Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში გაეროს სურსათის კონფერენცია იწყება


რომში სამდღიანი მასშტაბური სამიტი დაიწყო, რომლის მიზანს სურსათის გაძვირებასთან ბრძოლის გზების დასახვა წარმოადგენს.

კონფერენციაში დაახლოებით 40 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ - ისინი ექსპერტებთან ერთად ცდილობენ შეიმუშაონ ხორბლის, ბრინჯის, საჭმელი ზეთისა და სხვა ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასების დაწევის სტრატეგია.

კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გახსნა. თავის გამოსვლაში მან კონფერენციის თემის სიმწვავეს გაუსვა ხაზი:

[ბან კი მუნი]
”სანამ დღევანდელი კრიზისული ვითარება შეიქმნებოდა, სურსათის ნაკლებობას, მსოფლიო მასშტაბით, 850 მილიონ ადამიანზე მეტი განიცდიდა. მსოფლიო ბანკის აზრით, ეს მონაცემი შეიძლება კიდევ 100 მილიონით გაიზარდოს. მსოფლიოს უღატაკესი მოსახლეობა თავისი შემოსავლის ორ მესამედს - ან კიდევ უფრო მეტს - სურსათზე ხარჯავს. [კრიზისი] ყველაზე მეტად მათ დააზარალებს.”

სურსათზე მზარდი ფასებით შექმნილი საფრთხის დემონსტრირებისთვის გაეროს გენერალურმა მდივანმა ასეთი მაგალითი მოიყვანა:

[ბან კი მუნი]
”მე ეს ჩემი თვალით ვნახე. ახლახან ლიბერიაში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც უწინ ბრინჯს ტომრებით ყიდულობდნენ ხოლმე. დღეს კი ისინი ამ პროდუქტს უკვე ჭიქებით ყიდულობენ.”

თავის გამოსვლაში ბან კი მუნმა ისიც აღნიშნა, რომ სურსათის გაძვირებით გამოწვეულმა სასოწარკვეთამ განვითარებადი ქვეყნების ღარიბი მოსახლეობა უკვე აიძულა ქუჩაში გასულიყო საპროტესო აქციების მოსაწყობად. გაეროს გენერალური მდივნის აზრით, საპროტესტო ტალღა თუ კიდევ უფრო გაძლიერდა, ეს ისედაც მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დესტაბილიზაციის საფრთხეს შეუქმნის.

ბან კი მუნმა ეს სიტყვა რომში მიმდინარე კონფერენციაზე წარმოთქვა. შეხვედრაზე თავი მოიყარა დაახლოებით ათასმა მონაწილემ - მათ შორის, ქვეყნების ლიდერებმა, მთავრობების ხელმძღვანელებმა, გაეროს თანამშრომლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ შეძლებენ დასახონ სურსათის გაძვირებასთან ბრძოლისა და მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის დახმარების გზები.

მაგრამ კონფერენციის მონაწილეებმა ისიც კარგად იციან, რომ ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა იოლი არ იქნება.

მთავარ სირთულეს ის ფაქტორი ქმნის, რომ სურსათის გაძვირებას მრავალი მიზეზი აქვს - იქნება ეს მწირი მოსავალი, კლიმატური ცვლილებები, საწვავის სიძვირე თუ გლობალურ მოვაჭრეთა მხრიდან სურსათის ფასებით მანიპულაცია. მწვავე კამათის საგანია აგრეთვე ბიოლოგიური საწვავის პროგრამებიც - საწვავის წარმოება სურსათის გადამუშავების გზით.

კონფერენციის ორგანიზატორი, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდერ მიულერი, ღონისძიების მიზნებს ასე აჯამებს:

[მიულერის ხმა]
”ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ დეკლარაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადება და რომელიც, ამავე დროს, ხელმომწერებს სასწრაფო, გადაუდებელ მოქმედებას დაავალდებულებს. პრობლემას მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ზომები ერთდროულად უნდა დავუპირისპიროთ - ამის გაკეთება კი მხოლოდ საერთაშორისო დონეზეა შესაძლებელი.”

ამგვარი დეკლარაციის შესამუშავებლად მთავრობათა ლიდერებს მოუწევთ გვერდზე გადადონ მრავალი უთანხმოება. მაგალითად, ბიოლოგიური საწვავის მოწინააღმდეგეებს სურთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა შეწყვიტონ სიმინდის საწვავად გადამუშავება; ამ დროს კი შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ძვირად ღირებული ნავთობისა და გაზის ალტერნატიული საწვავის გამომუშავებაა სწორედ ის გზა, რომელიც მომავალში სურსათის გაიაფებას მოიტანს.

ამასთან, ერთობლივი დეკლარაციის მიღება სხვა პრობლემებსაც უკავშირდება - პოლიტიკოსებს მოუწევთ არ აჰყვნენ ცდუნებას და არ შეეხონ სხვა საკითხების ირგვლივ არსებულ ღრმა პოლიტიკურ დაპირისპირებებს.

ცდუნება რომ უსათუოდ იქნება, ამაზე ნათლად მეტყველებს კონფერენციაში მონაწილეობა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადისა, რომელსაც ირანის ატომური პროგრამის გამო პრობლემები აქვს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. კონფერენციის სტუმრებს შორისაა ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბეც, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მწვავედ აკრიტიკებს თავის ქვეყანაში ძალაუფლების გადამეტებისათვის.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG