Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მესამე დღეს, როცა უკვე გამარჯვებული ზეიმობს და დამარცხებული თავის


არჩევნების მესამე დღეს, როცა უკვე გამარჯვებული ზეიმობს და დამარცხებული თავის სტრატეგიას სახავს და თან მეთვალყურეები პირველ დასკვნებს აქვეყნებენ,

უცხოელ ჟურნალისტებსაც მიეცათ უფრო მეტი საშუალება, ილაპარაკონ საქართველოზე.

ჩეხეთში გამომავალი ყოველდღიური “ლიდოვე ნოვინი” მეცხრე გვერდზე ბეჭდავს ადამიანის უფლებების დამცველის პეტრა პროხაზკოვას სტატიას სათაურით “საქართველოს “არასრულყოფილი” არჩევნები”. მისი ცნობით, რუსეთისა და დასავლეთის გავლენათა სფეროს საზღვარზე მყოფ ამ ქვეყანაში ხელისუფლების სადავეები კვლავ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელში დარჩა. პროხაზკოვა მკითხველს ამცნობს, საპროტესო აქციაზე, რომელსაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია აწყობდა, მივიდა ათასამდე ადამიანი, რომლებმაც ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩის მოსკოვიდან რეპორტაჟს უყურეს ერთადო. მას მოჰყავს მეთვალყურეთა დასკვნაც, რომ იყო დარღვევები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

გაზეთი “ფაინენშელ ტაიმსი” თავის მკითხველს ამცნობს საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიებს - ამასთან, ახასიათებს არჩევნების წინა ვითარებასაც. მას მოჰყავს მეთვალყურეთა უკვე ცნობილი შეფასებები, მათ შორის, ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის ხელმძღვანელის ჟოაო სოარეშის ნათქვამი, რომ არჩევნები არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იყო წინსვლა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.

შვეიცარიის “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად აშკარა გამარჯვება მოიპოვა. დაქსაქსულ ოპოზიციას არ სჯერა მარცხისა და პროტესტებით იმუქრება, განაგრძობს გაზეთი, უცხოელი მეთვალყურეები კი არჩევნებს შერეულ ქულებს უწერენო. მაგრამ, წერს გაზეთი, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მთავრობის აშკარა გამარჯვება ხალხის კმაყოფილების გამოხატულებაა.


“ნიუ იორკ ტაიმსი” გვაუწყებს საერთაშორისო მეთვალყურეთა დასკვნას, რომ არჩევნები არ იყო სრულყოფილი, თუმცა, წინა კენჭისყრებთან შედარებით, მან აჩვენა განვითარება. მას მოჰყავს “გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნათქვამი, რომ სააკაშვილმა რაიმე უნდა იღონოს, რათა აღდგეს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, და იქვეა ციტირებული პრეზიდენტი, რომელსაც უთქვამს, ხალხი მზად არის ჩემს მთავრობას კიდევ ერთი შანსი მისცესო.

ბრიტანულ გაზეთ “ინდეპენდენტში” დაბეჭდილ წერილში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ მოიგო არჩევნები, თუმცა, ოპოზიციის თანახმად, იყო გაყალბება და დაშინება. “ინდეპენდენტის” აზრით, ოთხშაბათის არჩევნები დემოკრატიის ტესტად მიიჩნევა მას მერე, რაც ნოემბერში პოლიციამ ძალა იხმარა მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

გერმანული “ფრანკფურტერ ალგემაინე”, არჩევნების შესახებ საერთო ინფორმაციის გარდა, იუწყება, რომ წინა დღით, სამშაბათს, პარლამენტის თამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ტოვებს ამ პოსტს, საქართველოს დემოკრატიის ჭრილობას მარილი მოაყარა თამამი ნათქვამით: როცა მეგონა პარლამენტის ყველა სადავე ხელთ მეპყრა, წლების განმავლობაში ვერ მოვახერხე საქართველოს პოლიტიკაში დეპუტატებისთვის მათთვის შესაფერისი როლი მიმენიჭებინაო. ამით ბურჯანაძე, გაზეთის თანახმად, შეუერთდა საქართველოს ოპოზიციის მხრიდან სისტემატურ კრიტიკას.

ჟურნალმა “ეკონომისტმაც” დაუთმო წერილი საქართველოს. მასში აქცენტი რუსეთთან ურთიერთობაზეა. სტატიის ავტორის დაკვირვებით, ძნელად მოიპოვება უფრო იმპულსური ლიდერი, ვიდრე სააკაშვილია, მაგრამ მან მოულონელი თავშეკავებით განაცხადა, სიმშვიდეს ვინარჩუნებდით, რათა ჩაგვეტარებინა არჩევნები, გაგვეგრძელებინა რეფორმები და გვეჩვენებინა, რომ ვართ დემოკრატებიო. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთს ნება მივცეთ, თავს მოგვახვიოს თავისი დღის წესრიგიო. სტატიის ბოლოს ავტორი, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ნატოსთან ურთიერთობას განიხილავს, აცხადებს, რომ ამ დაპირისპირების შედეგი არა მარტო საქართველოს მომავალს განსაზღვრავს, არამედ იმასაც, თუ როგორ რუსეთთან ექნება ურთიერთობა დასავლეთს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG