Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


წინა პერიოდთან შედარებით, გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ შედარებით ნაკლები პუბლიკაცია დაიბეჭდა.

სტატიები, ძირითადად, ორ საკითხს მიეძღვნა - განვლილ საპარლამენტო არჩევნებს და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ექსპერტების დასკვნას, სადაც ითქვა, რომ გამანადგურებელი, რომელმაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული იყო.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს შორის, სიდიდით და ანალიტიკური სიღრმით, საერთაშორისო პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ლინკოლნ მიჩელის სტატია გამოირჩეოდა, სათაურით: ”საქართველო: ვარდების ეპოქის დასასრული.” პუბლიკაცია 28 მაისს საინტერნეტო გამოცემამ ”ტრანზიშენს ოლნაინმა” გამოაქვეყნა.

”ახლახან გამართული ორი არჩევნები ცხადყოფს, რომ ქართული დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ყვავის” - ასე იწყებს სტატიას მიჩელი და განაგრძობს: ”ვარდების რევოლუციის თავდაპირველმა ემოციებმა ჩაიარა. გასულია ოთხ წელიწადზე მეტი დრო და ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საკანონმდებლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლისა და, ზოგადად, მმართველობის სისტემის განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ დღეს უკვე ზედმიწევნით ნათლად ჩანს, რომ დემოკრატია წარმოადგენს სფეროს, სადაც მთავრობას კვლავაც სამუშაო აქვს ჩასატარებელი.”

სტატიის ავტორის აზრით, საქართველოში წელს ჩატარებული ორი არჩევნები - საპრეზიდენტო და საპარლამენტო - ცხადყოფს, რომ ქვეყანაში იწყება ახალი პერიოდი, რომელშიც დემოკრატია არა იმდენად პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ დომინანტური მმართველი პარტიის ძალაუფლების შეკვეცაში ვლინდება.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში დიდი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი - აღნიშნავს მიჩელი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ არჩევნებმა საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეცვალა. სტატიის ავტორის აზრით, ამიერიდან ვეღარავინ იტყვის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს ან სუსტია. პირიქით - ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით, ისეთ მედია და სარესურსო გარემოში, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, სამთავრობო პარტიის მიერ დაახლოებით 60 პროცენტის მიღება ოპოზიციის გაჩენას მოასწავებს და არა მის სისუსტეს ან არარსებობას.

თუმცა, ამ ფაქტორების მიუხედავად, ლინკოლნ მიჩელის ვარაუდით, პოსტრევოლუციურ საქართველოში კვლავაც შენარჩუნდება ერთი პარტიის დომინაცია, მედიის სრული თავისუფლების არარსებობა და ბევრი კვლავაც გააგრძელებს მთავრობის არალიბერალური ტენდენციების კრიტიკას. მაგრამ ხელისუფლების მიერ წარმოებული რეფორმების შთამბეჭდავი კურსი, კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მმართველ ძალას კვლავაც შეუნარჩუნებს მხარდაჭერას მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებს შორის.

ლინკოლნ მიჩელი ასკვნის, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ნახევრად დემოკრატიულ, ერთ-ნახევარი პარტიის მქონე სისტემად ყალიბდება. ვითარებას, რომელშიც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არ შეიძლება სავსებით დემოკრატიული ეწოდოსო, - წერს ავტორი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ოპოზიციის მხრიდან ”კრიმინალურის” და მსგავსი ეპითეტების გამოყენებით მისი აღწერა, სიტუაციის გაზვიადების გარდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური და საარჩევნო ვითარების ადეკვატურ გაგებას უშლის ხელს. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ წევრებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მთავრობას მოსახლეობაში ფართო, თუმცა არა საყოველთაო, მხარდაჭერა აქვს. ეს, ნაწილობრივ, პოლიტიკური გარემოს მანიპულაციის გზით ხდება, თუმცა არამხოლოდ. ადამიანები ხედავენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს და არ უნდათ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი ქაოსისა და კორუფციის დაბრუნებაო, ამბობს ავტორი.

საქართველოს ამომრჩეველი მიმდინარე წელს ორჯერ მივიდა კენჭისყრაზე და ორჯერვე მკაფიო მესიჯი გაგზავნა, - წერს ამერიკელი პოლიტოლოგი, - რომ მას მთავრობის მიმართ საყვედურები დაუგროვდა და სურს მისი გამოსწორება, თუმცა არა საბოლოოდ უარყოფაო. ამერიკელი პოლიტოლოგის აზრით, საქართველოში რევოლუციის ეპოქა დასრულდა და დემოკრატიის შესახებ ხმამაღალმა დაპირებებმა და იმედებმა გზა დაუთმო ძლიერი, სტაბილური, რეფორმატორი მთავრობის ჩამოყალიბებას - მთავრობის, რომლის მუდმივ ნაკლს არასაკმარისი დემოკრატიულობა წარმოადგენს.

ახლა ჯერი შეერთებულ შტატებზეა, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერზე, რომ აღიაროს საქართველოს პოლიტიკური რეალობაო, ასკვნის მიჩელი სტატიის ბოლოს. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით - და თან იმ ფონზე, როცა ქვეყანას რთული კონფლიქტი აქვს არამეგობრულად განწყობილ ძლიერ მეზობელთან. მიჩელის აზრით, ვაშინგტონს შეუძლია საქართველოს რუსეთთან შექმნილი ამ სირთულეების გადაჭრაში დაეხმაროს. მაგრამ, წერს ლინკოლნ მიჩელი, დემოკრატია არ ვითარდება საქართველოში და ვაშინგტონის მხრიდან ამის აუღიარებლობა ქვეყნის მთავრობას გაუადვილებს უგულებელყოს დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი რეალური ნაბიჯები - ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა მედიაგარემოს გაჯანსაღება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარება და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო გამყოფის გავლებაო.

ასე ამთავრებს 28 მაისს საინტერნეტო გამოცემა ”ტრანზიშენს ოლნაინში” გამოქვეყნებულ სტატიას საერთაშორისო პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიჩელი.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გარდა, გასულ კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღება მიიპყრო გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, სადაც ითქვა, რომ გამანადგურებელი, რომელმაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული იყო. ამ თემას პუბლიკაციები მიუძღვნეს ისეთმა გაზეთებმა, როგორიცაა ”დეილი ტელეგრაფი”, ”ვაშინგტონ პოსტი”, ”გარდიანი”, ”ინდეპენდენტი” თუ სხვ.

გერმანიის ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” 28 მაისის ნომერში წერდა:

"ახლა უკვე დადასტურებულია: რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავმა აპრილში სეპარატისტული აფხაზეთის თავზე საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო. მოსკოვი, რომელიც აქამდე უარყოფდა ამ ინციდენტში ყოველგვარ მონაწილეობას და უსაფუძვლო არგუმენტებსაც იშველიებდა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაეროს ანგარიში რუსეთის ხელმძღვანელობას საქართველოსთან კონფლიქტში, პრაქტიკულად, ტყუილში ადანაშაულებს და ასაბუთებს მოსკოვის სწრაფვას ვითარების ესკალაციისკენ. უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს საფრენი აპარატი ჩამოგდებულ იქნა საჰაერო სექტორში, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავები იყენებენ და სადაც ფრენა ინციდენტის დროსაც ხორციელდებოდა. ასეთი საქციელი უპასუხისმგებლოა და აღძრავს ეჭვს იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა რუსეთი, როგორც სამშვიდობო შუამავალი, კავკასიის ტერიტორიულ კონფლიქტებში. ის გარემოება, რომ გაეროს ექსპერტები შეფასებაში მეტად მკაცრნი არიან, ადასტურებს ინციდენტის სერიოზულობას; ხოლო ის, რომ ისინი საქართველოს ხელმძღვანელობასაც აკრიტიკებენ, მათი ობიექტურობის დასტურია. დროა, ევროპელები სერიოზულად დაინტერესდნენ კავკასიაში შექმნილი ვითარებით."

ასეთი თვალსაზრისი გამოითქვა გერმანიის გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” 28 მაისის ნომერში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG