Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი კრემლის ორბიტას უბრუნდება


წლების განმავლობაში მიილტვოდა მოლდავეთი დასავლეთისკენ,

მაგრამ ახლა, ჩანს, ქარმა სხვა მიმართულებით დაუბერა და ეს ქვეყანა რუსეთის ორბიტას უბრუნდება - ყოველ შემთხვევაში, ამას იფიქრებს კაცი, როცა გასული კვირის გარიგებებს გაეცნობა. ეს გარიგებები რუსეთისა და მოლდავეთის ხელისუფალთა შორის მოხდა. მათი პრინციპი კი ისაა, რომ ხელი ხელს ბანს, თუმცა ორივე ერთად ვის ბანს, არ ჩანს ჯერჯერობით. ერთ-ერთი ახსნა კიშინიოვის და მოსკოვის შეთანხმებისა ის შეიძლება იყოს, რომ კრემლი იმგვარ წინადადებას სთავაზობს მოლდავეთს, რომ მას უარის თქმა უჭირს. ანუ ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად - კრემლს. შედეგად, მოლდავეთი, წლების განმავლობაში დასავლეთს რომ ეკეკლუცებოდა, რუსეთის ორბიტას უბრუნდება.
მოსკოვმა თავისი პოლიტიკის შეცვლით, რაც სეპარატისტული დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ თავისი ძალების მიმართვას და მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ნიშნავს, აჩვენა, რომ მას გავლენა აქვს. რუსეთი დნესტრისპირეთიდან თავისი 1500 სამხედროს გაყვანასაც აპირებს. ამის სანაცვლოდ, კრემლი მოლდავეთისგან მოითხოვს უარი თქვას ნატოსთან დაახლოების სურვილზე. რუსეთი ასევე სთხოვს კიშინიოვს, გამოვიდეს “სუამიდან”, ორგანიზაციიდან, რომელშიც საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი არიან გაწევრიანებული და რომელიც მოსკოვში - ანტირუსულ თუ არა - რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნის მქონე კავშირად მიიჩნეოდა. მოსკოვში რადიო “თავისუფლების” რუმინულ-მოლდავური სამსახურის თანამშრომლებთან საუბრისას მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სტრატანმა უარყო, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ზეწოლას დაემორჩილა:

(სტრატანის ხმა)
“ჩვენ არ დავნებებულვართ. მოლდავეთის ინტერესების სასარგებლოდ გვსურს ამ პრობლემის მოგვარება - დნესტრისპირეთში სამართლიანობის აღდგენა, მოლდავეთის ტერიტორიის რეინტეგრაცია გვინდა. გვსურს, რომ მდინარე დნესტრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები კვლავ გაერთიანდნენ. ამის თაობაზე მოვეთათბირეთ ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში, ბრიუსელში და, ასევე, მოსკოვში.”

რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევე იყენებს გაყინულად მიჩნეულ კონფლიქტებს ყოფილ საბჭოთა თანამგზავრებზე - მათ შორის, დნესტრისპირეთზე - ზეწოლის ბერკეტად,როგორც საქართველოს მიმართ. “რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” მოსკოვში გამომავალი ჟურნალია. მისი მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი განმარტავს, რომ რუსეთმა, ჩანს, მოლდავეთის შემთხვევაში სხვა გზას მიმართა:

(ლუკიანოვის ხმა)
“ რაც შეეხება მოლდავეთს, თეორიულად, რუსეთს აქვს არჩევანი. პირველი: მიემხროს კიშინიოვისა და დნესტრისპირეთის საბოლოო გათიშვას, რაც, კალინინგრადის მსგავსად, კიდევ ერთი ანკლავის გაჩენას ნიშნავს. მაგრამ მაშინ გაუგებარი იქნება, რა უყოს რუსეთმა ამ ტერიტორიას - ის ხომ მას არ ესაზღვრება, ესაზღვრება უკრაინას. ან, მეორე: მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც რუსეთს მისცემს გარანტიას, რომ მოლდავეთი, მართალია, პროევროპული კურსით ივლის, მაგრამ არ შევა ნატოში.”

ასეთი სტრატეგია უფრო იმუშავებს მოლდავეთში, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, ნაკლებად თანმიმდევრული იყო დასავლეთისკენ სწრაფვაში და რომელიც უფრო ღიაა იმისთვის, რომ მოსკოვთან ურთიერთგაგებას მიაღწიოს.


(ლუკიანოვის ხმა)
“თბილისი არ მალავს, რომ რუსეთისგან სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. კიშინიოვი კი არ მიისწრაფვის ნატოსკენ, ის ცდილობს რამენაირად აღადგინოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა.”

რუსეთსა და მოლდავეთს შორის ეს გარიგება ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობისა და აქტიური ოფიციალური ვიზიტების შემდეგ გაფორმდა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი 19-20 მაისს იყო კიშინიოვში, უკვე 22 მაისს კი მოლდავეთის პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო უშიშროების სტრატეგია - “ნეიტრალიტეტი”, რაც, ჩანს, ნატოსთან ყოველგვარ სამომავლო კავშირს გამორიცხავს. ამ სტრატეგიას კანონის ძალა მიეცა მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა მანამდე, სანამ ვორონინი ბრიუსელში ჩავიდოდა და იქ ევროკავშირის წარმომადგენლებთან უფერულ შეხვედრას გამართავდა. ბრიუსელში მას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდეს. ევროკავშირმა 26 მაისს გამოცხადებულ, “აღმოსავლეთთან პარტნიორობად” წოდებულ, ახალ ინიციატივაში, რომელიც აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან - ასევე უკრაინასთან - კავშირების გაფართოებას გულისხმობს, მოლდავეთიც ჩართო. ეს პროგრამა სავიზო რეჟიმის, ვაჭრობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს. ამ დროს კი მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტრატანის მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი ოსტროვსკის კიშინიოვსა დ დნესტრისპირეთში სტუმრობას გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმო.
ჩვენს “რადიოსთან” საუბარში ოსტროვსკიმ ქებით მოიხსენია კიშინიოვის მიერ “ნეიტრალიტეტის” გამოცხადება და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა:

(ოსტროვსკის ხმა)
“ვფიქრობ, რომ ნეიტრალიტეტით თვით მოლდავეთი, მოლდავეთის ხალხი იხეირებს. დიდად მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ვორონინისა და სხვათა სახით, ესმის, რომ მოლდაველი ხალხის ინტერესშია რუსეთთან სიახლოვე, რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული ურთიერთობა.”

ტირასპოლში ოსტროვსკიმ დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტს იგორ სმირნოვს განუცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ოსტროვსკიმ გამოხატა მოსკოვის სურვილიც, რომ მოლდავეთმა დათმოს საქართველოსთან, უკრაინასა და აზერბაიჯანთან თავისი სამოკავშირეო ურთიერთობა:

(ოსტროვსკის ხმა)
“იმედი გვაქვს, რომ მოლდავეთის გასვლა სუამიდან შესაძლებელი გახდება. ასევე მიგვაჩნია, რომ მოლდავეთის ხელმძღვანელობა, საქართველოსა და უკრაინის ლიდერებისგან განსხვავებით, საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, რადგან გამოკითხვებით, მოლდავეთის მოქალაქეთა უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ მათი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შევიდეს.”

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG