Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წევრები ვიზიტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ


არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ოფიციალურ ვიზიტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ.

პრეზიდენტი სააკაშვილი ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად კიევს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დაიწყო თავისი ევროპული ტურნე - 23 მაისს ბრიუსელში გაემგზავრა.. ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გერმანიაში წავიდა, სადაც ამ დღეებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება; პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კი ბელორუსიას - მინსკს - ესტუმრა.. ვიზიტის მოტივი დსთ-ს ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სხდომაში მონაწილეობის მიღება იყო..

კიევში ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტებმაც მოიყარეს თავი.. მიზანი შავი ზღვის, კასპიისა და ბალტიის ენერგეტიკული თანამეგობრობის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კურსი ბრიუსელისკენ აიღო ევროკავშირში დაგეგმილი შეხვედრების განსახორციელებლად. ბერლინში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია უნდა გაიმართოს, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე და საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრებს.. პრემიერ - მინისტრი ლადო გურგენიძე კი, როგორც უკვე აღვნიშენთ, მინსკში გაემგზავრა დსთ-ს ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.. დსთ-ს ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სხდომაზე დასასწრებად მინსკს რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ესტუმრა ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც თავისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ თანამეგობრობას დაუკავშირა.. ესაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს დაარსების გადაწყვეტილება. სააგენტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაექვემდებაროს და, როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, ის თანამეგობრობის სივრცეში ეკონომიკური მიმართულებით რუსეთის ინტერესების გატარებისთვის იმუშავებს...”რუსეთში აცნობიერებენ, რომ ბიზნესი შეიძლება იქცეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების უმთავრეს იარაღად”,-წერენ რუსი ანალიტიკოსები... თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა შეკრებაზე, ცხადია, განსაკუთრებული აქცენტები ეკონომიკურ საკითხებზე დაისმებოდა. მაგრამ ჩვენ ყურადღებას საქართველოსთვის საინტერესო სხვა საკითხზე გადავიტანთ... შექმნის დღიდან მკვდრადშობილად მონათლული თანამეგობრობისადმი საქართველოს აქვს ისეთი განსაკუთრებული პრეტენზიები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტუალურობას არ უკარგავს შეკითხვას, რა დარჩენია საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში? თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ამას წინათ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ღირს ფიქრი იმაზე, დარჩა თუ არა გაერთიანებას გამოსაყენებელი რესურსი:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ”ჯერ კიდევ ღირს ამის გაანლიზება. თუ მივალთ დასკვანდე, რომ ამ ორგანიზაციას არაფერი სარგებელი არ მოაქვს, არ იქნება დაბრკოლება გადაწყვეტილების მიღებისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ სურათი ნათელი, შესაძლოა, არ იყოს. ამდენად, მაინც ღირს გამოვიკვლიოთ, რამდენად არის შესაძლებლობა ამ ორგანიზაციის გამოყენების. ” (სტილი დაცულია)

მაინც რისთვის ღირს მოცდა და რა არის გამოსაკვლევი? რა აბრკოლებს საქართველოს ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთმა, მაგრამ დომინანტმა წევრმა, რუსეთმა, ღია უარი თქვა თანამეგობრობის მეთაურთა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზე, განეხორციელებინა სანქციები საქართველოს ტერიტორიაზე ერთი, თვითგამოცხადებული, რესპუბლიკის მიმართ? პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის აფხაზეთის თანამეგობრობის ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ჯარია:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”პირველ რიგში სამშვიდობოების პრობლემაა გადასაწყვეტი. თუ მივიღებთ ოქტომბერში გადაწყვეტილებას ჩანაცვლების საკითხზე, ასეთ შემთხვევაში მეტი თავისუფლება გვექნება დსთ-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად შეზღუდულები ვართ. ”(სტილი დაცულია)

მალაშხიამ ოქტომბერი ახსენა, რადგან ოქტომბერში აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია აქვს მისაღები.. საქართველოს პარლამენტის წევრი იტოვებს იმედს, რომ ამ დროისთვის გადაწყდება აფხაზეთში თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სახელით მყოფი რუსეთის ძალების ჩანაცვლების საკითხი. შოთა მალაშხია ხაზგასმით ამბობს, რომ კოლექტიური ძალების საფარქვეშ ერთი სახელმწიფოს სამშვიდობო ძალის არსებობა საქართველოს კონფლიქტურ ზონაში თავისთავად დარღვევაა.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის წინ მოსთხოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოს კონსულტაციების დაწყება იმისთვის, რომ აფხაზეთში სამშვიდობო მისიას სწორედ კოლექტიური ძალები ახორციელებდნენ და არა ერთი ქვეყნის, რუსეთის, წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG