პროგრამაში ჩადებული გვაქვს, რომ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ უშუალო კონტაქტები სეპარატისტულ ხელისუფლებასთან. ეს არ არის კაპიტულაცია, ეს არ არის იმის აღიარება, რომ სეპარატისტებს რაიმე იურიდიული უფლება აქვთ საქართველოსთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ეს არის კეთილი ნების გამოხატვა არა ბაღაფშის მიმართ, არამედ ჩვენი აფხაზი მეგობრების, თანამოქალაქეების მიმართ, ვისთანაც ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. და მეორე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვინდა-არგვინდა რუსეთში დევს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების გასაღები. ამას აუცილებლად სჭირდება რუსეთთან პოზიციების გარკვევა. აუცილებელია რუსეთს ვუთხრათ - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთმა დათმოს თავისი პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოსავლის მოძებნა შეიძლება. და, რაც ყველაზე მთავარია, მოდით, პირდაპირ ვთქვათ - აფხაზებს, ოსებს, ჩვენს თანამოძმეებს საქართველოს ფარგლებში ცხოვრების სურვილი რომ გაუჩნდეთ, თვითონ საქართველო უნდა გავხადოთ ამისთვის მიმზიდველი ქვეყანა. საქართველოში არ უნდა ირღვეოდეს მოქალაქეების უფლებები, არ უნდა ანგრევდნენ კერძო საკუთრებას, არ უნდა აშინებდნენ ხალხს, არ უნდა ანგრევდნენ ეკლესიებს, ქუჩაში არ უნდა კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ თუ ქვეყანას გავხდით მიმზიდველს, დარწმუნებული ვარ აფხაზები და ოსები დიდი სიამოვნებით მოისმენენ ჩვენს წინადადებებს, დათანხმდებიან ყველაზე ფართო ავტონომიასა და იმ სახელმწიფო მოწყობას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ და სულ მოკლე ხანში ვიცხოვრებთ ერთად, როგორც ვცხოვრობდით.

№ 8 . ”სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
იგორ შამათავა:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღსდგება. ამისათვის კი საჭიროა ამოსავალი წერტილი გვქონდეს, საიდანაც ამ ყველაფერს დავიწყებთ. გზა, რომელსაც ახლა ვადგავართ მცდარია. იმისათვის, რომ ურთიერთობა დარეგულირდეს, ჩვენც და ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც უნდა ვცადოთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის დავიყვანოთ 1994 წლის პირველი დეკადის მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ჯარი არ იდგა და პირდაპირი დიალოგი მიმდინარეობდა ქართველებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის. მე ბევრი მეგობარი მყავს აფხაზეთში და მათთან დღესაც მაქვს კავშირი. ჩვენი ურთიერთობები არ გამქრალა და პირიქით, ახლა უფრო გვენატრება ერთმანეთი. ქართველები და აფხაზები მთელს მსოფლიოს არიან მოდებულები და სადაც არიან, ნებისმიერ ქვეყანაში ერთად არიან და ერთად აპირებენ დაბრუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე.


№9, პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
დავით თარხან-მოურავი:
ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ჩვენი და აფხაზი ხალხის ნდობაც, ძმობაც და თანაცხოვრებაც. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი ამის გაკეთების. ჩვენს რიგებშია გია შერვაშიძე, რომელიც მიღებული ადამიანია აფხაზეთში იმიტომ, რომ აფხაზთა მთავრების პირდაპირი შთამომავალია. აფხაზეთში რომ ჩადის, ხვდებიან როგორც მთავარს. ის ახლაც დადის აფხაზეთში და ”პოზიციასაც” ხვდება და ოპოზიციასაც. აფხაზს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ერთი მარტივი რაღაც - ამომავალ წერტილს გეტყვით ჩვენი ურთიერთობის - 2700 წელი ჩვენ ვცხოვრობთ იმ მიწაზე, მინიმუმ. ჩვენ და აფხაზები. ჩვენ ორივე ვართ აბორიგენი მოსახლეობა. აფხაზი ეთნოსი შენარჩუნდა ამ 2000 წლის განმავლობაში, ანუ ის არ გაქრა. ეს არის გარანტი იმისთვის, რომ ჩვენ არა ვართ ერი რომელიც ასიმილირებას ახდენს. სოჭი გადავეცით ჩვენ 30-იან წლებში რუსეთს და 25 წლის მერე იქ მთლიანად ასიმილირება მოხდა. დღეს აფხაზს აქვს შეგნებული, რომ რუსეთი მისი ეთნოსისთვის სერიოზული პრობლემაა. ნდობა უნდა აღდგეს აფხაზებსა და ქართველებს შორის და რუსეთის ფაქტორის განეიტრალება უნდა მოხდეს. მაგრამ, პირველ რიგში ჯერ ჩვენ და აფხაზებმა უნდა მოვძებნოთ გზა. არ არის სწორი, რომ აფხაზებს თავი დავანებოთ, რუსებთან გადავწყვიტოთ საკითხი და გადაწყდება აფხაზეთის საკითხი.

№ 10 ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები”
მაგდა ანიკაშვილი:
რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა წარმოუდგენელია. ასევე წარმოუდგენელია აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემების გადაჭრა ძალისმიერი გზის გამოყენებით. მეორე ომს საქართველო ვერ გადაიტანს. დიპლომატიას თავისი რესურსი არ ამოუწურავს და თუ მართლაც პროფესიულ დონეზე იქნება წარმოებული მოლაპარაკებები, შედეგებიც უკეთესი შედეგი მოჰყვება. ოღონდ ამ ყველაფერს ცოდნა უნდა, დღეს კი ეს ყველაფერი ფორმალობაა. შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, რომ ადამიანური რესურსი არ არის გამოყენებული სათანადო დონეზე. ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, დევნილებზე მეტად არავინაა დაინტერესებული ამ საკითხის გადაჭრით და მათ ინტერესებშია აგრეთვე, რომ მეზობლებთან, მათთან, ვისთანაც ერთად უნდა იცხოვრონ, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ურთიერთობის აღდგენაა საჭირო, ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებზე საუბარი, რომ ამ ადამიანებმა ურთიერთობა გარკვიონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე სხვა მუშაობაა საჭირო, მაგრამ თუნდაც ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

№11, საარჩევნო ბლოკი ”ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
გუგული მაღრაძე:
ჩვენს ბლოკს აქვს ძალიან კონკრეტული და რეალისტური ხედვა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტისა. რა არის მთავარი აფხაზების დამოკიდებულებაში ამ საკითხის მიმართ? მათ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტია და იმის გარანტია, რომ მათი ეთნოსი დაცული იქნება ყოველთვის. ამისათვის ძალიან სარგებლიანია შეთავაზება ორსუბიექტიანი სახელმწიფოსი, რომელსაც ქვია ”ქართველთა და აფხაზთა ქვეყანა”, ან ”ქართველთა და აფხაზთა რესპუბლიკა”. ასეთი ტიპის გაერთიანება, სხვათაშორის, მოხდა ათასი წლის წინ. ჩვენ თუ გვექნება ასეთი სახელმწიფო, სადაც აფხაზი ნახავს, რომ თვით ქვეყნის დასახელებაში არის მისი სახელი, სადაც იქნება გარანტია იმისა, რომ აფხაზი იქნება პირველი პირი ყოველთვის ამ ქვეყანაში და გარდა ამისა, აფხაზს ექნება არჩევნების დროს ცოტა უპირატესი კვოტა იმის გამო, რომ ის რიცხობრივად ცოტაა, მაგრამ არის ადგილობრივი ეთნოსი, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიები აფხაზებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ეს კონსტრუქციული წინადადება ყველა სხვა ფაქტორებთან ერთად იქნება შეთავაზებული, აფხაზები ამაზე წამოვლენ, რადგან აფხაზებს ზუსტად იმისკენ აქვთ ლტოლვა, რომ მათი დამოუკიდებლობა რაღაცნაირად აისახოს. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ასახვა და გაქარწყლება მათი უნდობლობისა და შიშისა, რომელიც მათ ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ოსეთის მიმართ დამოკიდებულება სხვა არის. ოსებს ჩვენ ვპირდებით ფართო კულტურულ ავტონომიას და გაფართოებულ თვითმმართველობას. ოსებს აქვთ თავისი სახელმწიფო. ასე რომ, ოსეთის დაკარგვის და სახელწოდების გაქრობის საშიშროება არ არის. გარდა ამისა, ოსეთი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის პოლიტიკაზე მაშინ, როცა აფხაზებს თავისი ისტორიული წარმომავლობის, თუ თვისებების გამო, საკმაოდ აქვთ დამოუკიდებლობის ფაქტორი და უნარი წინ აღუდგნენ ძალიან ზედმეტად მოხვეულ დათრგუნვას მისი დამოუკიდებლობისა. ჩვენ სწორედ ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ აფხაზებთან ურთიერთობაში.

№12 . საქართველოს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”
ელბერდ ბატიაშვილი:
აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე. გვინდა თუ არ გვინდა, ჩრდილოეთით დიდი მეზობელი გვყავს, რომელთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა გვქნოდეს. რუსეთთან ომი შეუძლებელია. ადვილი რომ იყოს, ჩინეთს ვერავინ დაასწრებდა. აქაც ილიას სიტყვებს უნდა მივყვეთ და აქტიური ლოდინის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG