Accessibility links

logo-print

როგორ აღინიშნა საქართველოში 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ტრადიციული საზეიმო აღლუმით დაიწყო. აღლუმმა 40 წუთს გასტანა,

რის შემდეგაც ადგილი, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს არმიას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა დაიკავეს.. პარლამენტის შენობის წინ ზეიმი მიტინგმა ჩაანაცვლა, რომლის ორგანიზატორებმაც ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე.


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” გამარჯობათ, ბატონებო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.!.. ”


საზეიმო აღლუმის მონაწილეებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.. ჰიმნი კი მომღერალმა ნინო ბადურაშვილმა შეასრულა. აღლუმში მონაწილეობა 2600-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, რუსთაველის პროსპექტზე 90-მა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. საზეიმო აღლუმს ესწრებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე..საპატიო სტუმრებს შორის კი იყო პოლონეთის პრეზიდენტი ლეჰ კაჩინსკი.. ზეიმის მონაწილეებს მანაც მიმართა:

[ლეჰ კაჩინსკის ხმა] ” გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის, რომელიც ამდენი წლის შემდეგ, რთული ბრძოლის შედეგად მოიპოვეთ.. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამოცდილება აქვს პოლონელ ხალხსაც.. ამ ბრძოლაში არის ხოლმე მომენტები, როდესაც შეიძლება იმედი დაგეკარგოთ, მაგრამ თქვენ იმედი არ დაგიკარგავთ. უკვე რამდენი წელია არსებობს დამოუკიდებელი საქართველო.. და გილოცავთ ასეთ საქართველოში არჩევნების ჩატარებას.. ყოველთვის არსებობს რაღაც შეცდომები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები. ეს არჩევნები იყო წინგადადმული ნაბიჯი, განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ”

არჩევნებისა და მისი შედეგების შესახებ 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა. ” პარლამენტი არის არჩეული”, - თქვა მან და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს მთელი საზოგადოების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, მისცა მას ვინმემ ხმა თუ არ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მხარეებს შორის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია და რომ უპირატესობა ყოველთვის დიალოგს უნდა მიენიჭოს. ”მხარეებში” პრეზიდენტმა ხელისუფლება და ოპოზიცია იგულისხმა.. ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და რომელმაც 26 მაისს - მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა - რუსთაველის პროსპექტისკენ საპროტესტო მსვლელობა დაძრა..

რუსთაველის პროსპექტზე მოქალაქეებს ჩვენ მაშინ გავესაუბრეთ, როცა აღლუმს თანდათან საპროტესტო აქცია ენაცვლებოდა..

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] ” ყველა პატრიოტის მოვალეობაა ეს დღე აღნიშნოს.. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.”

[მოქალაქის ხმა] ”სხვათა შორის, ოპოზიცია ვარ მე, მაგრამ ზეიმის ოპოზიცია კი არ ვარ. ამ დღეს ვენაცვალე, შემოვევლე, გაუმარჯოს.. ”

წლევანდელ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით შთაბეჭდილება ფოტოკორესპონდენტმა გია აბდალაძემაც გაგვიზიარა.. მის არქივში ჩავლილი 26 მაისების სრული ფოტოქრონიკაა.. რაც შეეხება 2008 წლის 26 მაისს, ფოტოკორესპონდენტის დაკვირვებით ეს იყო:

[გია აბდალაძის ხმა] ”ლამაზი, ფანტასტიკური, მშვენიერი.. უფრო მცირე შეიარაღება გამოიტანეს. როგორც ჩანს, ქალაქსაც გაუფრთხილდნენ, ხალხსაც და უფრო ლამაზი გამოუვიდათ. ახლა მეორე ფრონტზე მივრბივარ.”

ახლა მეორე ფრონტზე მივრბივარო, გვითხრა გიორგი აბდალაძემ მაშინ, როცა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას საპროტესტო მსვლელობა უახლოვდებოდა.

[მომიტინგეების შეძახილი] ”მიშა! მოვედით, მიშა!”

მსვლელობას პარლამენტის შენობისკენ ახლდა არასასიამოვნო გადაძახილები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მივიდნენ და არა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად..

[აქციის მონაწილის ხმა] ”მიშისტებო, მონებო!.. ”

[მოქალაქის ხმა] ” რა გინდა? მივდივარ. არ მაქვს უფლება ქუჩაში გავიარო? რატომ ვარ მონა?”

[აქციის მონაწილის ხმა] ” იმიტომ, რომ ეს მთავრობა მოგვიყვანეთ.. ”

ასეთი შინაარსის შელაპარაკებას ლამის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდით... საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს არ მოსწონდათ რიგითი მოქალაქეების მსვლელობა სხვა მიმართულებით.. საკმაოდ უხეში ფორმებით მოითხოვდნენ ყველა შეერთებოდა მათ აქციას და ადამიანები, რომლებიც მაინც თავისი გზით მიდიოდნენ, ისეთ აზრებს გამოთქვამდნენ, როგორიც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჩვენთან საუბრისას გამოთქვა:

[ქალის ხმა] ” ესენი ცეცხლს ეთამაშებიან და სახელმწიფო სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ”

პირიქით ფიქრობდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები და ჩვენს შეკითხვას, რას ითხოვთო, უპასუხებდნენ:

[ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალის ხმა] ” რას ვითხოვთ? სააკაშვილის წასვლას და ჩვენ მიერ, ხალხის მიერ დანიშნულ არჩევნებს. ”




XS
SM
MD
LG