Accessibility links

logo-print

რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან


21 მაისს დილის რვა საათიდან საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს ირჩევდნენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან ერთი ნახევარი მაჟორიტარული წესით, ხოლო მეორე ნახევარი პროპორციული წესით აირჩევა. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება ყველა ის პარტია და ბლოკი, რომლებიც დაძლევენ საარჩევნო ბარიერს, ანუ მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების ხუთ პროცენტზე მეტს. რა ხდებოდა საარჩევნო უბნებში მთელი დღის განმავლობაში? რა იმედებს უკავშირებენ თბილისელები 21 მაისის არჩევნებს?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 15-ე უბანში, რომელიც მიცკევიჩის ქუჩაზე საფინანსო კოლეჯის შენობაშია განთავსებული, 1400-მდე ამორჩეველია რეგისტრირებული. მათ შორისაა ქალბატონი ეთერ ჯავახიშვილი, რომელიც ხმის მისაცემად ოთხი წლის შვილიშვილთან ერთად მივიდა.

[ეთერ ჯავახიშვილის ხმა] „მე მინდა, რომ ყველაფერი კარგად განვითარდეს, ყვლანაირად ხელი შევუწყოთ, რომ ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მაგრამ რა მოხდება, არავინ არ იცის, თუმცა ძალიან გვაინტერესებს.“

ეთერ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ხმის მიცემამდე ათიოდე წუთი რიგში მოუწია დგომა. ამომრჩეველთა აქტიურობის ფაქტს ადასტურებს საუბნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ წეროძეც, რომლის მითითებით, კომისიის ქალბატონი წევრები უბანში მისულ ამომრჩეველთა ნაკადს აწესრიგებდნენ.

[ქალბატონის ხმა] „ხუთასიდან რვაასამდე აქეთ მობრძანდეს. თქვენ რა ნომერი ხართ?“

[ზურაბ წეროძის ხმა] „უბანზე გვყავს 1374 ამომრჩეველი. 11 საათისთვის უკვე მოსულია 330 ამომრჩეველი. აქტიურობა დილიდან არის ძალიან მაღალი. სიწყნარეა, სიმშვიდეა და ერთი სიტყვით, ვმუშაობთ. გაუგებარი არფერი ხდება. ზოგიერთი გამოუცდელი თუ ატეხავს ყვირილს, მაგრამ რომ აუხსნიან, წყნარდება“.

საყვირალი და სალანძღავი არაფერი შეუნიშნავს ლამარა სომხიშვილს - დამკვირვებელს ოპოზიციური „ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობიდან.

[ლამარა სომხიშვილის ხმა] „რა ვიცი, ჯერჯერობით ნორმალურად მიდის ყველაფერი, მაგრამ ხალხი დგას გარეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები... რათ უნდათ ეს. გამაღიზიანებელია. გუნდ-გუნდად დგანან ეზოში“.

მეთხუთმეტე უბნისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების შეკრება ხმაურით დასრულდა 64-ე უბანზე, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული განმარტებები გაავრცელეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტის“ ლიდერებმა. გიგი წერეთელსა და თინათინ ხიდაშელს მოუსმინეთ.

[გიგი წერეთლის ხმა] „ძალიან სერიოზული დარღვევები იყო თბილისში, 66-ე უბანზე, სადაც ქალბატონი თინათინ ხიდაშელი და მისი საარჩევნო შტაბის წევრები ცდილობდნენ გარკვეული ზეწოლა მოეხდინათ კომისიის წევრებზე, თითქოს იყო დარღვევები და ამას მოჰყვა საკმაოდ სერიოზული შეხლა-შემოხლა და ერთი ადამიანი დაშავდა კიდეც“.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „66-ე უბანზე იყო პირველი მცდელობა კარუსელის. მიყვანილი იყო 40 ადამიანი ერთსა და იმავე დღეს გაცემული მოწმობებით. ეს ის ხალხია, რომელზეც ვლაპარაკობდით მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ 4 000 ყალბი პირადობის მოწმობა გაიცა საბურთალოში. მათ მისცეს ხმა და მათთვის ჩვენ ხელი არ შეგვიშლია, მაგრამ მე ვიყავი კამერით მისული და მე გადავიღე მათი პირადობის მოწმობები, რომლებიც შევადარეთ ამომრჩეველთა სიებს. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი 5 იანვარს ხმას აძლევდა ნაწილი გლადნში, ნაწილი გარდაბანში და ნაწილი სიღნაღში“.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ერთმანეთის გამომრიცხავი არაერთი ინფორმაცია გავრცელდა დღის განმავლობაში. გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, წალენჯიხაში ოპოზიციის აქტივისტი, გერონტი კაცია პოლიტიკური მოტივით მოკლეს.

[დავით გამყრელიძის ხმა] „ეს არის პირველი მსხვერპლი ამ არჩევნებისა და ეს არის ამ ხელისუფლების სინდისზე“.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გერონტი კაციას მკვლელობას კავშირი არ აქვს არჩევნებთან. მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის თქმით, სამინისტროს დღის განმავლობაში არაერთი ინფორმაციის გადამოწმება უწევდა.

[ეკა ზღულაძის ხმა] „სამართალდამცავი სტრუქტურები სრულიად მობილიზებულია და გულმოდგინეთ აკვირდებიან სიტუაციას ნებისმიერ ინციდენტზე მყისიერი რეაგირების მიზნით, თუმცა სასიამოვნოა, რომ ამ მომენტისათვის ხუთიოდე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რაც ქვეყნის მასშტაბით, ანუ 3558 უბანთან მიმართებაში 0,2 პროცენტზე ნაკლებია“.

თუმცა, არჩევნებში გამოვლენილი დარღვევის სიმრავლეზე ამახვილებენ ყურადღებას ადგილობრივი დამკვირვებლები. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი თამარ ქაროსანიძე ამბობს, რომ ქვემო ქართლის მხარეში არჩევნებმა უხეში დარღვევების გარეშე ვერ ჩაიარა.

[თამარ ქაროსანიძის ხმა] „ყველაზე მეტი დარღვევის შესახებ ინფორმაცია მოგვდის მარნეულისა და გარდაბნის რაონებიდან. რამდენიმე ამომრჩეველი ერთად შედის ხმის მისაცემ კაბინაში და ასეთი დარღვევას კომისიის წევრები არ აღკვეთენ ხოლმე და პირიქით, როცა მიუთითებენ დამკვირვებლები, კომისიის წევრები უფრო აგრესიულები ხდებიან. არის შემთხვევები, როცა კომისიის წევრები მიყვებიან ამომრჩევლებს ხმის მისაცემ კაბინაში და აძლევენ მითითებებს, რომელი პარტია და მაჟორიტარი კანდიდატი შემოხაზონ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე მოველოდით."

თამარ ქაროსანიძისაგან განსხვავებით, 21 მაისის არჩევნებს კვლავ იმედიანად უყურებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ორგანიზებული, მშვიდი არჩევნების ჩატარება - ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდის ჩაბარება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხისა. ეს იქნება სიურპრიზი დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ გვიყურებს. მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალური თანამშრომლობის რეჟიმში იმუშაონ, არ დაუშვან არანაირი დარღვევები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ერვონული უსაფრთხოების, ღირსების, ჩვენი მომავლის საკითხი“.

ასევე საინტერესოა, რას მოელიან 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისგან თბილისელები, რომელთა აქტიურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული არჩევნების ხარისხი, საარჩევნო სუბიექტებისა და ქვეყნის მომავალი.

[მამაკაცის ხმა] „მოლოდინი გვაქვს: კარგი ცხოვრება უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში“.

[მამაკაცის ხმა] „ველით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. ველით სტაბილურობას - მეტი რა უნდა ვთქვა?“

[ქალბატონის ხმა] „ველოდები, რომ შეიცვლება უკეთესობისკენ. ხალხი ძალიან გაჭირვებულია. როგორმე უნდა გამოვიდეთ ასეთი მდგომარეობიდან და უნდა იყოს მშვიდობა. ეს მაინტერესებს პირველ რიგში და ყველაფერი მშივდობიანად ჩამრთავდეს“.
XS
SM
MD
LG