Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


აჭარაში ზაფხულის სეზონი ჯერ არ დაწყებულა,

მაგრამ ”კულტურული სეზონი” დაიწყო კი არა, შეიძლება ითქვას, დამთავრდა კიდეც: 17 მაისს დასრულდა ბათუმის ”ურბანული კლუბის” მიერ ორგანიზებული ალტერნატიული კულტურის ფესტივალი... ჰოდა, რა არის კულტურა, თუ არა ”ალტერნატიული”, განსხვავებული აზრი და განსხვავებული ფორმა? ის, რაც ზაფხულში დაიწყება - დამსვენებლების გასართობად მოწყობილი სანახაობები, მრავალჯერ ტირაჟირებული ფორმით და შინაარსით, ”ურბანული კლუბის” დამაარსებლების - ირაკლი ჩხეტიას, ლევან ხუჯაძისა და გიორგი ათანაძის - აზრით, მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი კულტურაა, რაც ადვილად იღეჭება და ადვილად იხარშება, ერთგვარი დესერტია - პლაჟისა და აჭარული ხაჭაპურის შემდეგ. ბათუმი კი - ეს, მართლაც რომ, მულტიკულტურული ქალაქი - იმსახურებს განსხვავებულის, უნიკალურის მხარდაჭერას. ”ურბანული კულტურის” წევრები ამიტომაც უხდიან მადლობას ქალაქის მერიას, რომელმაც ეს ფესტივალი დააფინანსა...კაცმა რომ თქვას, ხელისუფლებას ასეთი ღონისძიების ჩატარება ძვირი არ უნდა დასჯდომოდა - ”ურბანული კლუბის” საღამოები 28 მარტიდან დაიწყო; შაბათობით - ჯერ ლიტერატურულ კაფეში, შემდეგ კაფე ”შარდენში” და, ბოლოს, ეგრეთ წოდებულ ”მწვანე ბარში” - იმართებოდა ალტერნატიული ლიტერატურის, მუსიკის საღამოები, გამოფენები...ფესტივალზე მოწვეული თბილისელი სტუმრები ჰონორარებს არ მოითხოვდნენ - ის, ვინც ალტერნატიულ ხელოვნებას ქადაგებს, მინიმალურით უნდა დაკმაყოფილდეს. გიორგი ათანიძის თქმით, ასეთი ხალხის შეგროვება ორგანიზატორებს არ გასჭირვებიათ:

[გიორგი ათანაძის ხმა] ”პრეზენტაციაზე იყო ზურა რთველიაშვილი და შოთა იათაშვილი. იყო ”ვარდისფერი ავტობუსი”, ”ლაბორატორია”, გვყავდა ნოდარ ლადარია, ლაშა ბაქრაძე... წევრები შერჩეულია ძაან ეკლექტიკურად. არაა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რათა მაქსიმალური ინფორმაცია დაგროვილიყო და განსხვავებულ ადამიანებს შეხვედროდა ხალხი. რატომღაც ჩვენ გვეჩვენებოდა ასე, რომ ამ ხნის განმავლობაში ბათუმში კულტურული დეფიციტი იყო:მსგავსი არც საღამოები ტარდებოდა, ვერც ინფორმაციას მიიღებდი იმაზე, თუ რა ხდება თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში...”(სტილი დაცულია)

ინფორმაციის მიღება - ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად იმეორებენ ”ურბანული კლუბის” წევრები. მათი თქმით, ბათუმში წლების განმავლობაში კულტურა მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული ღირებულებების ტირაჟირებაზე ვითარდებოდა. არადა, ვიცოდით, რომ თბილისში უკვე არსებობს ალტერნატიული კულტურის შექმნის პირობებიო, - გვითხრა ირაკლი ჩხეტიამ:

[ირაკლი ჩხეტიას ხმა] ”გვინდა ბათუმში იყოს თავშეყრის ადგილი - ორიენტირი იქნება ანდეგრაუნდზე, სადაც მსგავსი საღამოები ჩატარდება.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ”ურბანული კლუბის” გეგმებია. ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარების სურვილი არა აქვთ - მიაჩნიათ, რომ კულტურა, რომლის პროპაგანდას ეწევიან, უმცირესობის ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს:


[ლევან ხუჯაძის ხმა] ”გაფართოება არც ისე მნიშვნელოვანი იქნება... ზაზასთანაც მქონდა საუბარი. მითხრა, ჩემს საღამოებზე ის ხალხი მოდის, ვინც მიცნობსო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის - შეიძლება არც იცნობდეს მწერლის შემოქმედებას, მაგრამ მოვიდეს, რადგან სიტუაცია აინტერესებს.”

ლევან ხუჯაძემ მწერალი ზაზა ბურჭულაძე ახსენა - მწერალი, რომელთანაც შეხვედრა აპრილის მიწურულს გაიმართა ”ურბანული კლუბის” ფესტივალის ფარგლებში. ზაზამ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე რუსულად გამოცემული თავისი წიგნის, ”მინერალური ჯაზის”, პრეზენტაცია გამართა მოსკოვში, ბათუმში ახალი მოთხრობა, ”ფონოგრამა”, წაიკითხა. გარკვეული თვალსაზრისით, ესაა ავტობიოგრაფიული ჩანახატი - ამას წინათ ბურჭულაძემ ჯაყოს როლზე მუშაობა დაასრულა დათო ჯანელიძის ფილმში ”ჯაყოს ხიზნები”.

[ზაზა ბურჭულაძის ხმა: კითხულობს მოთხრობას]


ბათუმელმა პოეტებმაც გამოთქვეს ”ურბანული კლუბის” პროექტში მონაწილეობის სურვილი - ბადრი თევზაძემ, ხათუნა თავდგირიძემ, ვახტანგ ღლონტმა ალტერნატიული ლიტერატურის მოყვარულ ბათუმელებს თავიანთი ახალი ნაწარმოებები წაუკითხეს.


[გიორგი ათანაძის ხმა] ”ჩვენ მათ არ ვიცნობდით. კი, ბათუმელები ვართ, მაგრამ პრინციპში ბათუმში არანაირი პერიოდიკა არ გამოდის, ამიტომაც სულ არსებობდა დისტანცია ხალხს შორის. ახლა თვითონ მოდიან, თვითონ იჩენენ ინიციატივას.”(სტილი დაცულია)

ალტერნატიული კულტურის საღამოებს, როგორც წესი, ხმაური მოჰყვება ხოლმე. კონტრკულტურა ხომ თავისთავად გულისხმობს პროვოკაციას, გაღიზიანებას. თუმცა ”ურბანული კლუბის” წევრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მოწყობილ საღამოებზე მხოლოდ დისკუსია იმართებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკანდალი არ ყოფილა ”ურბანული კლუბის” თვითმიზანი. შეიძლება იმიტომაც, რომ, გიორგი ათანაძის თქმით, მათ ფესტივალის ”კლუბურ ფორმას” მიანიჭეს უპირატესობა - ე.ი. ფესტივალი, ფაქტობრივად, მხოლოდ თანამოაზრეებისთვის ჩაატარეს:

[გიორგი ათანაძის ხმა] ”უბრალოდ, ”ლაბორატორიის” საღამოზე ზოგიერთმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი - არანაირი რეპლიკებით...დარჩა მეორე ნახევარი, რომელსაც მოსწონდა.”(სტილი დაცულია)

”ლაბორატორია” თბილისური ”არტჯგუფია”, რომელიც სხვადასხვა სახის პერფომენსებს აწყობს. ამ ჯგუფის ღონისძიებები ხშირად სწორედ შოკის შექმნაზეა გათვლილი. მაგრამ ”ურბანული კლუბი” თავის მოღვაწეობას არა იმდენად შოკზე, რამდენადაც ინფორმაციის მიღებაზე აგებს. მხატვრის გამოფენა, მაგალითად, აქაური ხელოვნებათმცოდნეების წინასიტყვაობით იხსნება ხოლმე:

[მხატვარს წარადგენენ] ”წარმოდგენილია ფიგურატიული კომპოზიციები... ამ სურათებში იგი მიმართავს სხვადასხვა სახის განზოგადებას. გროტესკული ელფერიც დაკრავთ ამ სურათებს...”(სტილი დაცულია)

რა თქმა უნდა, ბარში, სადაც მწერალს უსმენენ და პარალელურად შეიძლება ხაჭაპური მიირთვან, სრული კომფორტი არ არის. მაგრამ ალტერნატიული იმიტომაცაა ალტერნატიული, რომ მწერალმა კომფორტის შექმნაზე არ უნდა იფიქროს. ასეთ პირობებში საკუთარი ნაწარმოების კითხვა ძნელია. ზაზა ბურჭულაძეს, მაგალითად, ერთხელ ნერვებმა უმტყუნა კიდეც:


[ზაზა ბურჭულაძის ხმა] ”გემუდარებით, ხალხო, ხაჭაპურზე და კარტოფილზე გარეთ ილაპარაკეთ. ხელი მეშლება... თქვენც წვალობთ, მეც ვწვალობ.”

”ალტერნატიული კულტურაც” ხომ წვალებაა - შეიძლება ითქვას, ”შრომა”... დასვენების სეზონი ბათუმში მხოლოდ ახლა იწყება. დაისვენებს თუ არა ”ურბანული კლუბი”, ამას ზაფხულშივე შევიტყობთ.












  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG