Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები


21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოაჩინეს ადგილობრივმა თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა.

მარკირების პროცედურის დაუცველობა, პირადობის მოწმობების უქონლობა, ხმის მიცემის კონფიდენციალურობის დარღვევა თუ თავად დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში აისახა. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულად აფასებენ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ახორციელებდა, რომელთა ერთმა ნაწილმა უკვე გამოაქვეყნა კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების შედეგები. მათ შორისაა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. თავდაპირველად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელს თამარ ქაროსანიძეს მოვუსმინოთ, რომელიც 23 საარჩევნო უბანში, დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტების გარდა, სხვა ტიპის დარღვევებზეც საუბრობს:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] ”შემდეგი არის ტიპოლოგია ძირითადი დარღვევევბისა...”

დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერმა გიორგი ჩხეიძემაც აღნიშნა და ყურადღება სხვა ტიპის დარღვევებზეც გაამახვილა:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”დარღვევები დღის განმავლობაში ნაკლებად დაფიქსირდა თბილისში, უფრო მეტად დაფიქსირდა რეგიონებში...”

ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრებზე ადეკვატურად რეაგირებს. კომისიის სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მან, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების საფუძველზე, გაუქმებულად გამოაცხადა 14 საარჩევნო უბნის შედეგები:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”უბნებში იყო არასტაბილური ვითარება, რაღაც ექსცესებს ჰქონდა ადგილი...”

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციების უმოქმედობაზე საუბრობს არჩევნების კიდევ ერთი ადგილობრივი მეთვალყურე ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის - ლიდერი უჩა ნანუაშვილი:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”არსებობდა მრავალი საჩივარი, რომლებიც კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ არ მიიღეს...”

უჩა ნანუაშვილის ორგანიზაციის შეფასებისგან რადიკალურად განსხვავდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. მისიის ხელმძღვანელის ნაურიზ აიდაროვის კომენტარი:

[ნაურიზ აიდაროვის ხმა] ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის 21 მაისის არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს ღიად და საჯაროდ.”

21 მაისის საპრლამენტო არჩევნები შეაფასა კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ შორის, ლიტვის პარლამენტის დამკვირვებელთა ჯგუფმა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მისიამ. ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა და ლიტვის პარლამენტის წევრმა ანტანას ვალიონისმა განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესის დროს მცირე ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს:

[ანტანას ვალიონისის ხმა] ”ეს კარგი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ჩვენ აქ დავინახეთ გარკვეული პოზიტიური ძვრები პრეზიდენტის არჩევნებთან შედარებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. ასევე, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ზოგიერთ კონკრეტულ უწესრიგობას, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში, საქართველო წინ წავა დემოკრატიული გზით.”

აი, ასეთი მრავალფეროვანია რამდენიმე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებები. სულ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 31 ადგილობრივი და 60-მდე უცხოური ორგანიზაცია, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდნენ.
XS
SM
MD
LG