Accessibility links

აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შესვლას თბილისი "დაუფარავ აგრესიად" აფასებს


2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ გამოცხადდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო.

კოვალენკოს საქართველოს საპროტესტო ნოტა გადაეცა საქართველოს - კერძოდ, აფხაზეთის - ტერიტორიაზე, საქართველოსთან შეუთანხმებლად, რუსეთის სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფის შეყვანის გამო. ამ ფაქტს საქართველო რუსეთის დაუფარავი აგრესიული პოლიტიკის მორიგ გამოხატულებად მიიჩნევს. ”რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისთვის მზადება”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.. აფხაზეთის პრობლემაზე იყო მსჯელობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2 ივნისს. გავრცელებული ცნობით, იგეგმება პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან. საქართველო აპირებს რუსეთს მკაცრად მოსთხოვოს პასუხი აფხაზეთში განხორციელებული მორიგი შეუთანხმებელი ნაბიჯის გამო.

რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე სოხუმში? 2 ივნისს რადიო ”თავისუფლებამ” ჩაწერა ინტერვიუ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობასთან. მაგრამ ინტერვიუს გაცნობამდე საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორია ოფიციალური თბილისის შეფასება - რას ნიშნავს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარის ქვედანაყოფის შეყვანა, რა მიზანი აქვს ამ ნაბიჯს და რა ფორმით მოსთხოვს საქართველო პასუხს რუსეთს. ამ შეკითხვით მივმართე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს.

[გივი თარგამაძის ხმა] ”ყველანაირი საუბარი ჰუმანიტარულ მისიაზე არის დაცინვა. რუსეთის ელჩის კომენტარიც იყო დაცინვა პირდაპირი. როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჰყავს საჯარისო ნაწილები, ეს სხვა არაფერია, თუ არა ინტერვენცია. ლაპარაკი იმაზე, რომ შეუიარაღებელი ნაწილებია და ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, არის რეალობის დაფარვის ზერელე მცდელობა. რეალურად, ჩვეულებრივი მუშებიც რომ იყვნენ მარტო შეყვანილნი, ესეც კი დარღვევა იქნებოდა, რადგან სურვილი იმისა, რომ მის ტერიტორიაზე რუსეთს აღდგენითი სამუშაოები ეწარმოებინა, საქართველოს არ გამოუხატავს. აქედან გამომდინარე, ეს არის ინტერვენცია. რეალობა გვეუბნება, რომ ეს არის მზადება შემდგომი ინტერვენციისა და ფაქტობრივი ანექსიისათვის.. საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას. პირველი გამოძახილები უკვე არსებობს, მაგრამ უბრალო შეფასებებით ვერ შემოვიფარგლებით. საქმე გვაქვს სწრაფად მიმდინარე ანექსიასთან. გვაქვს იმედი საერთაშორისო მხარდაჭერისა და რეალობაში სწრაფად მოგვიწევს საკითხის დაყენება ყველა იმ რუსულ საჯარისო ფორმირებაზე, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, მათ შორის, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ჯარებისა და, მე მგონი, დგება დრო, როცა მათ საოკუპაციო ჯარების სტატუსი უნდა მივანიჭოთ. ” (სტილი დაცულია)

ასეთ შეფასებას აძლევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო საჯარისო ქვედანაყოფის შეყვანას... ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესოა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას მოსაზრებაც.. 2 ივნისს მას სატელეფონო ინტერვიუ ჩამოვართვი და პირველი შეკითხვა აფხაზეთში ევროკავშირის ქვეყნების 15 ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით დავუსვი ..


[ინტერვიუ სტანისლავ ლაკობასთან}


შეკითხვა: ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ სოხუმში თქვენ განაცხადეთ, რომ იგრძნობა გარკვეული ცვლილებები აფხაზეთის პრობლემის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაში. რა იგულისხმეთ ნათქვამში? რაში დაინახეთ ცვლილებები ან მოსალოდნელი ცვლილებები?

სტანისლავ ლაკობა: იცით, რომ არ ყოფილა აქამდე ასეთი ფართო შემადგენლობა ევროკავშირისა აფხაზეთში.. ამდენად, დიალოგი, რომელიც წარიმართა, განსხვავდებოდა ადრინდელი ფორმატებისგან. დაგეგმილია სოლანას ვიზიტიც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ლაპარაკი ცვლილებებზე ან მოსალოდნელ ცვლილებებზე. თუმცა რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ცვლილებები, საკამათოა.

შეკითხვა: თქვენი ინფორმაციით, რისთვის ჩამოდის ჰავიერ სოლანა, რა შეიძლება იყოს ვიზიტის მიზანი?

სტანისლავ ლაკობა: რამდენადაც ვიცი, ის საქართველოში ჩამოდის. არ გამოვრიცხავ ვიზიტის მიზანი იყოს ვითარების განმუხტვა თავად საქართველოში. ვითარება კი, ჩემი აზრით, მარტივი არ არის. მაგრამ ეს ჩემი შეხედულებაა. ბატონ სოლანას პროგრამა ჩემთვის უცნობია.

შეკითხვა: რატომ, რა მიზნით შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო-საინჟინრო ჯარების ქვედანაყოფი? ამჟამად სად არიან ისინი განთავსებულნი და რა სამუშაოს ატარებენ?

სტანისლავ ლაკობა: არსებობს ოფიციალური მონაცემები... ამ ფაქტს არა აქვს შეფარული მიზნები. მიზანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაა, რაც თავისთავად სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება და მეტს არაფერს.. სულ 400 კაცია შემოყვანილი. ისინი არ არიან შეიარაღებულნი და მიზანი მათი სამშვიდობოა.

შეკითხვა: საქართველო ითხოვს აფხაზეთში სამშვიდობო ფორმატის შეცვლას.. რა მოხდება, თუკი რუსეთის სამშვიდობო ჯარი გავა ტერიტორიიდან? შეძლებენ სოხუმი და თბილისი მშვიდობის უზრუნველყოფის ორმხრივ ფორმატზე შეთანხმდნენ?

სტანისლავ ლაკობა: ჩემი აზრით, ეს სარისკო ნაბიჯია, მით უფრო, რომ ისინი არ წავლენ. პრობლემა ამაშია.. წასვლას მოჰყვება შეტაკებები, რაც არავის აძლევს ხელს.

შეკითხვა: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის წინ ვლადიმირ პუტინმა ”სწორი” უწოდა მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებებს. რატომ არ გინდათ დიალოგი ამ წინადადებებთან დაკავშირებით? საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთს ფართო ავტონომია შესთავაზა.

სტანისლავ ლაკობა: ხომ გესმით, ეს განვლილი ეტაპია. რა განვიხილოთ? ის, რაც 1992 წელს განიხილებოდა?.. ბატონმა სააკაშვილმა თავის ერთ გამოსვლაში ავტონომიაც ახსენა და ფედერაციაც. ამიტომ მის შემოთავაზებებს სერიოზულად არ განვიხილავთ. წინადადებები სიტყვიერად არ უნდა კეთდებოდეს, წინადადებები უნდა ყალიბდებოდეს მოლაპარაკების პროცესში. პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ერთი წინადადებით გამოდის, ხვალ შეიძლება სხვა წინადადებით გამოვიდეს. რატომ არ გააკეთა ეს მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, რატომ არ გააკეთა ეს 4 წლის წინ? სხვანაირად უნდა დაეწყო. უნდა დაეწყო სამშვიდობო წინადადებებით და არა მუქარით. მაგალითია კოდორის ხეობა, მაგალითია გალის რაიონში მომხდარი ფაქტები - გატაცება სიგუასი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებმა მოკლეს. ასეთმა ქმედებებმა დაპირისპირება გააძლიერა..

შეკითხვა: მაგრამ არსებობენ დევნილები. რატომ არ შეუძლიათ ამ ადამიანებს სახლში დაბრუნება? საქართველოს მიზანია მიაღწიოს დევნილთა დაბრუნებას მთელ აფხაზეთში.

სტანისლავ ლაკობა: არსებობს შეთანხმება, რომელშიც ლაპარაკია დევნილების დაბრუნებაზე, უპირველესად, გალის რაიონში. ამ შეთანხმებას საქართველოც აწერს ხელს და, თუ ვინმეს დაავიწყდა ხელმოწერილი დოკუმენტის არსებობა, ჩვენი პრობლემა არ არის. პუტინმაც აღნიშნა, რომ 50 ათას კაცზე მეტი დაბრუნდა გალის რაიონში.. ჩვენ არ შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ ეს პროცესი ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე.

შეკითხვა: თქვენ გამორიცხავთ დევნილების დაბრუნებას გალის რაიონის იქით, აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში?

სტანისლავ ლაკობა: მოცემულ ეტაპზე ეს შეუძლებელია. მაშინ აფხაზეთს უნდა აუნაზღაურონ ზარალი, რაც მას ომის შედეგად მიადგა, ზარალი კი 12-13 მილიარდ დოლარს შეადგენს.. ამას გარდა, უნდა გაფორმდეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მთელი რიგი აქტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მოხდეს ის, რაზეც თქვენ მელაპარაკებით. ეს კი შეუძლებელია, შეუძლებელი! როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანების დაბრუნება, როცა აქ ყველა ოჯახს ჰყავს დაღუპული.. ომი თბილისში არ მომხდარა, ომი აქ მოხდა.. თქვენ ეს გავიწყდებათ. საქართველო მოვიდა აქ, აფხაზეთი არ დასხმია თავს საქართველოს.

შეკითხვა: აფხაზეთის მოსახლეობას აქვს რუსეთის პასპორტები, აფხაზეთის ვალუტა არის რუბლი... ეს არის დამოუკიდებლობა? საით ისწრაფით და რამდენად რეალისტური გგონიათ დამოუკიდებლობის მიღწევა?

სტანისლავ ლაკობა: ეს რეალობაა. მსოფლიოში არის მაგალითები. პროცესი შეიძლება ეტაპებად განვითარდეს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რუბლს. აქ რუბლიც შემოდის და დოლარიც.. ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ვალუტაც გაჩნდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბლოკადის პირობებშიც იყო და თან ყველა საკითხი გადაჭრა... ასე არ გამოდის. ჩვენ იმდენი არ ვართ, როგორც ჩინელები.. მაგრამ ჩინელებისა არ იყოს, ჩვენი დათვლაც ძნელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG