Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს არასტაბილური პოლიტიკური გარემო საქართველოს ეკონომიკაზე


ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ”ფიჩისა” და ”სტანდარტ ენდ პურსის” შეფასებით,


ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს აისახა ამ სააგენტოების რეიტინგებშიც, რომლებმაც საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება გადაიფიქრეს. ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების ტემპის შემცირებას იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკიც. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს ეკონომიკაზე.

პოლიტიკურ არასტაბილურობას, პირველ რიგში, ბიზნესი გრძნობს. ეს ნათლად ჩანს ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე, სადაც აქციების კურსი პოლიტიკოსთა განცხადებებზეც კი რეაგირებს. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესს და, ზოგადად, ეკონომიკას შეუმჩნეველი არ დარჩენია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრისა და ბიზნესმენის გიორგი ისაკაძის განცხადებით, პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე სწრაფად ყველაზე მგრძნობიარე ბიზნეს სექტორზე აისახა:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ხელშესახები გახდა გარკვეული პრობლემატური დამოკიდებულებები საქართველოს კომერციულ ბანკებთან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურობისა და განვითარების გარკვეულ ინდიკატორებადაც კი გვევლინებოდნენ. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის, ინფლაციური მოვლენების გარკვეული შედეგია ის, რომ დღეს საკმაოდ მომატებულია ამ რისკების გამო საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთები.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, ამის მიზეზი ის არის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კაპიტალის შემოდინების ტემპის შენელება აღინიშნა. ასევე შენელდა ბანკის სარეზერვო კაპიტალის ზრდის ტემპიც. თუმცა არჩევნების შემდგომ პერიოდში, შესაძლოა, კაპიტალი კვლავ სწრაფი ტემპით შემოვიდესო, იმედოვნებენ ეროვნულ ბანკში. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს ნიკო მჭედლიშვილს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”მე მქონდა ამ დღეებში შეხვედრა პოტენციურად მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც ფრთხილობენ ამ ფონზე, რაც შექმნილია საქართველოში, და ცდილობენ, რომ ისეთი გაბედულები არ იყვნენ, როგორიც იქნებოდნენ სხვა დროს სხვა ქვეყანაში.”(სტილი დაცულია)

ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, ქვეყნის ეკონომიკა 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის გარეშე დარჩა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტია. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რა რაოდენობის ზარალს განიცდის მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრის, ბიზნესმენ გიორგი ისაკაძის განცხადებით, პოლიტიკურ არასტაბილურობას წერტილი უნდა დაესვას:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”აი, ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი. ეს უნდა იყოს ცივილური, მშვიდობიანი გზით და ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ წლიდან წლამდე არ იცვლება ხელისუფლება არადემოკრატიული გზით და არ იცვლება ფასეულობები. ფაქტია, რომ ეკონომიკამ ეს საფრთხე იგრძნო და მოახდინა გარკვეული ნეგატიური რეაგირება.”(სტილი დაცულია)

ამ ტენდენციების გამო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”სტანდარტ ენდ პურსმა” საქართველოს ”ბი პლუს” საკრედიტო რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა. ექსპერტების განმარტებით, ეს იმას ნიშნავს რომ ავტორიტეტული სააგენტო ჯერჯერობით ვერ ხედავს საქართველოში საკრედიტო ატმოსფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG