Accessibility links

logo-print

ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ


21 მაისის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია განაგრძობს საპროტესტო გამოსვლებს და, ხელისუფლების გარდა, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასაც.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო უკმაყოფილოა 26 მაისის ხალხმრავალი მიტინგის გაშუქებით და საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან ერთსაათიანი პირდაპირი ეთერის გამოყოფას მოითხოვს. ოპოზიციის გარდა, ტელევიზიის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიც, რომელმაც 27 მაისს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. რას ედავებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებრივ მაუწყებელს და რა არგუმენტებით იმართლებს თავს ტელევიზიის ხელმძღვანელობა?

27 მაისამდე ტელევიზიასთან უკანასკნელი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ 15 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, გამართა. მაშინ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაინდრავამ, მხარდამჭერებს გამარჯვების შესახებ აუწყა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „დღეს დილას ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ ამ ცრუ დაწესებულების, მატყუარა დაწესებულების სამეურვეო საბჭო გადადგა, გადადგა ამ დაწესებულების დირექტორი...“

სწორედ ოპოზიციის აქტიურობით ინიცირებული ამ ცვლილებების შედეგად შეიცვალა როგორც სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა, ასევე გენერალური დირექტორი, თუმცა ცვლილებების ძალაში შესვლიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე გაირკვა, რომ ოპოზიცია ისევ უკმაყოფილოა. კვლავ გოგა ხაინდრავას მოუსმინეთ:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „გუშინ ასიათასობით ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში, ის ადამიანები, ვინც ფულს უხდის ამ ხალხს და ის სიუჟეტები, რომლებიც ვნახეთ, საერთოდ გაუგებარი იყო - სად ხდებოდა, რა ხდებოდა, რამდენი ადამიანი იყო და რამ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში. ეს არის სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია, როგორც ადრე იყო. ეს დაწესებულება არის საზოგადოების და უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და ჩვენ ამას შევახსენებთ დღეს და არა მარტო გავახსენებთ, არამედ ჩამოვართმევთ სააკაშვილს და დავუბრუნებთ საზოგადოებას.“(სტილი დაცულია)

საზოგადოების ნაწილი, ტელევიზიის დაბრუნების მოთხოვნით, მართლაც შეიკრიბა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.

[ქალბატონის ხმა] „ძალიან ცუდად აშუქებს. ასეთი რაღაცა ხდებოდეს, ამდენი ადამიანი იდგეს ქუჩაში და ამას არ აშუქებდეს საზოგადოებრივი ტელევიზია, რა ვიცი, ასეთი რამ შეიძლება?“

[მამაკაცის ხმა] „საზოგადოების არაა ეს ტელევიზია! ესაა სააკაშვილის ტელევიზია! მისი დაკვეთით მუშაობს ეს “მზე“ და „რუსთავი–2“–იც. ომბუდსმენის გამოსვლა რატომ არ დააფიქსირა რომელიმე ტელევიზიამ? რატომ არ უჩვენა, რატომ, მართლებია რიან?“

არიან თუ არა მართლები? ამ შეკითხვის პასუხად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლევან გახელაძე ამბობს, რომ ტელევიზია პირნათლად ასრულებს არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებთან გაფორმებულ მემორანდუმს:

[ლევან გახელაძის ხმა] „რაც დაადასტურეს თვითონ ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოთხ გადაცემაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყოველ შაბათს, და ასევე მიუკერძოებლობა დაადასტურა ეუთომ თავის დასკვნაში, რომელიც საერთოდ საარჩევნო პროცესებს შეეხება და კონკრეტულად მედიას. რაც შეეხება 26 მაისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ჯამში, თავისი საეთერო დროის 38 წუთი დაუთმო ამ პროცესების გაშუქებას.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ ლევან გახელაძის პოზიციას არ იზიარებს სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი. ტელევიზიის მუშაობით კმაყოფილი არ არის ირმა სოხაძე, ხოლო
საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

[ირმა სოხაძის ხმა] „მე არ ვიზიარებ იმ ინფორმაციას, რომ გუშინ მცდარი ინფორმაცია მივეცით ან ვიყავით არაობიექტურები, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი დაგვიმახინჯებია, მაგრამ არაადეკვატურები რომ ვიყავით, ამას მე გუშინვე ვამბობდი. ვგულისხმობთ სიხშირეს, სიზუსტეს... იცით, ბათუმიდან არ უნდა მირეკავდნენ მეგობრები და არ უნდა მეუბნებოდნენ, არ გრცხვენიათ, სხვა ტელევიზიებიდან უნდა ვიგებდეთ რა ხდებაო?!..“

[ერეკლე ტრიპოლსკის ხმა] „ასე გადავწყვიტე მე, ნათელ მომავალს ვერ ვხედავ... საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ ჰქვია, რომ საზოგადოებაში რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, ის უნდა გაშუქდეს. რა დროს სუხიშვილებისა და ევროვიზიის კონცერტებია... როცა ქვეყანა ინგრევა და ქვეყნის ბედი წყდება, ამ დროს არაადეკვატურად შუქდება და რა ხდება ქვეყანაში, კაცი ვერ გაიგებს.“(სტილი დაცულია)


სწორედ იმისათვის, რომ საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გაარკვიონ, ოპოზიციის ლიდერებმა მიტინგზე საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „მოვითხოვთ თავისუფალ დროს, თავისუფალ ეთერს. ჩვენ წარმოვადგენთ ამ ქვეყნის მინიმუმ ნახევარს და ამ ნახევარს აქვს უფლება, რომ თქვას თავისი სიტყვა და ეს სიტყვა იყოს გადაცემული ტელევიზიით. ამიტომ დღეს ჩვენ შევდივართ პირველ არხში იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. “

უფლებების დასაცავად სალომე ზურაბიშვილი, გოგა ხაინდრავა, ზვიად ძიძიგური და დავით საგანელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს მისსავე სამუშაო ოთახში ეწვივნენ.

[ისიმის კამათი]

ნახევარსაათიანი ემოციური საუბარი უშედეგოდ დასრულდა. ლევან ყუბანეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ლევან ყუბანეიშვილის ხმა] „ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ზეწოლა. ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების თუ პიროვნებების ზეგავლენის ქვეშ ეს არხი არ მოექცევა. ეს არხი იმუშავებს ისე, როგორც ტელევიზიას შეშვენის.“

თუმცა, როგორც დღის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში განაცხადეს, ლევან ყუბანეიშვილის ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია არ აპირებს ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებას. ლევან გახელაძის თქმით, 26 მაისის საპროტესტო აქციის ამსახველ კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად დაუთმობს საეთერო დროს.
XS
SM
MD
LG