Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო ”იმედს” ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს


ტელერადიოკომპანია ”იმედის” ფაქტობრივმა მფლობელმა ჯოზეფ კეიმ რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობა სამსახურიდან დაითხოვა.

რადიოს მაუწყებლობის ყოფილი დირექტორის ნონა ყანდიაშვილის თქმით, ჯოზეფ კეიმ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ რადიომ და ტელევიზიამ ხელისუფლება არ უნდა გააღიზიანოს. რადიოს ახალი გენერალური დირექტორი ნინო გაბრიაძე კი აცხადებს, რომ კარდინალურ ცვლილებებს არ გეგმავს.

რადიო ”იმედის” მაუწყებლობის დირექტორი ნონა ყანდიაშვილი 30 მაისს უკვე წასული იყო სამსახურიდან, როდესაც მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჯოზეფ კეის მისი ნახვა უნდოდა.

[ნონა ყანდიაშვილის ხმა] ”ლაპარაკი, უფრო სწორად, მონოლოგი იქიდან დაიწყო, რომ მაგას აქვს საკმაოდ სერიოზული ბიზნესები ქვეყანაში და არ უნდა, რომ ამ ბიზნესს შეუქმნას საფრთხე. მერე თქვა, რომ არსებობს ობიექტურობა პლუსით და ობიეტურობა მინუსით. ამის შემდეგ დაამატა, რომ მაგას უნდა, რომ მისი კომპანია, ანუ ტელე და რადიო ”იმედი” იყოს ობიექტური პლუსით.”

ნონა ყანდიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ჯოზეფ კეიმ ის და რადიო ”იმედის” გენერალური დირექტორი ირაკლი ხეთერელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კაბინეტიდან გამოსვლიდან 5 წუთში კი მას დაცვის წევრებმა დაურეკეს და რადიოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

რადიო ”იმედის” ახალი გენერალური დირექტორი ნინო გაბრიაძე ამ პოსტის დაკავებამდე რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის, პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურში მუშაობდა.

ნინო გაბრიაძე ამბობს, რომ შემოთავაზება რადიო ”იმედის” გაძღოლის შესახებ რამდენიმე დღის წინ მიიღო. არ აკონკრეტებს ზუსტად, როდის, მაგრამ ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი და არც ძალიან მოკლე დროა. თუმცა ამატებს, რომ პლუსით ან მინუსით ობიექტურობასთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უთქვამთ:

[ნინო გაბრიაძის ხმა] ”ჩემთან ასეთი საუბარი არავის არ ჰქონია. მე არხის მეპატრონისგან გარკვეული ხნის წინ მივიღე შეთავაზება, წინადადება... გამოწვევა ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო და დავთანხმდი.”

რადიო ”იმედის” ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. ნინო გაბრიაძის თქმით, ის კარგად იცნობს ”იმედში” მომუშავე ჟურნალისტებს, თუმცა ამატებს, რომ რადიოს ეთერს ხშირად არ უსმენდა:

[ნინო გაბრიაძის ხმა] ”ვერ გეტყვით, რომ ძალიან აქტიური მსმენელი ვიყავი რადიო ”იმედის”, თუმცა ვუსმენდი, როდესაც ამისი დრო მქონდა. პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნორმალური, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი კოლექტივი აკეთებს არხს. ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ და დიდ, რადიკალურ ცვილებებს არ ვგეგმავ.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ჩანს, ”იმედის” ეთერს ცვლილება მაინც დაეტყობა. 31 მაისს რადიო პროტესტის ნიშნად დატოვა დილის გადაცემის პროდიუსერმა და საავტორო გადაცემის, "თბილისური ამბების", წამყვანმა ირმა მაყაშვილმა. მან თქვა, რომ ნონა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით რადიოს ჟურნალისტებს თავისუფლება ჰქონდათ. და დასძინა: ”ახლა კი მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ არის.”

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG