Accessibility links

მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა


მაკედონიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ სახელწოდებით "უკეთესი მაკედონიისთვის".

კენჭისყრის მსვლელობას თან ახლდა ძალადობის აქტები, რომელთა შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ათამდე ადამიანი.

წინასწარი, არასრული შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის მმართველმა პარტიამ ხმების 48 პროცენტზე მეტი მოაგროვა და მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი - სოციალ-დემოკრატიული პარტია. ამ უკანასკნელს ამომრჩეველთა 23 პროცენტზე ოდნავ მეტი მიემხრო. მესამე და მეოთხე ადგილებზე დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლით გავიდნენ ეთნიკურ ალბანელთა პარტიები: ალბანეთის დემოკრატიულმა კავშირმა ინტეგრაციისთვის დაახლოებით 11 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ალბანელთა დემოკრატიულმა პარტიამ - თითქმის ათნახევარი პროცენტი.

სწორედ მესამე და მეოთხე ადგილზე გასული ამ ორი პარტიის მხარდამჭერთა შორის მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი, სწორედ ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ რაიონებში ვერ მოხერხდა კენჭისყრის ნორმალურად ჩატარება და სწორედ იქ მდებარე რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოეწყობა ხელახალი კენჭისყრა.

დღეს გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაში ეუთოს მეთვალყურეთა მისიამ აღნიშნა, რომ საბოლოო შეფასება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა. წინასწარი შეფასების თანახმად კი მაკედონიის არჩევნები სრულად ვერ უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს.

სხვათა შორის, ეს გუშინვე აღიარა გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა გრუევსკიმ:

[ნიკოლა გრუევსკის ხმა]: "მაკედონიაში გახსნილი საარჩევნო უბნების უმეტესობაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. სამწუხაროდ, ზოგან მოწმენი გავხდით უსიამოვნო ინციდენტებისა და კენჭისყრის პროცედურის დარღვევებისა. ჩვენი პარტია და კოალიცია "უკეთესი მაკედონიისთვის" ყოველ ღონეს იხმარს, რათა ამ უბნებზე ხელახალი კენჭისყრა მოეწყოს და პარლამენტის ყოველი წევრი არჩეულ იქნეს სამართლიანი და დემოკრატიული წესით."

ნიკოლა გრუევსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა რადმილა სეკერინსკამ, რომელიც - მარცხის მიუხედავად - თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის შედეგით უკმაყოფილო არ ჩანს:

[რადმილა სეკერინსკას ხმა]: "მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში ფასიანი რეკლამის დრო მმართველ პარტიაზე ხუთჯერ ნაკლები გვქონდა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მაინც მოახერხა, მოქალაქეების მხარდაჭერა მოგვეპოვებინა. მინდა აღვუთქვა მათ, რომ გვყავს გუნდი, რომელიც წინ ივლის. ეს არის გუნდი, რომელიც ამბობს: რაც არ მოგვსპობს, მხოლოდ გაგვაძლიერებს."

თუ მმართველი ძალისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის დაპირისპირება პოლიტიკური ჭიდილის ხასიათს ატარებდა, ეთნიკურ ალბანელთა ორი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილმა ურთიერთობის გარკვევა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხელჩართულ ბრძოლაში სცადეს. ალბანელების დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის და ალბანელთა დემოკრატიული პარტია ერთმანეთს ჯერ კიდევ 2006 წლის არჩევნების შემდეგ წაეკიდნენ. მაშინ დემოკრატიულმა კავშირმა ინტეგრაციისთვის უკეთესი შედეგი აჩვენა, მაგრამ ნიკოლა გრუევსკის კოალიციურ მთავრობაში ალბანელთა დემოკრტიული პარტია მოხვდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჯერადაც მსგავსი სურათის მოწმენი ვართ (ანუ პრემიერ-მინისტრმა გრუევსკიმ უკვე განაცხადა, რომ კოალიციაში უარესი შედეგის მქონე ალბანელთა დემოკრტიულ პარტიას შეიყვანს), ადვილი სავარაუდოა, რომ მაკედონიის არაერთ საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრა დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართება.
XS
SM
MD
LG