Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერის არჩევნებში ლეონიდ ჩერნოვეცკის გამარჯვებას ექსპერტები პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მარცხად აფასებენ


ვიდრე საქართველო საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული ვნებათაღელვით არის მოცული, უკრაინის დედაქალაქში არ ცხრება დავა-კამათი კიევის მერის არჩევნების გარშემო.

კვირას ჩატარებულ კენჭისყრაში, რომელშიც ამომრჩეველი - ქალაქის თავის გარდა - საკრებულოსაც ირჩევდა, წარმატება მოიპოვა ამჟამად მოქმედმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ. მართალია, საბოლოო ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ექსცენტრულობით გამორჩეულ ჩერნოვეცკის ვეღარავინ აჯობებს.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - საარჩევნო ბიულეტენის სიგრძე ერთ მეტრს აღწევდა! თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიულეტენზე დაბეჭდილი იყო კიევის მერის თანამდებობის 70-მდე პრეტენდენტის გვარ-სახელები, ფურცლის ესოდენ უჩვეულო სიგრძის მიზეზი გასაგები გახდება. მაგრამ შვიდ ათეულამდე კანდიდატიდან გამარჯვებაზე რეალურ პრეტენზიას მხოლოდ სამი თუ აცხადებდა - ზემოთ უკვე ნახსენები ჩერნოვეცკი, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პროტეჟე ალექსანდრ ტურჩინოვი და ვიტალი კლიჩკო - წარსულში პროფესიონალი მოკრივე და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ამჟამად კი დასავლეთზე ორიენტირებული საარჩევნო ბლოკის - პორა-პრპ-ის კანდიდატი.

ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ 1026-დან 850 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ჩერნოვეცკის მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 37-მა პროცენტმა, ხოლო ტურჩინოვსა და კლიჩკოს - შესაბამისად 19-მა და 18-მა.

კენჭისყრაში ამჟამინდელი მერის ასეთი წარმატება, განსაკუთრებით კი ალექსანდრ ტურჩინოვის წარუმატებლობა, სერიოზული დარტყმაა პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოსთვის, რომელიც - კიეველი პოლიტოლოგის ვადიმ კარასიოვის თქმით - მერის ვადამდელი არჩევნების მთავარი ინიციატორი იყო.

[ვადიმ კარასიოვის ხმა]: "ეს კენჭისყრა იულია ტიმოშენკოსა და მისი ბლოკისთვის სერიოზული მარცხია - როგორც საარჩევნო, ისე ფსიქოლოგიური და სიმბოლური თვალსაზრისით. სწორედ ის გახლდათ არჩევნების გამართვის თაოსანი, რადგან ეგონა, რომ ამ არჩევნებით ის კაპიტალს დააგროვებდა, ჩერნოვეცკი თანამდებობას დატოვებდა, ხოლო მას ქალაქის საკრებულოს გადახალისების საშუალება მიეცემოდა. ახლა კი ირკვევა, რომ არჩევნების მოწყობის თაოსანმა კენჭისყრა წააგო. შესაბამისად, ბევრ ამომრჩეველს, პოლიტიკური ელიტის ბევრ წარმომადგენელს ეჭვი შეეპარება იულია ტიმოშენკოს პოლიტიკურ შესაძლებლობებში."

კიევის გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვადიმ კარასიოვმა ყურადღება - როგორც მოისმინეთ - იულია ტიმოშენკოზე გაამახვილა. მაგრამ კიდევ უარესი შედეგი აჩვენა "ნარინჯისფერი რევოლუციის" კიდევ ერთი მთავარი შემოქმედის, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ფავორიტმა მიკოლა კატერინჩუკმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების ოთხად-ოთხი პროცენტი მოაგროვა.

თავისთავად ის გარემოება, რომ იუშჩენკო და ტიმოშენკო მხარს სხვადასხვა კანდიდატს უჭერდნენ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად გახლეჩილია "ნარინჯისფერ ბანაკად" წოდებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკრაინას დემოკრატიული ცვლილებები მოუტანა. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სწორედ ამ გარემოებაზე საუბრობს იგორ ჟდანოვი, პოლიტიკის კიეველი ექსპერტი.

[იგორ ჟდანოვის ხმა]: "ამ არჩევნების შედეგმა, უბრალოდ, დაადასტურა ბატონი ჩერნოვეცკის მერობა. ამავე დროს, დემოკრატიული ბანაკის წარმომადგენელმა ორმა კანდიდატმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა და ვიტალი კლიჩკომ, ერთად, ჩერნოვეცკიზე მეტი ხმა მიიღო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიულ ბანაკს ერთი კანდიდატი რომ ჰყოლოდა, ხალხს საკუთარი ამბიციების მოთოკვა რომ მოეხერხებინა, მაშინ გამარჯვებულიც ის იქნებოდა და კიევის მერად დემოკრატიული ძალების წარმომადგენელს ვიხილავდით. ეს არის ამ არჩევნების მთავარი დასკვნა: პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ამბიციების მოთოკვა და უნდა გაითავისონ ამომრჩევლის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა."

მაგრამ ვიდრე უკრაინელი დემოკრატები პოლიტოლოგ იგორ ჟდანოვის რჩევას ათხოვებდნენ ყურს, მათ კიდევ ერთი ვადით მოუწევთ კიევის მერის სავარძელში ლეონიდ ჩერნოვეცკის ატანა - მილიარდერისა და ყოფილი პარლამენტარისა, რომელიც ცნობილია ექსცენტრული საქციელითა და მკვახე გამონათქვამებით. მაგალითად, ასეთით:

[ლეონიდ ჩერნოვეცკის ხმა]: "ვინ არის მერი დღეს? მე ვარ, ნამდვილად მე ვარ! იყო ვინმე ჩემამდე? არ მახსოვს. არა მგონია, ჩემამდე ვინმე ყოფილიყო."
XS
SM
MD
LG