Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული

ანგარიში ქართული უპილოტო თვითმფრინავის რუსული გამანადგურებლის მიერ ჩამოგდების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და 21 მაისის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური სპექტრის საპროტესტო აქტივობა გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენები იყო.

გასული სამუშაო კვირის პირველივე დღე, 26 მაისი, ერთგვარი კატალიზატორი გახდა იმ პროცესებისა, რომლებიც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დინამიურად განვითარდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 26 მაისის ძირითად მოვლენათა ქრონოლოგია კი ასეთია: 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ტრადიციული საზეიმო აღლუმით დაიწყო. აღლუმმა მხოლოდ 40 წუთს გასტანა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ხმაურიანი შეძახილებითა და მოწოდებებით ჩაიარა ხელისუფლების მოწინააღმდეგე მრავალმა ათასმა დემონსტრანტმა. ამ საპროტესტო აქციის საბოლოო დისლოკაციის ადგილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გახდა. აქცია კი დაიწყო 26 მაისის მოედანზე, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ. ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება მომიტინგეებს „მემარჯვენეთა“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ აუწყა:

[დავით გამყრელიძის ხმა]“ ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პარტიები, არ ვცნობთ ლეგიტიმურად 2008 წლის 21 მაისს ჩატარებულ არჩევნებს, მის შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტს და უარს ვაცხადებთ ამ პარლამენტში შესვლაზე. ამასთან, მოვითხოვთ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში მოქმედ პარტიებთან შეთანხმებით შემუშავებული საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.“

ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში შევიდა ასევე 21 მაისს არჩეული პარლამენტის პირველი სესიის ჩაშლა პარლამენტის შენობის პიკეტირების გზით. საპროტესტო ღონისძიებათა უკეთ მომზადებისა და კოორდინაციის მიზნით, 30 მაისს ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი მოთხოვნა გაისმა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა]“მივმართავ ხელისუფლებას, რომ თავი დაანებოს კუკუდამალობანას და სასწრაფოდ გამოაცხადოს პირველი სესიის დღე, რათა ჩვენ, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვიყოთ მობილიზებული ამ დღისთვის, რომ საქართველოში სიმართლემ იზეიმოს.“
განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 30 მაისს. გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის ერთობლივი ბრიფინგის დასრულებიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა და ამ შეხვედრაზე ოპოზიციას კიდევ ერთხელ შესთავაზა საპარლამენტო თანამდებობები. პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რადგან იგი ისე ძლიერია, როგორც არასდროს.
საქართველოს ხელისუფლების სიძლიერის ერთ–ერთ ფაქტორად მმართველ პარტიაში დიპლომატიურ არენაზე მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო მხარდაჭერასაც ასახელებენ. გასულ სამუშაო კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე აქტივი ამ მიმართულებითაც ჩაიწერა. 26 მაისს გაეროს დამკვირვებელთა მისიის ფაქტების დამდგენმა ჯგუფმა გამოაქვეყნა 2008 წლის 20 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უპილოტო შეუიარაღებელი თვითმფრინავის განადგურებასთან დაკავშირებული ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ქართული მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა და რადარის მონაცემები აუთენტურია. ფაქტების დამდგენმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ აღნიშნული გამანადგურებელი გუდაუთის აეროდრომიდან აფრინდა და რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის დასკვნას 26 მაისს ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოეხმაურნენ. აი, რა განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე:

[კარლ ბილდტის ხმა]“ ანგარიშში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თვითმფრინავი შემოფრინდა რუსეთიდან, ისროლა რაკეტა, ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი და ისევ რუსეთში დაბრუნდა. ამ გარემოებიდან კეთდება დასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს ეკუთვნის. არაფერია სენსაციური ამ დასკვნაში, თუ ცნობილია, საიდან შემოფრინდა და საით გაფრინდა თვითმფრინავი.“

გაეროს დამკვირვებელთა მისიის ანგარიშის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარისგან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის აქტის გამო ბოდიშის მოხდა, მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსაცია და გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება მოითხოვა. ამასთან, ეუთოს ფარგლებში აამოქმედა ვენის მექანიზმი, რაც ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიის აქტის თაობაზე ოფიციალურ ახსნა–განმარტებას ითვალისწინებს. ამის პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭომ 30 მაისს საქართველოს თხოვნით მოწვეულ დახურულ სხდომაზე 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი განიხილა:

[ირაკლი ალასანიას ხმა]“ უშიშროების საბჭოს უმეტესმა წევრებმა ერთსულოვნად დაგმეს აღნიშნული აგრესიული აქცია. დაადანაშაულეს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში და მოითხოვეს, რომ მომავალში აღარ განმეორდეს ამგვარი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.“

უთხრა გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ რადიო „თავისუფლებას.“ მისივე განმარტებით, თბილისმა აფხაზეთის თავზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენა შეაჩერა, თუმცა იტოვებს ასეთი ფრენების განახლების უფლებას.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ქართული მხარის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკვე ორჯერ შედგა. საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად ცდილობს ქართულ–აფხაზურ კონფლიქტში რუსეთისათვის მედიატორის როლის ჩამოცილებას და მისი მიკერძოებულობის მხილებას. 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავრობის წევრებს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მანდატის შეცვლის მექანიზმების ძიება დაავალა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში უკვე არსებობს პროექტი, რომელიც სამშვიდობო ძალების საპოლიციო ძალებით ჩანაცვლებას გულისხმობს. სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს მოუსმინეთ:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ლაპარაკია, რომ პოლიციელები იქნებიან ქართველები და აფხაზები, რეგიონში მცხოვრები სხვა მოსახლეობა, რომელსაც გაწვრთნიან და დროის რაღაც მონაკვეთში მენეჯმენტს გაუწევენ საერთაშორისო საპოლიციო ძალები. საერთაშორისო საპოლიციო ძალები შედგენილნი იქნებიან, ჩვენი წარმოდგენით, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან. მინდა დავამატო, რომ ჩვენ რუსეთსაც ევროპულ სახელმწიფოდ განვიხილავთ. ხოლო თუ ვისი ფორმატით და ვისი ეგიდის ქვეშ შეიძლება ჩატარდეს, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სასურველი იქნება, ეს ჩატარდეს ეუთოს ეგიდის ქვეშ.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის თემა, წინასწარი ინფორმაციით, წამყვანი იქნება საქართველოს პრეზიდენტისა და რუსეთის ახალი პრეზიდენტის პირველ შეხვედრაზე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში, სავარაუდოდ, 7 ივნისს გაიმართება. ამ შეხვედრის მოსამზადებლად 29 მაისს თბილისში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი.

[კახა ლომაიას ხმა]“ვინაიდან ეს ვიზიტი მოთხოვნილი იყო, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი ვიზიტი პეტერბურგისთვის, ჩვენ ველოდებოდით ძალიან კონკრეტულ წინადადებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავინახეთ ეს იდეები, ვერ მოვისმინეთ ეს იდეები, ხოლო თვითონ ფაქტი, რომ ასეთი ხედვა არ იქნა წარმოდგენილი, ასეთი წინადადებები არ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ სახიფათო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ურთიერთობები იმყოფება საკმაოდ კრიტიკულ ფაზაში.“(სტილი დაცულია)

განაცხადა მიხეილ სააკაშვილისა და იური ზუბაკოვის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ. მისი განმარტებით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ძალზე ნათელი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი. დმიტრი მედვედევთან პირველ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი ისეთ საკითხებზე აპირებს საუბარს, როგორიცაა ვლადიმირ პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილება და საჯარისო კონტინგენტის გაზრდა აფხაზეთში. თავის მხრივ, თბილისისა და სოხუმის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობაზე სასაუბროდ აფხაზეთში 30 მაისს ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩები ჩავიდნენ. მათი ვიზიტის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ვერავინ - მათ შორის, ვერც ევროკავშირი - ვერ შეძლებს აფხაზეთის დარწმუნებას, რომ უნდა დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში. ბაღაფშის თქმით, სოხუმი არასოდეს დათანხმდება, რუსეთი ჩამოშორდეს სამშვიდობო პროცესს.





XS
SM
MD
LG