Accessibility links

logo-print

“გაყინული კონფლიქტი” კოსოვოში?


ევროკავშირმა გადადო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი მისიის განთავსებას კოსოვოში. საქმე ეხება საპოლიციო მისიის განთავსების გეგმას.

მისი დაყოვნება კი ეჭვქვეშ აყენებს კოსოვოს მომავალ სტაბილურობას. გამოითქმის ვარაუდიც, რომ კოსოვო, რომელმაც, როგორც ცნობილია, თებერვალში დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თვითონაც გაიყოფა უმეტესწილად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთად, და ალბანელების სამხრეთად.

ევროკავშირის 26 მაისის განცხადება კოსოვოში საპოლიციო მისიის განთავსების დაყოვნებაზე საქმის ბიუროკრატიული გაჯანჯლების შედეგი არ ყოფილა. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ეს გადადება მოჰყვა სერბიისა და მისი მოკავშირე რუსეთის კოორდინირებულ სტრატეგიას, ხელი შეუშალონ კოსოვოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას.

კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირმა, რომლის წევრთა უმრავლესობამ აღიარა ეს დამოუკიდებლობა, დასახა გეგმა, კოსოვოში გაეროს მისიისაგან ჩაიბაროს საპოლიციო მანდატი, რომელიც (გაეროს მისიის მანდატი იგულისხმება) შუა ივნისში ამოიწურება. ევროკავშირის მისიაზეა დამოკიდებული, ფაქტობრივად, სტაბილურობა და უსაფრთხოება კოსოვოში.

მაგრამ რუსეთი ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებით დაიმუქრა - ვეტოსი გაეროს უშიშროების საბჭოში და ამით, ფაქტობრივად, დაბლოკა ევროკავშირის მისიის განთავსება. ეს სექტემბრამდე მაინც გადაიდო, სავარაუდოდ, უფრო დიდი ხნით.

[რობაჯის ხმა] “ეს გაურკვეველი ვითარება ორ ცუდ რამეს აჩვენებს: ჯერ ერთი, ბელგრადს ჯერ კიდევ შეუძლია გარკვეული როლის შესრულება კოსოვოში. და მეორე - კოსოვოს უწყებები პარალიზებული არიან, რადგან არ შეუძლიათ თავიანთი ფუნქციების შესრულება კოსოვოს მთელს ტერიტორიაზე მოცემული დროის ჩარჩოებში”.

ეს შეფასება ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვა ალბანელმა ექსპერტმა ავდულაჰ რობაჯიმ. ბელგრადი მართლაც აქტიურობს კოსოვოში - კერძოდ, ჩრდილოეთში, რომელიც კოსოვოს დანარჩენი რეგიონებისაგან განსხვავებით, უმეტესწილად სერბებით არის დასახლებული. იქ კოსოვოს ცენტრალური მთავრობა, შეიძლება ითქვას, ვერაფერს აკონტროლებს. ბალკანეთის საკითხთა ექსპერტ ჯეიმს ლაიონის შეფასებით, ჩრდილოეთი ფაქტობრივად, უკვე გამოეყო კოსოვოს...

[ლაიონის ხმა] “რაც მოხდა, მართლაც ტერიტორიის დე-ფაქტო გაყოფაა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას არა აქვს არანაირი გავლენა, ან კონტროლი ჩრდილოეთზე - თუ არ ჩავთვლით ნატოს სამშვიდობო ძალების სამხედრო ძალას. და კოსოვოს სამთავრობო უწყებები ვერც კი ოცნებობენ გავლენაზე ჩრდილოეთ კოსოვოში და, სავარაუდოდ, არც ექნებათ თვალსაწიერ მომავალში”.

ამასობაში კი, განაგრძობს ექსპერტი, სერბია რუსეთის მხარდაჭერით ცდილობს, კოსოვოს დე-ფაქტო დანაწევრება დე-იურედ აქციოს. რაც უფრო დაყოვნდება ევროკავშირის საპოლიციო მისიის განთავსება, მით უფრო მეტი დრო აქვთ ეთნიკურ სერბებს და ბელგრადს კოსოვოს ჩრდილოეთში დომინანტური როლის გასამყარებლად. ამასთან, ჯეიმს ლაიონის შეფასებით, ბელგრადი და მოსკოვი ცდილობენ, დასავლეთს გააკეთებინონ ის, რისი მიღწევაც თვითონ სურთ.

[ლაიონის ხმა] “ჩემი აზრით, როგორც სერბიას ისე რუსეთს ურჩევნიათ, დასავლეთმა გამოაცხადოს, რომ კოსოვოს დანაწევრებას აპირებს - ვიდრე ამის გაკეთება თავად სერბებსა და რუსებს მოუხდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სერბიაც და რუსეთიც ასეთ შედეგს მიიჩნევენ ყველაზე უფრო ლოგიკურად და სასურველად. მათ ურჩევნიათ, დასავლეთი იყოს “ცუდის” როლში და საამისოდ საკმაოდ მოხერხებულად იქცევიან: იმის მისაღწევად, რომ, თუ საქმე კოსოვოს დანაწევრებამდე მივიდა, ეს მოხდეს იმიტომ, რომ დასავლეთი მოვა და დანაწევრებას ოფიციალურ სახეს მისცემს”.

ასეა თუ ისე, ევროკავშირი, ნატო, გაერო ძალისხმევას განაგრძობენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ამ დღეებში ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანასთან შევხედრებზე განიხილა კოსოვოში შექმნილი ვითარება. თუ საკითხი ვერ მოგვარდა, ექსპერტები შიშობენ, რომ კოსოვო “გაყინულ კონფლიქტად” იქცევა. თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს - თუნდაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მაგალითზეა ცნობილი.

ექსპერტი ჯეიმს ლაიონი კი დარწმუნებულია, რომ კოსოვოში უკვე სახეზეა გაყინული კონფლიქტი.

[ლაიონის ხმა] “ეს არის სრულიად გაყინული კონფლიქტი. ასეთი მდგომარეობაა ახლა და წარმოუდგენელია, პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდეს ისე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას სურთ”.
XS
SM
MD
LG