Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი: ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს


სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებულია იმ მდგომარეობით, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა.

მისი თქმით, დღე ისე არ გავა, რომ ნიღბიანი ადამიანები ოპოზიციის აქტივისტებს არ გაუსწორდნენ. სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ძალადობის ზრდა საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად. რა ხდება არჩევნების შემდეგ საქართველოში და რას უკავშირდება ძალადობის ზრდა?

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 21 მაისის, ანუ არჩევნების, შემდეგ სასტიკადაა ნაცემი, სულ ცოტა, 12 ადამიანი და, მათ შორის, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური წევრი გიორგი თავდგირიძე, რომელსაც, „მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ:

[დავით გამყრელიძის ხმა] “დიღმის ხიდის ქვეშ, სანაპიროზე, მოხდა მისი ბლოკირება. წინა მანქანებმა სვლა შეანელეს... გადმოიყვანეს და რკინის ნაჭრით სცემეს.“

ცემის შედეგად, გიორგი თავდგირიძეს მოტეხილი აქვს ფეხი და ქვედა ყბის ძვალი. სხეულზე აღენიშნება სისხლჩაქცევები. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტებმა განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ პერიოდში იმატა. რა არის ამის მიზეზი?

[სოზარ სუბარის ხმა] ”ეს არ ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანების დასაშინებლად, ვისაც სცემენ. ეს ხდება მთელი საზოგადოების დასაშინებლად და, ალბათ, სრულიად შეგნებულად იმ პერიოდში, როცა ოპოზიცია ემზადება გარკვეული აქტიურობისათვის. პრაქტიკულად სახელმწიფო ატარებს ტერორს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელმწიფო ატარებს ტერორს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. როცა შემთხვევათა რაოდენობა ასცდება ორს, სამს, ათს, შეუძლებელია ვიფიქროთ სხვა რამე, თუ არა სახელმწიფო ტერორი. გუშინ მოვინახულე რამდენიმე დაზარალებული, მათ შორის, მამუკა კვარაცხელია...“

ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია, რომელიც სახალხო დამცველმა ახსენა, ამ ორიოდე დღის წინ ასევე ნიღბიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და, ხელფეხშეკრული, ქალაქგარეთ, ტყეში დატოვეს. დაზარალებულის ძმა, მალხაზ კვარაცხელია, განმარტავს:

[მალხაზ კვარაცხელიას ხმა]„ნაცემია ძალიან მძიმედ. აქვს ხელი-ფეხი, ლავიწის ძვალი მოტეხილი. კისრის ქვემოთ, მთელ სხეულზე, აქვს უნივერსალური გემატომები. ნახეს ვაშლიჯვრის ტყეში, ხეზე მიბმული, თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. პოლიციამ იმ დღესვე მოახდინა რეაგირება. მოსული იყვნენ ისან-სამგორის საგამოძიებო განყოფილებიდან, პატრულიდან და... აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ფაქტს. ეს ამბავი არ უნდა უკავშირდებოდეს ფეხბურთის ფედერაციასთან მამუკას დაძაბულ ურთიერთობას. ეს, ალბათ, უფრო ყაჩაღობა იყო. წაართვეს ყველაფერი, რაც თან ჰქონდა, მათ შორის -მანქანაც.“

შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რომ მიმდინარეობს გამოძიება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი, პავლე კუბლაშვილი, პოლიტიკურ საფანელს გამორიცხავს და გამოთქვამს იმედს, რომ, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით, დაუსჯელი არავინ დარჩება:

[პავლე კუბლაშვილის ხმა]„მე არა მგონია, რომ რაიმე ფორმით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ზრდა უკავშირდებოდეს არჩევნების დაწყებას ან დასრულებას. ვფიქრობ, რომ ყველა ამ შემთხვევაზე უნდა მოხდეს რეაგირება და მთავარი არის არც ერთი ასეთი დარღვევა არ დარჩეს შესაბამისი გამოძიებისა და სასჯელის გარეშე. ის, რომ ვიღაცას სურს, ამგვარი ფაქტების რაოდენობის ზრდა მიაბას არჩევნების დაწყებას ან არჩევნების შედეგებს, ან არჩევნების დამთავრებას, ვფიქრობ, რომ ზომაზე მეტად პოლიტიზერებული განცხადებაა.“ (სტილი დაცულია)

თუმცა სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფამ სისტემური ხასიათი მიიღო. სოზარ სუბარის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაშინების გარდა, ზეწოლა წარმოებს ცალკეულ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე:

[სოზარ სუბარის ხმა]„პრაქტიკულად დაიწყო ტერორი განსხვავებული აზრის მიმართ. როგორც კი სიტყვის თავისუფლება მივა ბოლომდე, ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების რიგში, სადაც მოჩვენებითი დემოკრატიაც კი აღარ არის. ჩვენ ვიკვლევთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის, არჩევნები როგორ ჩატარდა, რა ხდებოდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ... დასკვნას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ და გავაცნობთ საზოგადოებას.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარი იმასაც დასძენს, რომ არ აპირებს შექმნილ ვათარებასთან შეგუებას. „ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია ქვეყნისათვის ამ უმძიმეს პერიოდში, საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოების მხარდაჭერით, ვიბრძოლო ადამიანის უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც 4 ივნისს გარცელდა.
XS
SM
MD
LG