Accessibility links

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო სამოქალაქო- საპოლიციო კომპონენტით ჩანაცვლების გეგმა და მისი განხორციელების გზები


საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტით ჩანაცვლების სქემას ამუშავებს

და ეს სქემა არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმისა, რომელზე მუშაობაც საქართველოს ხელისუფლებაში ბოლო 5 კვირის მანძილზე მიმდინარეობს. დამუშავების პროცესში მყოფი გეგმა შეიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწონებულ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებსაც და, მიუხედავად იმისა, რომ სახავს აფხაზეთში რუსეთის არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების სამოქალაქო-საპოლიციო კომპონენტით ჩანაცვლების გზას, ითვალისწინებს იმ პოტენციალსაც, რაც რუსეთს კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისთვის გააჩნია, მაგრამ არ იყენებს... საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მიმართულებით ამ გეგმით უნდა იმოქმედოს...მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ თბილისში გეგმის იმ ნაწილის რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამშვიდობო ძალების ნაცვლად, აფხაზეთში მშვიდობა საპოლიციო კომპონენტმა უნდა დაიცვას.

საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისთვის თბილისის მოთხოვნაა საკმარისი.. სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის პოზიცია ამ შემთხვევაში შემაფარხებელ ფაქტორად არ გამოდგება. მაგრამ სოხუმთან შეთანხმება საჭირო იქნება ჩანაცვლების მექანიზმთან დაკავშირებით...

მივყვეთ მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.. რა ხდება, თუკი მოსკოვი არ დაემორჩილება თბილისის მოთხოვნას? პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ რურუას თქმით:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”თუ რუსეთმა აიხირა და თქვა, ნებისმიერ სიტუაციაში აქედან არ გავალო, რა თქმა უნდა, ისინი გადაიქცევიან ავტომატურად საოკუპაციო ძალად, რაც, გარწმუნებთ, არ იქნება მათთვის იოლი ტვირთი. ”

და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მოერიდება არცთუ იოლი ტვირთის წამოკიდებას, აფხაზეთიდან გაიყვანს საკუთარ ჯარს, მაგრამ თბილისსა და სოხუმს გაუჭირდებათ შეთანხმება სამშვიდობო ძალების ჩამანაცვლებელ მექანიზმთან დაკავშირებით? სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ფიქრობს, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოხდება ის, რაც მთიან ყარაბახში ხდება:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”თუ მხარეებს მიაჩნიათ, რომ არაფერია საჭირო, მაშინ არაფერია საჭირო.. ყარაბახში არც სამშვიდობო ძალა დგას და არც საპოლიციო, მაგრამ ერთმანეთს არ ესვრიან.. ”


მაგრამ თბილისი სხვა გეგმას ამუშავებს... ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით სრულმასშტაბიანი მოწესრიგების გეგმა, რომლითაც აფხაზებს, მათ შორის, აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს კიდევ ერთხელ უნდა შესთავაზოს ერთიანი საქართველოს ფარგლებში პრობლემის გადაჭრის სამშვიდობო წინადადებები: დიალოგი ურთიერთნდობის აღდგენისთვის, ფართო წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, თვითმყოფადობის და განვითარების გარანტიები და კონფლიქტის ზონაში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთობლივი ქართულ-აფხაზური საპოლიციო მექანიზმი, რომლის მუშაობასაც მეთვალყურეობა, ოფიციალური თბილისის ხედვით, ეუთომ შეიძლება გაუწიოს .. ნიკოლოზ რურუას აზრით, ასეთი ორმხრივი მექანიზმის ამუშავება თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად. ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია დიალოგის დაწყება. დიალოგს კი, რურუას თქმით, რუსეთის ფაქტორი აფერხებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”მათ შევეცდებით შევუქმნათ ყველა მოტივაცია, რომ ჰქონდეთ ნდობა. სწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში ექნებათ შანსი ერთგვარი ხელშეუხებლობის... ამას გარდა, ურთიერთმისაღები კომპრომისი უნდა გამოვნახოთ პროცესის ადგილიდან დასაძრავად. დიალოგი სეპარატისტებთან შედგება მაშინ, როცა ჩვენ შორის,როგორც არბიტრი, აღარ იდგება რუსეთი. ”

რუსეთმა კი ბოლო პერიოდში ძალიან აშკარა გახადა საკუთარი ზრახვები აფხაზეთის მიმართულებით და საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნა კარგი ფონი დასავლეთისთვის იმის დასასაბუთებლად, რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს მონოპოლია სამშვიდობო პროცესზე.. საქართველო ითხოვს აფხაზეთში სამშვიდობო მისიის შეცვლას, ამავდროულად, მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლას...მაგრამ იმავე სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს... წინ არის საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის ახალ პრეზიდენტთან და თბილისი უტოვებს მოსკოვს შანსს პრობლემის შემქმნელის რეპუტაცია პრობლემის გადამჭრელის რეპუტაციით შეიცვალოს .. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების გეგმა, რომელიც ჯერჯერობით დამუშავების სტადიაშია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კახა ლომაიას თქმით, ითვალისწინებს რუსეთის მნიშვნელოვან პოზიტიურ, მაგრამ გამოუყენებელ პოტენციალს. კახა ლომაიამ 29 მაისს რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს რჩება შანსი ღირსეული როლი შეასრულოს რეგიონის პრობლემების მოწესრიგებაში და, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, აინტერესებს ეს შანსი, მოქმედება პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილებისა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ამბოხებულ რეგიონთან ურთიერთობა საკუთარ რეგიონთან ურთიერთობას გაუთანაბრა:

[კახა ლომაიას ხმა] ”უნდა გადაიხედოს 16 აპრილის გადაწყვეტილება ან უნდა გაუქმდეს, და ჩვენი მოთხოვნაა გაუქმდეს, მაგრამ დასაშვები ვარიანტი იქნება, თუკი გამოცხადდება საჯაროდ, რომ აღარ განხორციელდება ეს გადაწყვეტილება. ამას გარდა, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს აფხაზეთის ტერიტორია უკანონოდ შეყვანილმა სადესანტო ნაწილებმა და მძიმე შეიარაღებამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორი ნაბიჯით რუსეთის ახალი პრეზიდენტი გზას გაუხსნის სამშვიდობო პროცესს. ”

კახა ლომაია ხაზგასმით ამბობს, რომ მის მიერ ნახსენები ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის დასაწყებად..

ასე რომ, ვნახოთ, მედვედევისა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ რა შეიცვლება და და რა არა აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გეგმაში - დმიტრი მედვედევი უარს იტყვის პუტინის გადაწყვეტილებებზე თუ საქართველო საბოლოოდ იტყვის უარს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის მედიატორობაზე.
XS
SM
MD
LG