Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აფხაზეთში დსთ-ის სამშვიდობოების საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლებაზე ალაპარაკდა


საქართველოს ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, რომ შეწყდეს დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატი

და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ეუთოს ეგიდით მოქმედი მრავალეროვნული პოლიციური ძალები განლაგდნენ. სპეციალური გეგმა ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა. ნიშანდობლივია, რომ ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლება ასევე შესაძლებლად მიიჩნევდა ქართულ- აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის სამშვიდობო ძალების ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალებით ჩანაცვლებას, მაგრამ ამ იდეამ ბრიუსელში სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამჟამად რაღა შანსი აქვს თბილისს, მიაღწიოს რუსი ცისფერჩაფხუტიანების ჩანაცვლებას?

27 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა დაიწყონ მექანიზმების ძიება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო მანდატის შესაცვლელად. პრეზიდენტის დავალებას ოპერატიულად გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მან განაცხადა, რომ მზად არის პროექტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებს უმტკივნეულოდ ჩაენაცვლოს მრავალეროვნული პოლიციური ძალა, რომელიც ეუთოს ეგიდით გაიწვრთნება:

[თემურ იაკობაშვილი] ”ლაპარაკია, რომ პოლიციელები იქნებიან ქართველები და აფხაზები, რეგიონში მცხოვრები სხვა მოსახლეობა, რომელსაც გაწვრთნიან და დროის რაღაც მონაკვეთში მენეჯმენტს გაუწევენ საერთაშორისო საპოლიციო ძალები. საერთაშორისო საპოლიციო ძალები შედგენილნი იქნებიან, ჩვენი წარმოდგენით, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან. მინდა დავამატო, რომ ჩვენ რუსეთსაც ევროპულ სახელმწიფოდ განვიხილავთ. ხოლო თუ ვისი ფორმატით და ვისი ეგიდის ქვეშ შეიძლება ჩატარდეს, - მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სასურველი იქნება, ეს ჩატარდეს ეუთოს ეგიდის ქვეშ. ” (სტილი დაცულია)

ეუთოს უსაფრთხოების სფეროსა და კრიზისულ ვითარებაში საქართველოში მოქმედების საკმაო გამოცდილება აქვს: ეუთოს ეგიდით ხორციელდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომები, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებელთა მისია მონიტორინგს ახორციელებდა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე 2002-2004 წლებში. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ვარაუდობს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისია ევროკავშირმა უნდა ითავოს, ეუთო კი მხოლოდ წინადადებებს მოამზადებს:

[შოთა მალაშხია] ”ეს არის ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსი სამხედრო თვალსაზრისით და პოლიციური სტრუქტურაც ჰყავთ იქ. ეუთოს წინადადებები იქნება, რომ ეს ძალა იქნას გამოყენებული, ანუ ევროპული მასშტაბის სტრუქტურები. ამაზე ყველაზე პირველი განცხადება გააკეთა ხავიერ სოლანამ.” (სტილი დაცულია)

მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ უყურებს ამ ინიციატივას ევროპის ბლოკი. მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე ნაბიჯები აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით? სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ რადიო ”თავისუფლების” შეკითხვაზე ერთი თვის წინ მხოლოდ ის თქვა, რომ ”გამორიცხული არაფერია”:

[პეტერ სემნები] ”თუ აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციაზე საუბრობთ, ვფიქრობ, ეს უკვე ხდება. ევროკავშირის მოქმედება, ევროკავშირის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები ჩვენი პრობლემაც არის და რომ ჩვენ მზად ვართ, მათ მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციას, ფორმატის შეცვლასა და საქმეში ევროპის შესაძლო ჩართვას, ამჟამად ეს საკითხი კონკრეტულად არ განიხილება. მაგრამ, როგორც ევროპის სხვა ოფიციალურ პირებსაც უთქვამთ, გამორიცხული არაფერია. თუ მხარეებს სურთ, ევროპის კავშირი უფრო აქტიურ როლში იხილონ, კავშირი ამ შესაძლებლობასაც განიხილავს. ცხადია, გვაშფოთებს - განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე - ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი სამშვიდობო ძალა ყველა მხარის ნდობით არ სარგებლობს.”

მას შემდეგ, რაც გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ დაადასტურა 20 აპრილის საჰაერო იერიშში რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის მონაწილეობა, თბილისი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არა მხოლოდ შეშფოთებულია, არამედ მზად არის მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მისიის ფორმატის შეცვლას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. თუმცა შოთა მალაშხია ამბობს, რომ მთავარი იქნება, თუ რას გადაწყვეტს შემოდგომისათვის დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა:

[შოთა მალაშხია] ”ეს დასკვნა დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს წესდება ასეთ კონფლიქტის მონაწილე მხარეს უკრძალავს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას. მეტიც, როდესაც ჩანაცვლების საკითხი დადგება, კენჭისყრის დროს თავი უნდა შეიკავოს.”

თუმცა საქართველოს ხელისუფლება არც იმას გამორიცხავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უბრალო რეზოლუციით შემოიფარგლოს, რომელსაც რუსეთისათვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. ამის მიუხედავად, საქართველო აღარ აპირებს შეეგუოს სტატუს კვოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშიო, განაცხადა შოთა მალაშხიამ. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველო, თავის მხრივ, აღარ გაუგრძელებს მანდატს კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედ რუს ცისფერჩაფხუტიანებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG