Accessibility links

რას აკეთებს გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში


გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2003 წლიდან ყოველი წლის 29 მაისს მშვიდობის დამცველის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების საქმეს 100-ზე მეტი ქვეყნის 110 ათასი მოქალაქე ემსახურება. ამჟამად გაეროს „ცისფერი ჩაფხუტები“ და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სამშვიდობო მისიით ოცამდე ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში - იმყოფებიან. რას აკეთებს გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში და რას ფიქრობენ მის საქმიანობაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები?

თითქმის თხუთმეტი წელია გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება. 1994 წლის 18 იანვარს გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა პეტრე ჩხეიძემ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ჟენევაში ჩატარებული მოლაპარაკების კომუნიკე გაუგზავნა და იქვე მოითხოვა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, რათა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი განეხილათ. თხუთმეტი წლის შემდეგ პეტრე ჩხეიძის კოლეგა და გაეროში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი ირაკლი ალასანია მისიის საქმიანობას დადებითად აფასებს:

[ირაკლი ალასანიას ხმა] „ბატონებო და ქალბატონებო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაეროს მშვიდობის დამცველის საერთაშორისო დღეა. საქართველოში გაეროს სამშვიდობო ოპერაცია თხუთმეტ წელზე მეტია მიმდინარეობს და ამიტომ მსურს ჩემი პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურებიან.”

ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ 29 მაისს, მშვიდობის დამცველის საერთაშორისო დღეს, გააკეთა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ კი მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების მიმართულებით, ჟან მარი გიენომ, განაცხადა, რომ მშვიდობის დამცველები მოქმედებენ მკაფიო მანდატით და მიზნად ისახავენ, უსაფრთხოების პირველადი დონის შეთავაზების შემდეგ, ხელი შეუწყონ გახლეჩილი საზოგადოებების გამთლიანებას. თუმცა საქართველოს მაგალითზე, როგორც ამას უკანასკნელი მოვლენებიც ადასტურებს, ეს კეთილშობილური მისია ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს პერიოდულად ისევ ესვრიან.

[ისმის სროლის ხმა]

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი და დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის მთავარი ფუნქცია იმ ხელშეკრულების შესრულების კონტროლია, რომლის საფუძველზეც კონფლიქტის ზონაში კოლექტიური უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან. ალადაშვილის მტკიცებით, დამკვირვებლები, რომელთა რაოდენობა ას ორმოცს არ აღემატება, უდავოდ, პოზიტიურ როლს ასრულებენ:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] „გარკვეულწილად ანეიტრალებენ იმ პოზიციას, რაც აქვთ რუს სამშვიდობოებს. სხვადასხვა დროს ამ დამკვირვებლებმა დაწერეს დასკვნები იმ ფაქტებზე, რაც მოხდა. ვგულისხმობ თავდასხმას კოდორის ხეობის ქართულ სოფლებზე და 20 აპრილს რუსული ავიაგამანადგურებლის შემოჭრას. ასე რომ, ეს მისია ჩვენ უთუოდ გვჭირდება. მართალია, ხანდახან არც ოფიციალური თბილისია მათი შედეგებით კმაყოფილი, მაგრამ სულ არაფერს ეს სჯობს.“

საგულისხმოა ის, რომ, სამხედრო მეთვალყურეთა გარდა, მისიაში პოლიციელებიც იმყოფებიან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია განმარტავს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „წესით, პოლიციურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდნენ, მაგრამ ეფექტურად მოქმედების საშუალება არ არის, იმიტომ რომ არ არის მხარდაჭერა თვითონ სამშვიდობოებისგან ან იმათგან, ვისაც უშუალოდ ევალება ამ პროცესის დაცვა. ამიტომ მათი ეფექტიანობა შეზღუდულია. თუ ფორმატი შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში მათი ეფექტურობა უფრო გამოჩნდება.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე ფორმატი და, შესაბამისად, გაეროს მისიის ეფექტიანობა შეიცვლება, სამხედრო დამკვირვებელთა საქმიანობის შეფასებას იძლევიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები. ზუგდიდში მცხოვრები დევნილების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა:

[მამაკაცის ხმა] „გაერო არაფერს არ აკეთებს ქართველების საკეთილდღეოდ... „

[მამაკაცის ხმა] „არაფერი არ გაუკეთებია. დიდი ხელფასები აქვთ და გულაობენ... ჩვენი საქმე რა გააკეთეს?!“

[მამაკაცის ხმა] „გაერომ ბევრი საქმე გააკეთა და კიდევ გააკეთებს. ესენი აწვდიან საბუთებს... თვითმფრინავი რომ ჩამოვარდა, ვინ მოაგროვა დოკუმენტები? ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, თორემ გაერო მუშაობს.“

გაეროს სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, მარტო 2007 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, ოთხმოცდაათამდე მშვიდობის დამცველია დაღუპული. რაც შეეხება საქართველოსა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონას, 2001 წლის ოქტომბერში კოდორის ხეობაში, გაეროს სამეთვალყურეო მისიის ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, რამდენიმე ოფიცერი დაიღუპა, უფრო ადრე კი, 1998 წლის სექტემბერში, სოხუმში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ავტობუსს დაესხნენ თავს.
XS
SM
MD
LG