Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წარიმართა კენჭისყრის პროცესი სასჯელთაღსრულების დაწესებულებებსა და სხვა სპეციალურ საარჩევნო უბნებში


წინასწარი დაკავების იზოლატორები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ისევე როგორც საჯარისო ნაწილები, სპეციალურ საარჩევნო უბნებად ითვლება.

გასულ არჩევნებზე, განსაკუთრებით სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში, სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიამ ამომრჩეველთა უფლებების უხეში დარღვევები აღმოაჩინა. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ან ამომრჩეველთა სიის უქონლობა. საკითხავია, როგორ წარიმართა ამჟამად კენჭისყრის პროცესი სპეციალურ საარჩევნო უბნებში.

საქართველოს მასშტაბით, სულ 72 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი. მათ შორისაა სასჯელთაღსრულების დაწესებულებების, წინასწარი დაკავების იზოლატორები. უბნების სპეციფიკის მიუხედავად, იქ ჩვეულებრივი საარჩევნო კომისია მუშაობს, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ასეთი სპეციალური უბნები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებსა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ისეთ პაციენტებს ემსახურება, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ. კენჭისყრის პროცედურა სტანდარტულია, გარდა ერთისა:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”ასეთ უბნებში ყუთები დაილუქება კენჭისყრის შემდეგ და გადავა სხვა უბანზე, ჩვეულებრივ უბანზე, რომელზეც ის არის მიმაგრებული და იქ მოხდება დათვლა. ძირითადი მიზანი ეს არის ის, რომ სპეცუბანზე თავიდან ავირიდოთ ადმინისტრაციის ზეწოლა.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ მექანიზმისა, სპეციალურ საარჩევნო უბანზე, ხელვაჩაურის რაიონში, მესამე საპყრობილეში, კენჭისყრის პროცესის უხეში დარღვევა აღმოაჩინა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ:

[მედეა ვასაძის ხმა] ”ნომერ მესამე საპყრობილეში ხმას აძლევდნენ თანამშრომლები და ფაქტის გადამოწმებამ დაადასტურა ეს. 50 თანამშრომელს უკვე მიცემული ჰქონდა ხმა, რასაც კანონი კატეგორიულად კრძალავს.”

ამასთან დაკავშირებით მედეა ვასაძემ საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის 84-ე საარჩევნო ოლქში. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ფრიდონ ბაქანიძის განცხადებით, მესამე საპყრობილესთან დაკავშირებული საჩივარი არაფრით დასტურდება. სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში არჩევნების პროცესს აკვირდებიან ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მეთვალყურეები. მაგრამ ამ ორგანიზაციის ლიდერს თამარ ქაროსანიძეს კენჭისყრის დასრულებამდე ხელვაჩაურის შემთხვევის კომენტირება გაუჭირდა:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] ”არ აქვთ დამკვირვებლებს უფლება, რომ მობილური ტელეფონით ისარგებლონ ციხეებში და ჯერ იქ არ დასრულებულა ხმის მიცემა. ერთადერთი არის ინფორმაცია, რომ ციხეებში არის გამოცხადებული ყაზარმული მდგომარეობა და ციხის თანამშრომლები სამსახურში აძლევენ ხმას.”(სტილი დაცულია)

ამ ფაქტის გარდა, თამარ ქაროსანიძე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სპეციალურ უბნებში აღმოჩენილი სხვა კანონდარღვევების მსგავს პრობლემებზე საუბრობს. კერძოდ კი, შეგახსენებთ, რომ მაშინ დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ მოქალაქეებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. ახლაც ერთ-ერთი სპეციალური საარჩევნო უბნის 36 ამომრჩევლიდან პირადობის მოწმობა მხოლოდ 22-ს აღმოაჩნდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ პრობლემის მოგვარება სცადა. კომისიის სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის კომენტარი:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”ცესკომ, თუმცა ეს არ არის მისი ვალდებულება, უფლებამოსილი იყო ეშუამდგომლა და, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და არის ამომრჩეველი, მათ დაუბრუნდათ პირადობის მოწმობები, რათა შეძლონ ყველა პროცედურის გავლა და ხმის მიცემა.”

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის წინასწარი დაკავების 6 იზოლატორში ჩატარდა.
XS
SM
MD
LG