Accessibility links

logo-print

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "ჩვენ საარჩევნო პოლიცია არა ვართ". ინტერვიუ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პრესმდივანთან


დეიზი სინდელარი, პრაღა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტებულ უცხოელ მეთვალყურეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს ჰყავს.

ეუთოს შვილობილმა ორგანიზაციამ საქართველოში 550-მდე მეთვალყურე მოავლინა. რაზე ამახვილებენ ყურადღებას ვარშავაში მოქმედი ამ უწყების თანამშრომლები? წინა არჩევნებთან შედარებით რის შეცვლას აპირებენ კენჭისყრის პროცესზე მეთვალყურეობისას? რა ინსტრუმენტები უპყრიათ ხელთ საჩივრებისა თუ ბრალდებების გადასამოწმებლად? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რადიო “თავისუფლება” დაუკავშირდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პრესმდივანს იენს-ჰაგენ ეშენბეხერს.

რადიო "თავისუფლება": დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 21 მაისის არჩევნების წინ ორი საშუალედო ანგარიში გამოაქვეყნა. რა დადებითსა და უარყოფით ტენდენციებს გამოყოფდით არჩევნებისთვის საქართველოს მზადების პროცესში?

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "მუდამ ძნელია შუაგულ პროცესში ზოგადი შეფასებების გაკეთება. მაგრამ იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჯერჯერობით დადებითად მივიჩნიეთ, უთუოდ არის კამპანიის აქტიური მიმდინარეობა. ეს შეიძლება ითქვას როგორც სამთავრობო პარტიაზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც ძალიან აქტიურ კამპანიას წარმართავენ, თუმცა ზოგჯერ უაღრესად მკვეთრ გამოთქმებსაც არ ერიდებიან. დავინახეთ, რომ საკმაოდ კარგად არის საქმე მედიაში გაშუქების მხრივაც. კერძოდ, საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო გაწონასწორებული პოზიცია აირჩია."

რადიო "თავისუფლება": თუ შეიძლება, უარყოფით მხარეზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "რაც შეეხება უარყოფით მხარეს, არაერთი ბრალდება გამოითქვა საჯარო მოხელეების მხრიდან მუქარისა თუ კამპანიაში უკანონო მონაწილეობის შესახებ; არის ცნობები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზეც. მისიამ დაადგინა, რომ ამ ბრალდებათა ნაწილი სინამდვილეს შეესაბამება, ვცდილობთ დანარჩენი შემთხვევების გამოძიებასაც. აღსანიშნავია, რომ არაერთი ოფიციალური საჩივარი და მოწოდება გაეგზავნა საარჩევნო ადმინისტრაციას და ვერ ვიტყვით, რომ მათზე რეაგირება ყველა შემთხვევაში სათანადო იყო."

რადიო "თავისუფლება": გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნება. მისი ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს. ზოგიერთის აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლები გაყალბებაზე იმისთვის საუბრობენ, რათა საკუთარი პოზიციები განიმტკიცონ. ცხადია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მოვალეა, გაყალბების ბრალდებები გამოიძიოს. მაგრამ ეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა, ამასთანავე, მეთვალყურეობა გაუწიოს პოლიტიკური მეტოქეების პოტენციურად ყალბ ბრალდებებს?

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "ნებისმიერ საარჩევნო მისიას ეგზავნება საჩივრები და ცნობები დარღვევების შესახებ. და რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობთ, მათი საფუძვლიანობა დავადგინოთ. ცხადია, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ამავე დროს, მუდამ ვიმეორებთ, რომ ჩვენ არა ვართ საარჩევნო პოლიცია. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი მთავარი ამოცანაა იმაზე მეთვალყურეობა, რაც ხდება. ხოლო რაც შეეხება სერიოზულ დარღვევებსა და უკანონო საქმიანობას, ასეთი შემთხვევების გამოძიება ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანიზაციებისა და სასამართლო სისტემის საქმეა. ჩვენ არჩევნებისა და კამპანიის მიმდინარეობის გარშემო საერთო სურათს ვაკვირდებით და, ბუნებრივია, თუ დავადგინეთ, რომ საქმე გვაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ან დაუსაბუთებელ ბრალდებებთან, ეს უთუოდ ჰპოვებს ასახვას არჩევნების ჩვენეულ შეფასებაზე."

რადიო "თავისუფლება": საერთოდ, როგორ ამოწმებთ, რამდენად დასაბუთებულია ესა თუ ის ბრალდება?

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "თუ საჩივარს ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი გამოთქვამს, საარჩევნო ადმინისტრაცია მოვალეა, ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, რამდენად დასაბუთებულია ბრალდება. ჩვენ ვესწრებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს, რომლებზეც ეს საჩივრები განიხილება. ჩვენი ამოცანაა, განვსაზღვროთ, რამდენად სწორად განიხილავს საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრებს და საკამათო საკითხებს - რამდენად შეესაბამება განხილვის პროცესი შესაბამისი ქვეყნის წესებსა და კანონებს. ჩივილის უფლება ყველას აქვს. თუ საჩივარი საფუძვლიანია, ის უნდა განიხილონ, თუ არა - უნდა უარყონ. ვფიქრობ, უნდა შეგეძლოს, დაეყრდნო იმ პასუხისმგებელი უწყებებისა და ინსტიტუტების დასკვნებს, რომლებსაც ამ საკითხების განხილვა ევალებათ."

რადიო "თავისუფლება": ეუთო და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდნენ იანვარში, როცა კენჭისყრის მეორე დღეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითი შეფასება მისცეს, მერე კი, როცა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება დადასტურებულ იქნა, მეტი და მეტი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს. რამდენად საფუძვლიანი იყი კრიტიკა? აპირებთ თუ არა რაიმეს შეცვლას ახლა, საპარლამენტო არჩევნების დროს?

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი: "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი წინასწარი განცხადება, რომლის თანახმადაც არჩევნები ძირითადად აკმაყოფილებდა ეუთოს მოთხოვნათა უმრავლესობას. ამ განცხადებაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასება - რომელიც საპარლამენტო დელეგაციებმაც გაიზიარეს - ნიუანსირებული იყო. წინასწარი განცხადება შეიცავდა მინიშნებებს დარღვევებზე, რომლებიც - მეტი და მეტი ინფორმაციის მიღების შემდეგ - უფრო დეტალურად იქნა ჩამოყალიბებული საშუალედო დასკვნაში, შემდეგ კი, ცხადია, საბოლოო დოკუმენტშიც. მაგრამ რამდენიმე დარღვევაზე ჯერ კიდევ წინასწარ მოხსენებაში იყო საუბარი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე ყველას, ჩვენი განცხადებები მთლიანად წაიკითხონ და არ დაკმაყოფილდნენ პრესრელიზის მოკლე ტექსტით."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG