Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირის დასაწყისში არჩევნები ჯერ კიდევ წინ იყო... და ორშაბათის ქართული პრესა წინასაარჩევნო მზადებაზე წერდა.






”კვირის პალიტრამ” პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მიმართა კითხვით, რას გააკეთებდნენ, პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, უპირველესად. აი, რამდენიმე ამონარიდი ამ პასუხებიდან:
დავით უსუფაშვილი: "ახლანდელი ხელისუფლების ბედი პოლიტიკურად 21 მაისს გადაწყდება, როდესაც ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ. რაც შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას, ეს ინდივიდუალური საკითხია - ყველა, ვისაც კანონი აქვს დარღვეული, პასუხი უნდა აგოს."
დავით ბაქრაძე: ,,ოპოზიციას ვთავაზობთ ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ ერთად გაკეთებულ საქმეს.”
ლევან გაჩეჩილაძე: ,, გაყალბდება არჩევნები? ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. არ გაყალბდება? საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ... ”
გიორგი თარგამაძე: "პარლამენტში შესვლის შემდეგ, უპირველესად, იურიდიულ პროცედურას დავიწყებთ, რომელიც ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება და რომელიც საქართველოში ოფიციალურ რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას ითვალისწინებს."
შალვა ნათელაშვილი: ”ბრალად წავუყენებთ ვარდების რევოლუციიდან დღემდე ჩადენილ დანაშაულებს...”

”რეზონანსი” არჩევნებთან დაკავშირებით ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. ,,საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთობაზე განსაზღვრავდა ფსიქოლოგიური ფაქტორი: მოლოდინი ერთი ადამიანის გამოჩენის - იმის, ვისაც ყველა დაუჯერებდა. გაერთიანება კი საჭირო იყო, კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, ოპოზიციას წაეღო რაც შეიძლება მეტი ხმა”, - უთხრა ”რეზონანსს” მარინა ჩიტაშვილმა ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
გაზეთ ”ვერსიის” ორშაბათის პუბლიკაციები კი საერთო სათაურით ერთიანდებოდა: ,,ფიქრის 48 საათი.”

ამ 48 სათის განმავლობაში პრესა წერდა ფიქრისა და განსჯის შედეგების შესახებ, წერდა უამრავი შეხვედრის, წინასაარჩევნო მონიტორინგის, დარღვევებზე საუბრისა და წინასწარი კვლევების შესახებ. სამშაბათის ”24 საათში” ვკითხულობთ: ”საქართველოს პარლამენტის 21 მაისის არჩევნების მიმართ დასავლეთი საკმაოდ დიდ ინტერესესს იჩენს. საერთაშორისო ორგანიზაციები, უკვე თვეზე მეტია, მონიტორინგს უწევენ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. თავად არჩევნებს უცხოელ დამკვირვებელთა სოლიდური "არმია" დაესწრება. პარალელურად ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინტენსიურად მართავენ შეხვედრებს.”

ოთხშაბათს ”ვერსიას” სოზარ სუბარის სიტყვები მოჰყავდა: ,, ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც პრეზიდენტის გვარი მოსახლეობის 50 %-ს , სახალხო დამცველისა კი 5 % -ეცოდინება” .ეს იყო ოთხშაბათს და იმ დღეს გამოსული პრესა, ბუნებრივია, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო ამბებსა და განწყობებზე წერდა:

ოთხშაბათს 21 მაისი იყო, არჩევნების დღე, და იმდღევანდელი პერიპეტიები უკვე ხუშთაბათის პრესაში გამოჩნდა. ,,რა ხდებოდა ნაციონალების შტაბში?” ,,რა ხდებოდა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში?” - ეს ხუთშაბათის ”ალიას” სათაურები გახლავთ. კითხვა-სათაური ჰქონდა ხუთშაბათის ,,ყველა სიახლის” მთავარ პუბლიკაციასაც: ,,ნაციონალები ზეიმობენ, ოპოზიცია აჯანყებისთვის ემზადება?”

,,ოპოზიცია ითვლის და ელოდება” - ამ სათაურით აქვეყნებს ”რეზონანსი” პირველ არჩევნებისშემდგომ პუბლიკაციას. ”ჯორჯიან თაიმსის” მთავარ პუბლიკაციას კი ხუთშაბათს ამგვარი სიტყვები უძღოდა: ,,არჩევნები დამთავრდა, ციფრების ომი იწყება”...

პარასკევს ”ახალი თაობა” უკვე იმაზე წერდა, ,,ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე - გოგუაძე თუ ბაქრაძე” - ასეთია გაზეთის მოწინავე სტატიის სათური.
,,საქართველოს რესპუბლიკა” კი სიტყვათა ამგვარ თამაშს გვთავაზობს: ”ნაციონალებმა გაინა -ვარდე-ს ოპოზიციას გული ამოუ-ვარდა და ვარდობის თვე გაიან- ვარდა”.

”24 საათი” კი წერდა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს. ”პრეზიდენტი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა" კონსულტაციების გარეშე არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მან ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტებიც შესთავაზა”, - წერს გაზეთი და მიხეილ სააკაშვილის სიტყვები მოჰყავს: ”მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არჩევანს."

,,21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განსჯის საგანია”, - წერს შაბათს ”24 საათი” და ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს.
გაზეთის კიდევ ერთი პუბლიკაციის სათაური კი ამგვარია: ,,გაერთიანებული ოპოზიცია ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს”
- და ეს გახლავთ სწორედ შაბათის პრესის მთავარი თემა.

”რეზონანსი” წერს: ,,თარგამაძის გარდა, პარლამენტს ყველა ოპოზიციური ძალა, ბარიერგადალახულიც და ბარიერგადაულახავიც, ბოიკოტს უცხადებს. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, ცოტა ხანში შედეგიდან გამოჩნდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მეტი გზა არ აქვთ.”

შაბათის ”ალია” კი წერს : ,,ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საოცდაექვსმაისოდ ემზადება. ოპოზიციამ ბეჭედი უკვე დასვა და გადაწყვიტა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპორტის სასახლიდან დილაადრიან დავიძვრებით და რუსთაველზე აღლუმს შევუერთდებითო.”
XS
SM
MD
LG