Accessibility links

logo-print

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აირჩია


საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტი 7 ივნისს დილის 10 საათზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და კონსტიტუციის საფუძველზე შეიკრიბა.

სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილება ცნეს და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს. სხდომა ოპოზიციის დაახლოებით ათასკაციანი საპროტესტო მიტინგის ფონზე მიმდინარეობდა. აქცია პარლამენტის პირველი სხდომის დამთავრებისთანავე დაიშალა.

საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და უამრავი სტუმარი ესწრებოდა, ტრადიციისამებრ, საქართველოს ჰიმნითა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვით გაიხსნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ მიზნებზე ილაპარაკა, რომლებიც საფუძვლად დაედო ჯერ რიგგარეშე საპრეზიდენტო, ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”შემდეგი წლებია გადამწყვეტი საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი მანდატი, ახალი ენერგია რეფორმებისთვის. იმიტომ რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათი შუა გზაზე მიტოვება არ შეიძლება. საქართველოს მომავალი არის შემდგომ რეფორმებში, ხალხისთვის სასიცოცხლო ცვლილებებში.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ახლად არჩეული პარლამენტის სხდომის წაყვანა უხუცეს დეპუტატს, ირაკლი კენჭოშვილს, დაეკისრა, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესს. ამ პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, დაასახელეს და ფარული ელექტრონული კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედაც აირჩიეს 116 ხმით, ოთხმა კი თავი შეიკავა. დავით ბაქრაძე მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება ყველა იმ დაპირების...”

ამ დროს საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობდა, რომელზეც ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერები საქართველოს წინაშე მდგარ სულ სხვა ამოცანებსა და ახალი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირებაზე საუბრობდნენ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია 10 ივნისისთვის მასობრივი საპროტესტო აქციის ორგანიზებას, პიკეტირებას და პარლამენტში შესვლის მსურველთათვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ 6 ივნისის საღამოს პარლამენტის სესიის 7 ივნისისთვის დანიშვნამ კი ოპოზიციის გეგმები, ფაქტობრივად, განუხორციელებელი დატოვა. ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული მოწმობების განადგურების დემონსტრირება მოახდინეს. პირველი იყო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”აი, ეს არის ჩემი მანდატი. უყურეთ, ჯიბეში მიდევს მაკრატელი. პლასტიკა არის, ხელით ვერ დავხევ, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს მანდატი დავკუწო, რა...”

გაჩეჩილაძის საქციელს მიბაძეს სხვა ლიდერებმაც და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასამდე მომიტინგის თვალწინ დეპუტატობის კანდიდატის ბარათები გაანადგურეს. მათ შორის იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”უკვე 9 წელია ყოველგვარი პარლამენტისა და დეპუტატობის გარეშე თქვენთანა ვართ, ქუჩაში...”

ამ განცხადებებისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართვის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიშალა. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მომავალში მასობრივი საპროტესტო აქციებით მიაღწევენ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლას. თუმცა ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ:

[კახა კუკავას ხმა] ”ალბათ, გაიმართება გაერთიანებული ოპოზიციის საგანგებო სხდომა, სადაც შემუშავებული იქნება სამოქმედო სტრატეგია. ამოცანა უკვე ცნობილია: წინააღმდეგობის მოძრაობა არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ და ხელახალი თავისუფალი არჩევნების დანიშვნა.”(სტილი დაცულია)




კახა კუკავას ამ მოსაზრებას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი არ იზიარებს. ნაწილს გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში მოღვაწეობა - მაგალითად, პაატა დავითაიას. ნაწილის პოზიცია კიდევ, მაგალითად, გიორგი ცაგარეიშვილის ან გია თორთლაძისა, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის ბოიკოტირებას არც გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი აპირებს. მათ და სხვა ოპოზიციონერებს ახალი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, თანამშრომლობის ახალ პირობებს სთავაზობს:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ ოპოზიციას შევთავაზოთ ვიცე-სპიკერების გარანტირებული თანამდებობები, ჩვენ მზად ვართ ოპოზიციას შევთავაზოთ ყველა კომიტეტის დონეზე გარანტირებული წარმომადგენლობა და ასევე ცვლილებები, რომლებიც ყველა პარტიას გაუადვილებს ფრაქციის ჩამოყალიბებას.”

ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის მორიგი სხდომა ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ დაინიშნება.
XS
SM
MD
LG