Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


პრესაში კვლავ გრძელდება ვარაუდების გამოთქმა 10 ივნისს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.

”ყველა სიახლე” ამ თემაზე რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს, მათ შორის - შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კობა ნარჩემაშვილთანაც, რომელიც ამბობს: ”უნდათ შროშანი დაიჭირონ ხელში და უნდათ ზაფრანა, სცენარი არ იქნება ისეთი, როგორიც ვარდების რევოლუციისას იყო. კიდეც რომ მოხდეს პარლამენტის პიკეტირება ან მასში შეჭრა, არ მგონია, მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც 2003 წლის ნოემბერში”. ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით გამყრელიძეს, ეკითხება: ”თუ აქციას დაარბევენ, ოპოზიციას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება?”. გამყრელიძის პასუხი: ”კინოში რომ დაგპატიჟოთ, თავს დაგვესხას ვიღაც და გვცემოს, მე უნდა ვაგო პასუხი? ხალხისთვის აქციაზე მისვლის მოწოდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და, რომ იცოდეთ, განცხადებაც შევიტანეთ მერიაში, რაც არც კი იყო საჭირო, მაგრამ მაინც მივაწოდეთ ინფორმაცია. თუ ხელისუფლება, რომელიც უკვე ტერორისტად ჩამოყალიბდა, კიდევ ერთ ტერორისტულ აქტს მოაწყობს თავისი ხალხის წინააღმდეგ, პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება. ამავე დროს, საზოგადოებას, ვინც აქციაზე მოსვლას აპირებს, საჯაროდ ვეუბნებით - უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ამ მოძალადე ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს”, - ამბობს დავით გამყრელიძე.

”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ეკა ბესელია ამბობს: ”ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი აქციის მოწყობას. ხელისუფლებას სურს, რომ იყოს ძალადობა, რათა იქ მისულ ხალხს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს 10 ივნისს სირცხვილის დერეფანში გავატარებთ”, - ამბობს ბესელია და დასძენს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანას, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ მხარდამჭერები თვითონ მოდიან თბილისში. ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურ სცენარს ვერ ხედავს: ”ან შედის ოპოზიცია პარლამენტში უპირობოდ, რაც არაფრის მომცემია, ან არ შედის და ვიღებთ სტერილურ პარლამენტს, რაც ძალიან მძიმე სიტუაციაში აგდებს ხელისუფლებას”, - ამბობს ხუხაშვილი ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. გია ხუხაშვილი ”24 საათის” ფურცლებზე, ექსპერტ კახა გოგოლაშვილთან ერთად, შიდაპოლიტიკური მოვლენების განვითარების ექვს სცენარს განიხილავს.

”რეზონანსი” უშვებს, რომ პარლამენტის პირველი შეკრება შეიძლება ივნისის ბოლოსთვის გადაიდოს. გაზეთი წერს, რომ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ”პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. შესაბამისად, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შესაძლებლობა თვის ბოლომდეა”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, რომ ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებს. ანალოგიურ ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს ”ახალი თაობაც”, რომლის ავტორი წერს: ”ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ბურჯანაძე ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციას შექმნის, შემდეგ კი პოლიტიკურ ორგანიზაციას დააფუძნებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ბურჯანაძემ პარტია შექმნა, ის მთლად ოპოზიციური ვერ იქნება და მხოლოდ ხელისუფლების მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლება”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ოპოზიცია ხელისუფლების ნარკობიზნესს შიფრავს” – ”ალიაში” ნახავთ ასეთ სათაურს და ინტერვიუს კახა კუკავასთან, რომელიც ამბობს: ”ჩემი დაახლოებითი დათვლით, უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ელიტის 40% არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი. მათ ვინაობას, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ. ჩვენ როდესაც გამოვაქვეყნეთ აუდიოჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა კეზერაშვილის უწყებას, ლოგიკური იქნებოდა, რომ ერთხელ მაინც ამ ადამიანს შეეწუხებინა თავი, გაევლო ნარკოტესტი და გვენახა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებებთან. მაგრამ ამას ყველა თავს არიდებს. ეს მთავრობა არის ნარკობიზნესმენებისა და ნარკომანების მთავრობა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას საქართველოში კურირებს სოდის დეპარტამენტი. ამაზე არაერთხელ განმიცხადებია, არაერთი მტკიცებულება მიგვიწოდებია დასავლეთის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ვიცი, რომ ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ და უახლოეს თვეებში იქნება ამასთან დაკავშირებული რეაგირება”, - ამბობს კახა კუკავა, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG