Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები: როგორ აფასებენ მათ უცხოელები?


საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ ოპოზიციასა და მის მომხრეებს სრული უნდობლობა რომ აქვთ, კარგად ჩანდა არჩევნებამდე,

როცა წინასწარ უკვე მისი გაყალბების შესახებ ლაპარაკობდნენ. არჩევნები ჩატარდა. საბოლოო შედეგები აწი გამოცხადდება, მაგრამ ვინ გაიმარჯვა, უკვე ცნობილია. დამარცხებულ ოპოზიციურ პარტიებს კი - მათ მეორე, მესამე და ასე შემდეგ ადგილებზე გასული შეიძლება ვუწოდოთ - ეჭვი არ ეპარებათ, რომ დარღვევებს ფართო მასშტაბი ჰქონდა. ამ ორ განსხვავებულ პოზიციას თითქოს უნდა აწონასწორებდეს მესამე ძალა, უცხოელი მეთვალყურეები და უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მეთვალყურეთა დასკვნების საფუძველზე გამოხატავენ თავიანთ აზრს. მინდა ზოგიერთი უცხოელი ექსპერტისა თუ პოლიტიკოსის განცხადება გაგაცნოთ.

ჯერ თეთრი სახლის წარმომადგენელს მოუსმინეთ.
ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ტომ კეისიმ ბრიფინგზე მთავრობის პოზიცია გამოხატა, როცა თქვა:

[კეისის ხმა] “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები, იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, “გაუმჯობესებაა”. ახლა მოველით შედეგებს და მოველით, ასევე, ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობასთან თანამშრომლობას.”

ეს განცხადება, ალბათ, მინიშნება იყო ნატოს ბოლო - ბუქარესტის - სამიტის განცხადებაში გამოთქმულ სურვილზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოზე უკეთესი უნდა ყოფილიყო.

რადიო “თავისუფლებას” პარასკევს დილის გადაცემაში მოწვეული ჰყავდა მარი ან ისლერ-ბეგინი, ევროპარლამენტის აზერბაიჯანთან, სომხეთსა და საქართველოსთან თანამშრომლობის დელეგაციის თავმჯდომარე. მან მსმენელს უთხრა, რომ მისი მისიის მიზანია (ის წინა არჩევნებსაც სტუმრობდა საქართველოში), დემოკრატიისკენ სავალ გზაზე დაეხმაროს საზოგადოებას და არა პოლიტიკურ ძალებს ან მთავრობას. მარი ან ისლერ-ბეგინმა თქვა აგრეთვე, იმასაც ვუწევთ მეთვალყურეობას, გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ წინა არჩევნების დროს მიღებული შენიშვნები, არჩევნები კი არასოდეს არ არის იდეალურიო. ჩემი კოლეგის შეკითხვაზე, გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ შენიშვნები, მან უპასუხა, რა თქმა უნდა, ნაწილობრივო. რაც შეეხება დარღვევებს, ძალადობას და მათ მასშტაბებს, მარი ან ისლერ-ბეგინი ფიქრობს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ინციდენტების განზოგადება არ შეიძლება. მთავარი იმის დადგენაა, რა სიხშირე ჰქონდა ასეთ შემთხვევებს. ჩვენი სტუმრის თანახმად, ყველა საჩივარი, რომელიც შედის, აუცილებლად უნდა იქნეს განხილული და გათვალისწინებული.

ახლა მინდა მოკლედ გაგაცნოთ ევროკავშირის უკვე უშუალო ხელმძღვანელობის, მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის, საგარეო საქმეთა მინისტრის, რუპელის, შეფასება. რუპელმა თქვა, არჩევნები გვამხნევებს და, აი, რატომო: ჩვენ გვსურს სტაბილური საქართველო და იქ განვითარების მოსურნენი ვართ. როგორც ჩანს, ეს არჩევნები უკეთესი იყო, ვიდრე წინა, ეს კი “გვამხნევებსო”.

გერმანიის მთავრობის რეაქციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, უპირატესად, სამართლიანი იყო და პრეზიდენტ სააკაშვილის პროდასავლური კურსის დამადასტურებელი. საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა მარტინ იეგერმა თქვა: მართალია, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მაგრამ იყო ნაკლოვანებებიცო. მან უარი თქვა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შესთავაზონ.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის მატიაშ იორშის აზრით, საქართველოში ვერ სრულდება ერთი დაუწერელი წესი:

[იორშის ხმა] ”ეს არის სიძულვილი, ნდობის დეფიციტი, რაც ქმნის ისეთ პოლიტიკურ ატმოსფეროს, როცა შეუძლებელია დიალოგი და საბოლოოდ ხედავ, რომ არ გაქვს სრულყოფილი საარჩევნო გარემო. დემოკრატიულ საზოგადოებებში არჩევნები ყოველთვის მძიმე ბრძოლაა, მაგრამ არა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე. დამარცხებულები ულოცავენ გამაჯვებულებს და ემზადებიან მომავალი არჩევნებისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდნენ ამომრჩევლებისთვის”.

მისივე თქმით, არჩევნებზე გამოვლენილ პრობლემებს ერთი ძირი აქვს:

[იორშის ხმა] ”ეს არის სიძულვილი, ნდობის დეფიციტი, რაც ქმნის ისეთ პოლიტიკურ ატმოსფეროს, როცა შეუძლებელია დიალოგი და საბოლოოდ ხედავ, რომ არ გაქვს სრულყოფილი საარჩევნო გარემო”

პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცეს. ”პრეზიდენტები საქართველოს ვულოცავთ დემოკრატიულობის გამოცდის ჩაბარებას, რაც თავისუფალ და კონკურენტუნარიან საპარლამენტო არჩევნებში გამოიხატა", - განაცხადეს პრეზიდენტებმა რიგაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG