Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუმ ”კომერსანტში” გააშიშვლა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა,

რომელიც ქართველი ჟურნალისტებისათვის, ძირითადად, მიუწვდომელია, გასულ კვირაში ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთ ”კომერსანტს”. ამ ინტერვიუმ დაადასტურა მოარული ხმები აფხაზეთის ხელთ არსებული სერიოზული შეიარაღების შესახებ, რაც, ზოგ შემთხვევაში, აღემატება კიდეც საქართველოსას.

თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო, მაგრამ ამჯერად აფხაზები უკვე დამოუკიდებლადაც მოახერხებენ არამხოლოდ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ჩამოგდებას. რუსულ გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზურმა მხარემ შეიძინა საშუალო რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვითი კომპლექსი, რომელსაც ქართული ავიაციის ხელთ არსებული ყველა მფრინავი საშუალების განადგურება ძალუძს:

[ვანო მერაბიშვილი] ”მათ ახლა შეიძინეს ”ბუკ1-მ”. ამის შესახებ ბაღაფშმა განაცხადა. ეს არის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც შეუძლია საჰაერო სივრცე დაფაროს 35 კილომეტრის მანძილზე. ასეთი კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემა მხოლოდ 25 სახელმწიფოს აქვს. ჰოდა, აი, ასეთი ”ბუკი” იყიდეს აფხაზებმა და იგი გალის რაიონში იმყოფება.”(სტილი დაცულია)

აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაზეთ ”კომერსანტისათვის” 28 მაისს მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, რომ ასეთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მინიმუმ 150 მილიონი დოლარი ღირს. მინისტრი მიანიშნებს იმაზე, რომ მსგავსი ძვირად ღირებული სისტემა თვითაღიარებული აფხაზებისთვის მხოლოდ რუსეთს შეეძლო ეჩუქებინა. თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც რუსულ გაზეთს ვანო მერაბიშვილმა უთხრა:

[ვანო მერაბიშვილი]” ეს ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის საშუალებაა. მათ, აფხაზებს, შეუძლიათ ჩამოაგდონ ყველა საფრენი აპარატი 25 კილომეტრის სიმაღლეზე. ჩვენი სამგზავრო თვითმფრინავები დაფრინავენ 10, სამხედრო კი - 15-20 კილომეტრზე. აფხაზეთს ახლა უფრო მეტი შეიარაღება აქვს, ვიდრე სირიას.”

ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი, მართალია, ამბობს, რომ ”ჩვენც, საქართველოს, უფრო სერიოზული იარაღი გვაქვსო”,- მაგრამ არ აზუსტებს, თუ რა შეუძლია დაუპირისპიროს ქართულმა ავიაციამ აფხაზების ხელთ არსებულ უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს ყველაფერი, რაც კი აფხაზეთის თავზე გადაიფრენს. მერაბიშვილის ინფორმაცია კიდევ უფრო საგანგაშოდ ჟღერს იმ ფონზე, როცა საქართველო კვლავ აპირებს განაახლოს სადაზვერვო ფრენები თვითაღიარებული აფხაზეთის თავზე. ამის შესახებ გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 30 მაისს, ნიუ-იორკში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, თუკი აფხაზებს მართლა აქვთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა და სირიაზე უკეთესადაც არიან შეიარაღებულნი, როგორც ამას რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში ბრძანებს ვანო მერაბიშვილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავების ნებისმიერი შემდგომი რეიდი აფხაზეთში განწირულია განადგურებისათვის. ანდა თავიდან რომ იქნეს აცილებული უპილოტო, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი, აპარატების კატასტროფა, საქართველომ თავად უნდა გაანადგუროს გალში განლაგებული ”ბუკ1-მ” ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი. განვიხილოთ თითოეული შესაძლებლობა რიგრიგობით.
შეუძლია თუ არა ქართულ ავიაციას გაანადგუროს სახიფათო სამიზნე გალის ტერიტორიაზე? გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, რომელიც 2004-2005 წლებში სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი იყო:

[ამირან სალუქვაძე] ”განადგურება ყველაფრის შეიძლება. აქ ტაქტიკაზეა საუბარი, ავიაციის ტაქტიკაზე და მოულოდნელობაზე, პირველ რიგში. და გალში ელემენტარულად საარტილერიო დანადგარებით და სარაკეტო კომპლექსებით მოხდეს ამ კომპლექსის [ბუკ 1-მ] განადგურება.”(სტილი დაცულია)

შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტაქტიკას, უფრო ზუსტად, რა პოლიტიკას აირჩევს საქართველოს ხელისუფლება. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ”კომერსანტისათვის” მიცემულ ინტერვიუში არაფერს ამბობს პრევენციულ ზომებზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონტრზომები ”ბუკ1- მ”-ის გასანადგურებლად არ იქნება გატარებული. უფრო სავარაუდოა, რომ აფხაზების საზენიტო კომპლექსი უკვე ამოღებულია სამიზნეში, რაკი ამის შესახებ ღიად ლაპარაკი საჭიროდ ჩათვალა ტრადიციულად უთქმელმა ვანო მერაბიშვილმა. მაგრამ სანამ გალში განლაგებულია ეფექტური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ქართული უპილოტო თვითმფრინავების ფრენა იმ ტერიტორიაზე 10-დან 6 შემთხვევაში ნიშნავს განადგურებას და, თანაც, სულ რაღაც 5 წუთშიო, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე და ასე აღწერს ამ საჰაერო ბრძოლის სურათს წარმოსახულ პლანშეტზე:

[ამირან სალუქვაძე] ”გამშვები დანადგარები ყველანი მორიგეობენ ნომერ 2 საბრძოლო მზადყოფნაში. ესე იგი გამორთულია, გათვლები იმყოფებიან სამუშაო ადგილებზე და შორეული აღმოჩენის რადარის მეშვეობით ხდება კომანდის გაცემა და გამშვები დანადგარების ჩართვა. შემდეგომ ამ გამშვებმა დანადგარებმა უნდა აღმოაჩინონ მიზანი და კომანდის შემდეგ გაუშვან რაკეტა მიზნის ჩამოსაგდებად.”(სტილი დაცულია)

აი, ასეთ საჰაერო დუელს ექნება ადგილი აფხაზეთის თავზე, თუკი იქ ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენა კვლავ განახლდა. ჯერჯერობით კი ასეთი რეიდები შეჩერებულია - მას შემდეგ, რაც გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა მიუთითეს, რომ ეს არის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დახმარებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჰაერში ერთგვარი სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა თვითაღიარებულ საზღვრებში. თუმცა, თუ ვანო მერაბიშვილის სიტყვებს გავშიფრავთ, აფხაზებს ”ბუკ 1-მ” ტიპის სარაკეტო-კომპლექსით ასევე შუძლიათ ჩამოაგდონ ზემო აფხაზეთის მიმართულებით მფრენი თვითმფრინავები, თუკი ისინი ოდნავ გადაუხვევენ მარშრუტს და ხეობაში ენგურის წყალსაცავის მხრიდან შეფრინდებიან. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა რუსეთი გადასცეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ”მიგ- 29” ტიპის გამანადგურებელი, რაც საჰაერო ბრძოლის ფრონტს აფხაზეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს სიღრმეში გადმოიტანდა. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ განუცხადებია, თუ რას დაუპირისპირებს იგი კონკრეტულად მის კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმრებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG