Accessibility links

logo-print

პუტინი პარიზში


ვლადიმირ პუტინი დღეს საფრანგეთს ეწვია, რაც მისი პირველი ვიზიტია დასავლეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში

და, საერთოდ, პირველი მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვა. აქამდე პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მხოლოდ ბელორუსიაში სტუმრობა მოასწრო, ისიც მოკლე ხნით

მიზეზი, რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც საფრანგეთი პრემიერ-მინისტრ პუტინის პირველი დიდი ვიზიტისთვის, ის არის, რომ საფრანგეთი მალე შეუდგება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას. ეს განმარტება ჟურნალისტებმა პუტინის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვისაგან მოისმინეს. თუმცა კიდევ უფრო არსებით საკითხს სხვა შეკითხვა ეხება: რატომ ჩადის პირველი ოფიციალური ვიზიტით დასავლეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი?

მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს პრეს-მდივანი სილვან გიოგი ირწმუნება, რომ საფრანგეთში პუტინის ვიზიტის გეგმაზე ჯერ კიდევ შარშან ალაპარაკდნენ - მანამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ ის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

[გიოგის ხმა] “მოსკოვში 2007 წლის ოქტომბერში ვიზიტის დროს ბატონმა სარკოზიმ ბატონი ვლადიმირ პუტინი საფრანგეთში მიიწვია, როგორც კი დასრულდებოდა მისი პრეზიდენტობის ვადა. ასე რომ, საქმე ეხება საპასუხო ვიზიტს მას შემდეგ, რაც სარკოზიმ პუტინი ოქტომბერში დაპატიჟა”.

პოლიტოლოგები მაინც ფიქრობენ, რომ პარიზში ვიზიტი ცხადჰყოფს პუტინის დიდ ავტორიტეტს - პრემიერ-მინისტრი პოსტისთვის უჩვეულოდ დიდს. რუს ექსპერტ დიმტრი ორეშკინის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი კვლავინდებურად გადამწყვეტ სიტყვას ამბობს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

[ორეშკინის ხმა] “პუტინი იქცევა ქვეყნის რეალური ლიდერივით. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნათელი იყო, რომ მედვედევი იქნებოდა პრეზიდენტი- სტაჟიორი, ყოველ შემთხვევაში პირველი რამდენიმე თვის, შესაძლოა წლის მანძილზეც. პუტინმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ძალაუფლების რეალური ცენტრი, გადაწყვეტილებების მიღების რეალური ცენტრი მასთან დარჩეს”.

ის გარემოება, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ რუსი პრემიერ-მინისტრი დღეს სამუშაო ვახშამზე ელისეს სასახლეში მიიწვია - რაც თავისთავად, იშვიათი პატივია - ცხადჰყოფს, რომ პუტინს უცხოეთშიც მეტად მიიჩნევენ, ვიდრე რიგით პრემიერ-მინისტრად.

თუმცა, მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს პრეს-მდივანი სილვან გიოგი უარყოფს შეფასებას, თითქოს პარიზში პუტინს პრივილეგირებულ სტუმრად იღებდნენ: [გიოგის ხმა] “ეს არ არის პრივილეგირებულობა. ბატონი სარკოზი და ბატონი პუტინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, შარშან შეხვდნენ ერთმანეთს პრეზიდენტების რანგში და მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი”.

განსახილველ საკითხებს რაც შეეხება, ეს არის, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკა, ისევე როგორც ევროკავშირის რუსეთთან პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება. ორდიღანი ვიზიტის მანძილზე ვლადიმირ პუტინს ახლავს რუსეთის სახელმწიფო ატომური სააგენტო “როსატომის” თავმჯდომარე, დელეგაციაში შედიან რუსეთის სახელმწიფო ბანკისა და უდიდეს საავტომობილო ქარხანა “ავტოვაზის” წარმომადგენლებიც.
XS
SM
MD
LG