Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”როდესაც ათობით ოპოზიციის წარმომადგენელს სცემენ სამი დღის განმავლობაში, მე არა მჯერა, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევაა.

როცა ასეთი ფაქტი ორზე მეტია, ეს უკვე ტენდენციაა. გიორგი თავდგირიძე არის იმ ტერორის მსხვერპლი, რომელიც მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ხელისუფლებას”, - ამბობს ექსპერტი კახა კაციტაძე, რომლის კომენტარს ”რეზონანსი” ბეჭდავს. ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის ვრცელი წერილი, სადაც ის 2003 წლის ნოემბერსა და 2008 წლის მაისს შორის განსხვავებებზე წერს. მისი აზრით, აუცილებელია ოპოზიციის ლიდერების მიერ იმ მძიმე დილემების გააზრება, რომლებიც უსათუოდ დადგება პარლამენტის პიკეტირების მცდელობის შემთხვევაში: ”ბოლოს და ბოლოს, რას ვეტყვით ხალხს, როცა გაირკვევა, რომ პარლამენტის პიკეტირების მცდელობა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მცდელობა კი არა, სასოწარკვეთილების უშედეგო აქტი ყოფილა?” - უსუფაშვილის აზრით, გამოსავალი სიმართლეშია: ”ხალხს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებში პიკს მიაღწია და 2008 წლის მაისის ბოლოსთვის თითქმის საწყის ნიშნულამდე დაეცა”, - წერს უსუფაშვილი და დასძენს: ”ახლა საჭიროა შეცდომების გაანალიზება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება სრულიად ახალი მეთოდებით. ერთ-ერთი ბოლო შეცდომა იყო 26 მაისს მოსული ხალხის რაოდენობით ამჩატება და პარლამენტის პიკეტირებისთვის ხალხის მოწვევა. ეს შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს და ხალხს უნდა შევთავაზოთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელების კონკრეტული გეგმა.”

”მოკლე გზა არის რევოლუციური გზა, მაგრამ რევოლუციას მოაქვს უმართავი პროცესები, მოაქვს სისხლისღვრა”, - ამბობს ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”რაც შეეხება პოლიტიკურ და სამართლებრივ გზას, რასაც ჩვენ ჯერჯერობით ისევ ვადგავართ”, - ამბობს ბესელია, - ”ეს მოითხოვს ოპოზიციის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და მიანიშნებს მის პოლიტიკურ სიმწიფეზე. ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც დამთავრდება სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით, მაგრამ ეს არ არის მოკლე გზა.”

”საქართველოს რესპუბლიკა”, დავით გამყრელიძე: ”განსხვავებული აზრი არ არის. ჩვენ ყველანი, ლეიბორისტებთან ერთად, შევთანხმდით, რომ აქცია გაიმართება. ჩვენ ძალით არ შევიჭრებით, არც ძალადობრივი გზით ვაპირებთ ხელისუფლების დამხობას, მაგრამ, როგორც ჩვენ, ხალხის არჩეული დეპუტატები, არ შეგვიშვა პარლამენტში 26 მაისს სპეცნაზმა და პოლიციამ, რისი კონსტიტუციური უფლება მათ არ ჰქონდათ, ჩვენც არ შევუშვებთ გაყალბებული გზით მომავალ დეპუტატებს.”

”ალია”, გოგა ხაინდრავა: ”შევარდნაძეს ”ზონდერბრიგადები” ისეთი არ ჰყოლია, როგორიც ჰყავს სააკაშვილს, იმიტომ რომ მას ვანო მერაბიშვილი არ ჰყოლია. რაც დღეს ხდება, არის ის, რაც სააკაშვილს ხერხემალში გადაამტვრევს. მაგას თუ ჰგონია, ამ მეთოდებით ის დააცხრობს ხალხის უკმაყოფილებას და საზოგადოების პროტესტს, პირიქით, ათჯერ მეტს მიიღებს. მაშინ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა რუსეთის უშიშროება. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სამომავლოდ პერსპექტივა ჰქონდეს რუსეთს საქართველოში, ეს არის სააკაშვილი და აქ ვითარება არის ძალიან მარტივი - ძალადობა შობს ძალადობას.”

”ალია” წერს აგრეთვე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ტესტირებითა და მოსალოდნელი შემცირებებით უკმაყოფილო თანამშრომლები შეიძლება ოპოზიციის მიტინგებს შეუერთდნენ.

დასასრულ,თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ”24 საათის” ”ბიზნესის” განყოფილების ერთ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში ”დედოლარიზაციის” პროცესის დაწყებას შეეხება. როგორც ავტორი აღნიშნავს, ”დედოლარიზაცია” ეროვნული ლარის სასარგებლოდ არ ხდება. ”ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დანაზოგის გაკეთება ევროში სჯობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროს კურსის ზრდა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მალე მისი კლების პროცესიც დაიწყება. ინფლაციის მაღალი ტემპის გამო ლარის მსყიდველობითი უნარიც სულ უფრო და უფრო მცირდება. ამა თუ იმ ვალუტის კურსის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება კი რთული საქმეა. ამიტომ, თუ თანხის დაზოგვის საშუალება გაქვთ, კაპიტალდაბანდების დივერსიფიცირების გზა აირჩიეთ - იყიდეთ უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, ძვირფასი ლითონები, ანდა პატარა ბიზნესი წამოიწყეთ”, - ურჩევს მკითხველს ”24 საათის” ეკონომიკური მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG