Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო რუსეთმა, შესაძლოა, ბოდიში მოიხადოს


ქართული დიპლომატია მორიგ წარმატებას ზეიმობს! 20 აპრილის საჰაერო ინციდენტის თაობაზე გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის დასკვნას შესაბამისი რეზონანსი






მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროპის კავშირმა მოუწოდა რუსეთს განმარტოს ქმედებები, აღწერილი მისიის დასკვნაში, რომელიც რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული საფრენი აპარატის განადგურებას შეეხება. მიუხედავად მოსკოვის უნდობლობისა, საქართველოში აცხადებენ, რომ რუსეთს ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა ემუქრება.


საქართველოში მოქმედმა გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ 20 აპრილის საჰაერო ინციდენტზე დასკვნა ოპერატიულად წარმოადგინა. სამხედრო მისია ანგარიშში მიუთითებს, რომ 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსული წარმოების მიგ-29 ან სუ -28 ტიპის სამხედრო გამანადგურებელმა, რომელიც, ქართული რადარების მონაცემებით, გუდაუთის აეროდრომიდან აფრინდა. UNOMIG-ის დასკვნას 26 მაისს ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოეხმაურნენ. აი, რა განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე:

[კარლ ბილდტი] "ანგარიშში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თვითმფრინავი შემოფრინდა რუსეთიდან, ისროლა რაკეტა, ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი და ისევ რუსეთში დაბრუნდა. ამ გარემოებიდან კეთდება დასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთის
სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის. არაფერია სენსაციური ამ დასკვნაში, თუ ცნობილია, საიდან შემოფრინდა და საით გაფრინდა თვითმფრინავი."

აღსანიშნავია, რომ სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ აქამდე ვერ შეძლო ვერც ერთი საჰაერო ინციდენტის, მათ შორის, 2007 წლის 11 მარტს ზემო აფხაზეთის საჰაერო დაბომბვის სრულყოფილი გამოძიება. თუმცა ამას რამდენიმე გარემოება უშლიდა ხელს: სარადარო მონაცემების არასანდოობა, სუსტი ნივთმტკიცება და, რაც მთავარია, ექსპერტებად რუსი, ქართველი და აფხაზი სამხედრო სპეციალისტების ჩართვა, სპეციალისტებისა, რომლებიც ხელ არ აწერდნენ მათთვის მიუღებელ დასკვნას. ამჯერად UNOMIG-მა სანდოდ მიიჩნია ქართული უპილოტო თვითმფრინავის ვიდეოკადრები და თან მოკვლევაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ჩაატარა. ამ ფაქტზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება 27 მაისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ:

[გრიგოლ ვაშაძე] ”სხვათა შორის, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო, რომ ქართულმა მხარემ თავიდანვე მოითხოვა საქართველოს, აფხაზური მხარისა და რუსეთის არმონაწილეობა ამ ჯგუფში, რომ მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო ეს დასკვნები.”(სტილი დაცულია)


საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ გაეროს დასკვნა იმდენად უეჭვოა, რომ რუსეთს მოუწევს აღიაროს თავდასხმის ფაქტი და ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ არც ის გამორიცხა, რომ რუსეთს მოუწიოს კომპენსაციის გადახდა ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო:

[გრიგოლ ვაშაძე] ”საქართველოს მხარემ უკიდურესი პროტესტი განუცხადა რუსეთის ფედერაციას და მოსთხოვა მას: პირველი, ოფიციალურად ბოდიშის მოხდა; კომპენსაცია, ანაზღაურება ამ თვითმფრინავის ღირებულების და დამატებით შემოყვანილი რუსული შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების გაყვანა აფხაზეთიდან.”

9 წლის წინ რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში საქართველოს რუსული ვერტმფრენების მიერ ხევსურეთის მიმდებარე ტერიტორიის შეცდომით დაბომბვის გამო. მაშინ ქართული სამხედრო უწყების მიერ მოპოვებული ნივთმტკიცება ჯიუტი აღმოჩნდა უტეხი რუსული დიპლომატიისათვის. ამჯერადაც რუსეთი თითქოს ეჭვქვეშ არ აყენებს გაეროს დამკვირვებელთა კომპეტენციას, თუმცა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ ეჭვის საბაბს მაინც მიაგნო:

[ვიაჩესლავ კოვალენკო] ”სიმართლე გითხრათ, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, რომლებიც გაეროს მისიის სახელით მუშაობენ. თუმცა ეჭვს იწვევს მასალები, რომლებთანაც ეს პროფესიონალები მუშაობდნენ. პირველ ყოვლისა, საუბარია ფირზე, რომელიც ახლა უკვე მთელ მსოფლიოში დასეირნობს, და რადარების მონაცემებზე.”

მაგრამ ქართული მხარის მიერ წარდგენილი ნივთმტკიცებისა სჯერათ ევროკავშირის წარმომადგენლებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ბრიუსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ამ ”კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტები უკიდურესად მეტყველია.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG