Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევებში დაკმაყოფილდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები?


საჩივრების საფუძველზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის 27 საარჩევნო უბნის შედეგები აქვს ბათილად გამოცხადებული.

საჩივრების განხილვის პროცესი გრძელდება არა მარტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არამედ, რაღა თქმა უნდა, სასამართლოებშიც. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ივნისს აპირებს. რა ტიპის დარღვევებს ასაჩივრებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები?

როგორც უკვე ვთქვით, გაბათილებული უბნების რაოდენობა 25-ს აჭარბებს. ასეთ უბნებს შორის აღმოჩნდა გარდაბნის და მარნეულის რამდენიმე უბანიც. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ეკა სირაძე-დელონე აღნიშნავს, რომ დამკვირვებლების მიერ დარღვევების განსაკუთრებული რაოდენობა, ტრადიციულად, ქვემო ქართლში იქნა გამოვლენილი:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] ”ქვემო ქართლში ხდებოდა მართლა საშინელება. კახეთი იყო ძალიან პრობლემური. იყო რეგიონები, სადაც პრობლემები ნაკლები იყო და იყო რეგიონები, სადაც ეს სერიოზული პრობლემა იყო.”(სტილი დაცულია)

”სამართლიანი არჩევნები” 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საკუთარ დასკვნას მოგვიანებით გამოაქვეყნებს... ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დაჯამებას უნდა დაელოდოს.. ამ ეტაპისთვის სირაძე-დელონე შეფასებებში თავშეკავებულია.. მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ 21 მაისს საკმაოდ ხშირი იყო ორგანიზაციის დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები, დამკვირვებლების მიერ კი შემჩნეული იქნა სხვადასხვა ტიპის დარღვევები - მათ შორის, მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული დარღვევები, პირადობის მოწმობის წარდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებული დარღვევები, ბიულეტენების ჩაყრა და ასე შემდეგ.. ”სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს 137 საჩივარი დაწერეს.. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მიმართა სასამართლოსაც. ”სამართლიანი არჩევნების” ერთ-ერთი სარჩელი შეეხებოდა საგარეჯოს 37-ე უბანზე გამოვლენილ დარღვევებს, რასთან დაკავშირებითაც არსებობს დამადასტურებელი ვიდეომასალა. სარჩელის განხილვის შედეგად, სასამართლომ ამ უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგები გააუქმა, პროპორციული არჩევნების შედეგები კი ძალაში დატოვა... ”სამართლიანი არჩევნები” პროპორციული არჩევნების შედეგების გაუქმებასაც ითხოვს.

”სამართლიანი არჩევნების” პარალელურად, 21 მაისს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დავობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”მიმდინარე პერიოდში ვითხოვდით 44 უბნის შედეგების ბათილად ცნობას. 11 უბანი გაბათილდა. ამას გარდა, სასამართლოში გვაქვს რამდენიმე საქმე.. დავა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. ”

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ მათ საჩივრებს შორის ჭარბობს საჩივრები, რომლებიც საარჩევნო ყუთებში დამატებითი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს შეეხება.. დასკვნას ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” არჩევნების საბოლოო შედეგების დაჯამების შემდეგ გამოაქვეყნებს.. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი, კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თქმით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას 8 ივნისს გეგმავს.. თარხნიშვილი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპერატიულად რეაგირებდა საჩივრებზე:

[ლევან თარხნიშვილის ხმა} ”პოლიტიკური პარტიებიდან საჩივრები შემოდის იმ უბნებსა და ოლქებში, სადაც პარტიული დაინტერესება ჰქონდათ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. თუ ვილაპარაკებთ საჩივრების დონეზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული საჩივრები უფრო კარგად არის დაწერილი და პროცედურულად გამართული. ”

რა შემთხვევებში კმაყოფილდებოდა საჩივრები? მაგალითად, 22 მაისს გაუქმდა 14 უბნის შედეგები, მათ შორის: მარნეულში, ხელვაჩაურში, საგარეჯოში, გარდაბანში, ქობულეთში... ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, უბნების შედეგების გაუქმების საბაბი გახდა ისეთი ტიპის დარღვევები, როგორიც იყო: კენჭისყრის დროს ერთ-ერთ უბანზე ელექტროენერგიის დიდი ხნით გათიშვა. საარჩევნო ყუთის გატეხა, დამკვირვებლების მიმართ არაკანონიერი დამოკიდებულება, დამკვირვებლების დაუშვებლობა ხმების დათვლის პროცესზე, უბნებზე დაპირისპირება და ასე შემდეგ...

იმის შესახებ, თუ როგორი იყო 21 მაისის არჩევნები საქართველოში, თავის საბოლოო ანგარიშს ეუთოს მისია საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირაში გამოაქვეყნებს, ანუ შედეგების გამოცხადებიდან 8 კვირაში.
XS
SM
MD
LG