Accessibility links

logo-print

რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრა: ექსპერტების ვარაუდით, შერბილდება მხოლოდ ტონი


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი 6-7 ივნისს თავის მშობლიურ ქალაქ სანქტ პეტერბურგში უმასპინძლებს რამდენიმე კოლეგას.

ეს კოლეგები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები არიან, რომლებთანაც მედვედევი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც, რის გამოც პეტერბურგისადმი ყურადღება, თან აფხაზეთში გამწვავებული ვითარების ფონზე, ძალიან დიდია.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევი შეეცდება დაარწმუნოს თანამეგობრობის პრეზიდენტები, რომ ის საგარეო-პოლიტიკურ კურსს არ ცვლის, რომ რუსეთს სურს მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს თანამეგობრობის ყველა წევრთან.

თუმცა, თანამეგობრობის წევრებს შორის უკრაინა და საქართველოც არიან - მათთან მოსკოვის ურთიერთობას კი ძნელია, უბრალოდ, “მეგობრული” უწოდო. ურთიერთობა აშკარად დაძაბულია და ამ მხრივ, მოსკოველ პოლიტოლოგ ფიოდორ ლუკიანოვის შეფასებით, ცვლილება არ არის მოსალოდნელი არც უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან დმიტრი მედვედევის ამ ორმხრივი, არაოფიციალური შეხვედრების შემდეგ.

[ლუკიანოვის ხმა] “უკრაინისა და საქართველოს შემთხვევებში, დამოკიდებულება ძირეულად განსხვავებულია. მე ვერ ვხედავ კომპრომისის სერიოზულ შანსს. შეხვედრა არაოფიციალურია და დაგეგმილი არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური გადაწყვეტილებები, ან გარღვევები”.

მედვედევს, რომელიც, როგორც ცნობილია, ყოფილ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, მინიშნებული აქვს, რომ არ აპირებს მოსკოვის პოზიციის შეცვლას თბილისთან და კიევთან მიმართებით. ექსპერტების, მათ შორის ლუკიანოვის ვარაუდით, განსხვავებული იქნება სტილი...

[ლუკიანოვის ხმა] “მედვედევს, შესაძლოა, უფრო რბილი მიდგომა ჰქონდეს, უთუოდ უფრო რბილ განცხადებებს გააკეთებს. მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით, ვერ ვხედავ მანევრირებისა და შერბილების დიდ შესაძლებლობას”.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თბილისი ცალსახად პროდასავლური პოლიტიკის გატარებას შეუდგა. როგორც ცნობილია, ეს, ე.წ. ფერადი რევოლუციების შემდგომი პროდასავლური ორიენტაცია ითვლება თბილისსა და მოსკოვს, ისევე როგორც კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მთავარ მიზეზად. ცვლილებას ამ მხრივ - პეტერბურგში ორმხრივი შეხვედრების შემდეგ - არ მოელის არც პოლიტოლოგი ევგენი ვოლკი. [ვოლკის ხმა] “პირადად მე მგონია, რომ მედვედევის ძალისხმევა დიდად წარმატებული არ იქნება, რადგან პრინციპში ორივეს - როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ლიდერებს, უკვე გაკეთებული აქვთ თავიანთი არჩევანი და ძალიან თანმიმდევრულად მიიწევენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისაკენ”.

თუმცა, ყველაზე მძიმე საკითხი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკების დროს, უთუოდ, აფხაზეთი იქნება.

ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან, რომელთანაც დ
მიტრი მედვედევი, სავარაუდოდ, ახლო მეგობრული ურთიერთობის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანია თურქმენეთის დაყოლიება, რომ რუსეთის ტერიტორია გამოიყენოს გაზის საექსპორტო ტრანზიტად.
XS
SM
MD
LG