Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს


21 მაისის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს მოქმედების გეგმის გამჟღავნებას,




თუმცა საარჩევნო ბლოკის ლიდერები ირწმუნებიან, რომ, ოპოზიციის აქტივისტების დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, ძალადობას ძალადობით არ უპასუხებენ და გამოიყენებენ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს. ოპოზიციის მტკიცებით, ძალადობის ფაქტებმა, რასაც სახალხო დამცველის აპარატიც ადასტურებს, განსაკუთრებით 26 მაისის საპროტესტო გამოსვლის შემდეგ მოიმატა. ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებული ცნობით, ნაცემია რამდენიმე აქტივისტი გორსა და ხაშურში, ხოლო სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორსა და გაერთიანებული ოპოზიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გიორგი თავდგირიძეს
დიღმის ხიდთან დახვდნენ. საკითხავია, ვინ და რატომ ძალადობს?


[ისმის ჩხუბის ხმა]

21 მაისს - არჩევნების დროს - დაწყებული ჩხუბი და საქმის გარჩევა ჯერ არ დასრულებულა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, დავით გამყრელიძის, თქმით, ოპოზიციის კიდევ ერთ აქტივისტს, ირაკლი ბოცვაძეს, უცნობი პირები დაესხნენ თავს. თავად ძალადობის მსხვერპლი მომხდარს ასე იხსენებს:

[ირაკლი ბოცვაძის ხმა] „სახლის მისასვლელთან ნიღბიანები დამხვდნენ ბეისბოლის ჯოხებით და შეეცადნენ ჩემ ცემას, მაგრამ რაღაც ფორმით მოვახერხე დასხლტომა... ხედავთ, რომ ჯანმრთელი ვარ, თუმცა ტანზე ბევრი ნაიარევი მაქვს. სახეზე გადავრჩი.“

თავდამსხმელებს ასე იოლად ვერ გადაურჩა სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი და გაერთიანებული ოპოზიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი თავდგირიძე, რომელსაც, როგორც დეპუტატი მანანა ნაჭყებია ამბობს,
ფეხი აქვს მოტეხილი:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „დიღმის ხიდის ქვემოთ გააჩერებინეს მანქანა... რამდენიმე მანქანამ მისი ბლოკირება მოახდინა. გადმოიყვანეს და ბლაგვი საგნით - სავარაუდოდ, არმატურის ნაჭრით - მიაყენეს ტრავმები თავის არეში, ფეხის არეში - წვივი აქვს მოტეხილი - და მუცლის არეში.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიციის მიერ დასახელებულ ფაქტებზე მწირ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების წარმომადგენელი შოთა ხიზანიშვილი განმარტავს:

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „ კონკრეტულად ჩვენთვის არ მოუმართავთ, მაგრამ ცემის ნებისმიერ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.“

თუმცა, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება, ოპოზიციის აქტივისტების დევნაზე რეაგირებს სახალხო დამცველის ოფისი. ომბუდსმენის მოადგილე სოფო ხორგუანი ამბობს, რომ ათი გახმაურებული შემთხვევიდან მისმა თანამშრომლებმა უკვე შვიდი გამოიკვლიეს:

[სოფო ხორგუანის ხმა] „ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როცა წინასწარ დაემუქრნენ და აუსრულეს... გორში იყო ასეთი რამ. დანარჩენ შემთხვევებში სცენარი ერთი და იგივეა. ძირითადად 4-5 ადამიანი, ნიღბით და კასტეტებით. სახეში არ ურტყამენ, ძირითადად, ასეთი ტექსტებით: ძვლები არ დაუმტვრიოთ, თირკმელებში და ფილტვებში... ანუ ისე სცემონ, რომ ძალიან არ დააზიანონ, მაგრამ ურტყამენ გამეტებით.“(სტილი დაცულია)

ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების მომრავლებას გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების შიშს უკავშირებს. მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების წინ ხელისუფლება უკმაყოფილო ამომრჩევლის დათრგუნვას ცდილობს. პასუხად კი ოპოზიციის ლიდერები მმართველ პარტიას მოვლენების განვითარების მშვიდობიან გეგმას სთავაზობენ:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „გადახედოს იმ ოლქების შედეგებს, სადაც იციან, რომ მასობრივად ჩაყრები მოხდა, - ეს არის სამცხე-ჯავახეთი, ეს არის ქვემო ქართლი, - რაც გამოიწვევს იმას, რომ დაიწევს ხელისუფლების მაჩვენებელი, ოპოზიციისა კი აიწევს. ხელისუფლებამ თავი დაანებობს იმის მტკიცებას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო ამ არჩევნებში და ოპოზიციაც გადახედავს თავის დამოკიდებულებას.” (სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის ამ ინიციატივას იწონებს არჩევნებში გამარჯვებული კიდევ ერთი პარტია. ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის კომენტარი:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ხელითა და ნებით გააუქმოს არჩევნების შედეგები... გაუქმებაც არაა საჭირო, უბრალოდ, არ დაამტკიცოს. ეს არის მოთხოვნა მაქსიმუმი. მინიმალური მოთხოვნა კი ასეთია: ქვემო ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის შედეგები არის მთლიანად გასაუქმებელი, რაც გაგვიყვანდა მოლაპარაკების ფორმატში. სხვა შემთხვევაში პარლამენტში შექმნილი მდგომარეობა არის არაადეკვატური საზოგადოების განწყობასთან და ეს არაადეკვატურობა შეიძლება გადაიზარდოს ძალიან ცუდ პროცესებში, რასაც არავინ არ ვისურვებდით.“(სტილი დაცულია)

თუმცა ოპოზიციის წინადადებას ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს. საქმე ის არის, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შედეგების შეცვლა მხოლოდ სასამართლოებს შეუძლიათ. თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ზურაბ კაჭკაჭიშვილი განმარტავს, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, ალბათ, აღარ შეიცვლება:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელი ოლქის გაუქმება მოხდეს, რადგანაც მაგის საფუძველი ნამდვილად არ არის. არ გამოირიცხება, ვთქვათ, რომელიმე უბნის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მხოლოდ ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში. პროპორციულზე ნამდვილად არა.“(სტილი დაცულია)

ზურაბ კაჭკაჭიშვილის თქმით, სასამართლოები პარტიებისა და დამკვირვებლების საჩივრების განხილვას ორიოდე დღეში დაასრულებენ. უკიდურეს ვადად ოთხი ივნისი სახელდება.




  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG