Accessibility links

logo-print

რა მოხდა რადიო „იმედში“?


როგორც მოსალოდნელი იყო, რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობის შეცვლამ გულგრილი ვერ დატოვა ქართული მედიის ნაწილი.

სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილმა ჟურნალისტებმა რადიოკომპანიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდეს. ჟურნალისტების შეშფოთება გაიზიარა სახალხო დამცველმაც, რომლის თქმითაც, საქართველოში მიზანმიმართულად წარმოებს მედიის შეზღუდვის პოლიტიკა. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რადიო „იმედში“ და როგორ აპირებენ ჟურნალისტები საკუთარი უფლებების დაცვას.

ნონა ყანდიაშვილი რადიო „იმედში“ დაარსების დღიდან, ანუ ორი ათას ერთი წლიდან, მუშაობდა. რადიოს მაუწყებლობის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ვიდრე სამსახურიდან დაითხოვდნენ, რამდენჯერმე შეხვდა კომპანიის ფაქტობრივ მფლობელს ჯოზეფ კეის, რომელმაც აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი შეცვალა:

[ნონა ყანდიაშვილის ხმა] „მე დავსვი შეკითხვა, რამდენად აპირებს ახალი მფლობელი ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არანაირად არ აპირებს. მითხრა, რომ ერთადერთი მოთხოვნაა ბალანსის დაცვა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ამის პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება-მეთქი...“(სტილი დაცულია)

თუმცა, ამგვარი საუბრის მიუხედავად, კომპანიის ახალმა მფლობელმა ნონა ყანდიაშვილი და კომპანიის დირექტორი ირაკლი ხეთერელი სამსახურიდან მაინც დაითხოვა. მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერი, ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ანომალიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:

[მამუკა ღლონტის ხმა] „რატომ უნდა გაუშვა სამსახურიდან რადიოს ხელმძღვანელი, თუ ეს რადიო არის ყველაზე პოპულარული, აქვს კარგი შემოსავალი და რეიტინგებში არის პირველი? ამის მიზეზი არ არსებობს სხვა, გარდა იმისა, რომ არ მოგწონს ის საუბრები და თემატიკა, რაც ამ რადიოში გადის.“

მამუკა ღლონტის მიერ გამოთქმულ ეჭვს ადასტურებს თავად ნონა ყანდიაშვილი, რომლის თქმითაც, კომპანიის მფლობელმა უკანასკნელი შეხვედრის დროს ასეთი რამ განაცხადა:

[ნონა ყანდიაშვილის ხმა] „მე მინდაო, ჩემი მედია იყოს ობიექტური პლუსით და არა ობიექტური მინუსითო.“

მედიის მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ რადიო ”იმედშიც” იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც სამი-ოთხი წლის წინ სხვა მედიასაშუალებეში - ძირითადად, ტელევიზიებში - დაიწყო. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე განმარტავს:

[ზვიად ქორიძის ხმა] „მედიის - განსაკუთრებით, ელექტრონული მედიის - მფლობელები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა, ძირითადი ბიზნესი და ეს ადამიანები დაინტერსებული არიან, რომ ძირითადი ბიზნესი იყოს წარმატებული, იმიტომ რომ ის არის პირველადი და ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ წარმატებული იქნება ბიზნესი, თუ ხელისუფლებასთან იქნებიან კეთილგანწყობაში.“(სტილი დაცულია)

თუმცა, რადიო ”იმედის” მოქმედი ხელმძღვანელი ნინო გაბრიაძე ამბობს, რომ რედაქციის საქმიანობაში კომპანიის მფლობელი არ ერევა და, შესაბამისად, ჟურნალისტებიც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მუშაობენ. ნინო გაბრიაძის თქმით, უახლოეს მომავალში არც საკადრო ცვლილებები იგეგმება:

[ნინო გაბრიაძის ხმა] „ჯერჯერობით ორმა თანამშრომელმა მომმართა. ერთია ირმა მაყაშვილი, დილის პროგრამის პროდიუსერი, რომელმაც პირველივე დღეს დატოვა სამსახური. ნინო მეუნარგიამ კი მითხრა, რომ ჩემთან პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, ნონა ყანდიაშვილის ბავშვობის მეგობარია და ვერ დარჩება მისი წასვლის შემდეგ.“

სახალხო დამცველის ოფისში კი დარწმუნებულნი არიან, რომ რადიო ”იმედში” განხორციელებული საკადრო ცვლილება არ არის კერძო შემთხვევა. სოზარ სუბარის კომენტარი:

[სოზარ სუბარის ხმა] „პოლიტიკა, რაც არის თავისუფალი სიტყვისათვის ლაგამის ამოდება და ჟურნალისტების დატერორება, გრძელდება და გრძელდება სულ უფრო და უფრო მეტი ტემპით. ამისთვის არის გამოყენებული ყველა საშუალება, იქნება ეს სპეცრაზმი, სასამართლო, მარეგულირებელი კომისია, დაშინება, მოსყიდვა... ყველა მეთოდი არის გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოში არ იყოს სიტყვის თავისუფლება.“

თუმცა იმისათვის, რომ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდეს, ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლებისათვის ორგანიზებული ბრძოლა გადაწყვიტა:

[განცხადებას კითხულობენ ხმამაღლა] „ჩვენ, ჟურნალისტები, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ამ ფაქტის სათანადო შეფასებისთვის. აგრეთვე მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები...“(სტილი დაცულია)

მამუკა ღლონტის თქმით, უახლოეს მომავალში ჟურნალისტები გაერთიანდებიან ორგანიზაციაში, რომლის სავარაუდო სახელწოდებაა ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათვის”. რაც შეეხება რადიო ”იმედის” ყოფილ ხელმძღვანელობას, ნონა ყანდიაშვილის თქმით, სამსახურიდან დათხოვნის ოფიციალური მიზეზის დადგენის შემდეგ აუცილებლად იჩივლებს სასამართლოში.
XS
SM
MD
LG