Accessibility links

რუსეთში ბენიტა ფერერო-ვალდნერის ვიზიტის დღის წესრიგში საქართველოს ''ძალიან, ძალიან მაღალი ადგილი'' ეკავა


საქართველოში ხავიერ სოლანას ვიზიტსა და ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან ერთად, თბილისისადმი ევროპის კავშირის აშკარად გაზრდილი ინტერესის დასტური იყო

ბენიტა ფერერო-ვალდნერის გუშინდელი სტუმრობა მოსკოვში. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისრის გუშინდელ მოლაპარაკებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საქართველოს თემა ერთ-ერთი უმთავრესი იყო, რაც ფერერო-ვალდნერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა.

არცთუ დიდი ხნის წინათ ბრიუსელში აშკარად თავს იკავებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და, კერძოდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის კომენტირებისგან - რომ არაფერი ვთქვათ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე. მით უფრო თვალშისაცემია კონტრასტი, რომელსაც ევროპის კავშირის მესვეურთა ბოლოდროინდელი გააქტიურება ქმნის. ამ დღეებში საქართველოს ამბებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი ერთბაშად ორი უმაღლესი რანგის პირია დაკავებული: ხავიერ სოლანა და ბენიტა ფერერო-ვალდნერი.

ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვიდან დაბრუნებულმა ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ვიზიტის დღის წესრიგში საქართველოს "ძალიან, ძალიან მაღალი ადგილი" ეკავა.

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას ჩემთვის უმთავრესი იყო შემდეგი საკითხი: რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ (ევროკავშირს) და თქვენ (რუსეთს) იმისთვის, რათა დიალოგი მართლაც განახლდეს? ერთი მხრივ, დიალოგი საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ხოლო მეორე მხრივ, დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის."

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბენიტა ფერერო-ვალდნერი ცდილობდა, ყურადღება შექმნილი ვითარების დადებით ასპექტებზე გაემახვილებინა. მაგალითად, მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ხვალ ან ზეგ, დსთ-ის სანკტ-პეტერბურგის სამიტის კულუარებში, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ფერერო-ვალდნერს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და დმიტრი მედვედევის პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის დაწყებას. თუმცა, ევროკომისარს არც ის დაუმალავს, რომ დიალოგი უაღრესად რთული იქნება და რომ რეალური შედეგის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. კომპრომისის ერთ-ერთ სფეროდ, როგორც ფერერო-ვალდნერმა მიანიშნა, შესაძლოა, მშვიდობისდამცველების საკითხი იქცეს:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "განვიხილეთ, აგრეთვე, მშვიდობისდამცველების შემადგენლობის შეცვლის საკითხი, ოპერაციებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროთა ჩართვის შესაძლებლობა. მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ამისა და მოითხოვდა ისეთი განცხადებისა თუ დეკლარაციის მიღებას, რომელიც საქართველოს ძალის გამოუყენებლობას დაავალდებულებდა."

დღესვე, ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, აფხაზეთში მიმდინარე ოპერაციის მონაწილე რუსეთის სამხედროები ვეღარ ასრულებენ "ნეიტრალური და მიუკერძოებელი მშვიდობისდამცველების როლს". ევროპარლამენტის განცხადებით, სამშვიდობო მისიის ფორმატი უნდა შეიცვალოს. რეზოლუციაში ევროკავშირის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო მისია გაგზავნოს. რეზოლუციას, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, მხარი დაუჭირა 581-მა დეპუტატმა; 50 მისი მიღების წინააღმდეგი იყო, ხოლო 17-მა - თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG