Accessibility links

logo-print

ახლად არჩეული პარლამენტის


ახლად არჩეული პარლამენტის

შეკრების დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირების გეგმა, რომლითაც გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია გამოდიოდნენ, ჩაიშალა... ოპოზიციის ეს ნაწილი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 10 ივნისს გეგმავდა, რადგან სწორედ 10 ივნისს ელოდა ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებას. სრულიად მოულოდნელად პარლამენტი 7 ივნისს დილით შეიკრიბა.. ოპოზიციამ კი ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერების სერიოზული რაოდენობის შეკრება ვერ შეძლო.. ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლმენტის შენობის წინ მიმდინარე არცთუ ხალხმრავალი საპროტესტო აქციის ფონზე შედგა...

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”როდესაც ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილს აქვს ჯერ იმის მოთმინების უნარი, რომ დაშინდეს, მერე იმის მოთმინების უნარი, რომ დაჩმორდეს და მერე იმისთვის, რომ ფიზიკურად თავი გადაირჩინოს, წავიდეს და ხუთიანი შემოხაზოს, ეს ხალხია ჩვენი კეთილი მიზნის სამიზნე. ამ ხალხის გადასარჩენად ვიბრძვით ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად. ”(სტილი დაცულია)

შუა კვირაში ასე ახსნა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, იმ ბრძოლის მიზანი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაც იყო ხალხს, ოპოზიციის ამომრჩეველს, ხელი შეეშალა 21 მაისის არჩევნებით არჩეული პარლამენტის შეკრებისთვის... მაგრამ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ბოლომდე ქუჩიდან ბრძოლის ერთგული დარჩა, ამოცანის შესრულება ვერ შეძლო... ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებას ის 10 ივნისს ელოდა და, შესაბამისად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებასაც ამ დროისთვის გეგმავდა.. . საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 7 ივნისს დილით დაინიშნა. ოპოზიციის ლიდერებმა ხალხს პარლამენტის შენობის წინ მისვლა 6 ივნისს ღამით მოუწოდეს, მაგრამ დილით აქციის მონაწილეებმა, სიმცირის გამო, შენობის პიკეტირება ვერ შეძლეს.. ახლად არჩეული მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესასვლელად არც დაპირებული სირცხვილის დერეფნის გავლა დასჭირვებიათ... სხდომათა დარბაზში მათ ქვეყნის პრეზიდენტი მიესალმა...პარლამენტის პირველ სხდომაზე ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის სიით გასულმა ორმა და რესპუბლიკელების ასევე 2-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა წარმოადგინა. ამას პრობლემა არ შეუქმნია... მმართველი ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ პარლამენტს მუშაობა დაეწყო და ასეც მოხდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა მოგესალმოთ, გისურვოთ მუშაობაში დიდი წარმატება. მინდა გამოვაცხადო ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა გახსნილად. დღეს პარლამენტი გამოცხადდება შემდგარად. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის - ჩვენი მუშაობა იწყება ახლა. ”

მუშაობა პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევით დაიწყო.. ამ პოსტზე კი მმართველმა ძალამ დავით ბაქრაძის კანდიდატურა წამოაყენა.. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 116 ხმით იქნა არჩეული. როცა ახლად არჩეულ პარლამენტში, ძირითადად, მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენლობა პარლამენტს უფლებამოსილად აცხადებდა და პარლამენტის ახალ თავმჯდომარესაც ირჩევდა, ხელისუფლების ოპოზიციური ელექტორატის რჩეულებმა საპროტესტო აქციაზე საჯაროდ დახიეს დეპუტატების მანდატები..პირველად ლევან გაჩეჩილაძემ, შემდეგ სხვებმა, მათ შორის, შალვა ნათელაშვილმა.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ეს არის ჩემი მანდატი, ჯიბეში მიდევს მაკრატელი, პლასტიკაა, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს მანდატი დავკუწო... ’’

მანდატები გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტების წარმომადგენლებმა დაკუწეს.. აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში არ იმყოფებოდნენ გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე. მათ განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდათ. გია თორთლაძე აპირებს გააკეთოს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციიდან წასვლის შესახებ. მან პოლიტიკიდან წასვლაც არ გამორიცხა.. თქვა, რომ არ აპირებს შესვლას არც ახალი მოწვევის პარლამენტში და არც ოპოზიციის ალტერნატიულ პარლამენტში. მსგავსი განცხადება გააკეთა ცაგარეიშვილმაც. მაგრამ პარლამენტში შესვლა აქვს გადაწყვეტილი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან ამ ცოტა ხნის წინ გასულ პაატა დავითაიას. დეპუტატების მანდატებზე უარს არ ამბობენ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლები. თუმცა პირველ სხდომაზე არც დავითაია გამოცხადებულა და არც გიორგი თარგამაძე..

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”ლომის ხახაში იმიტომ არ მქონდა თავი შეყოფილი, რომ სადღაც მოუსავლეთში მივბრძანდეთ და აქ ფსევდოოპოზიციამ, ბურჯანაძის თამადობით, დაიკავოს ჩვენი ადგილი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია ოპოზიციამ თავისი მიზანი შეასრულოს.. ”

აი, ასეთი იყო და არის გიორგი თარგამაძის პოზიცია... ახალი მოწვევის პარლამენტარები პირველი შეკრების შემდეგ ისე დაიშალნენ, რომ მომავალი სხდომის თარიღი არ დაუსახელებიათ.. გაერთიანებული ოპოზიცია - მასთან ერთად ლეიბორისტული პარტია - აპირებს საპროტესტო აქციების გაგრძელებას, თუმცა პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციურ ძალებს, უკლებლივ ყველას, თანამშრომლობის პირობები შეახსენა:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”მზად ვართ ოპოზიციას შევთავაზოთ ვიცე-სპიკერის გარანტირებული თანამდებობა, გარანტირებული თანამდებობები უკლებლივ ყველა კომიტეტში, მზად ვართ შევთავაზოთ ცვლილებები, რომლებიც გაუადვილებს ყველა პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნას.”

ასეთია წინადადებები, პირობები.. დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებით მოხერხდება შეთანხმებების მიღწევა... თუმცა, ვნახოთ...გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტების წარმომადგენლებმა ხომ საჯაროდ დაკუწეს ხალხის მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები...

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, საკმაოდ ახალგაზრდა. ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დავით ბაქრაძემ უნდა უხელმძღვანელოს. ბოლო, პოლიტიკურად განსაკუთრებით მღელვარე, პერიოდში სწორედ ის ედგა სათავეში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს, საპარლამენტო არჩევნების წინ მასვე მოუწია ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში პირველი ნომრის ჩანაცვლება. ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარეა და აცხადებს, რომ ახალ თანამდებობაზე მისი პრიორიტეტი იქნება მაქსიმუმის გაკეთება იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი პარლამენტი, პარლამენტი, რომელიც მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. დაპირებებში კი მთავარი ქვეყნის გამთლიანება და სიღარიბის დაძლევაა. გასული კვირა განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანის დაძლევის გზაზე გამოკვეთილი სიახლით. საქართველოს - მათ შორის, აფხაზეთს - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა სტუმრობდა.. ჯერ ევროკავშირის 15 ელჩის, შემდეგ თვით სოლანას ჩასვლამ სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი ათქმევინა, რომ აფხაზეთის პრობლემისადმი ევროკავშირის დამოკიდებულებაში იგრძნობა მოსალოდნელი ცვლილებების ნიშნები. თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს მოსალოდნელ ცვლილებებში, ეს სოხუმში შემდგარ პრესკონფერენციაზე ჰავიერ სოლანამ ახსნა:

[ჰავიერ სოლანას ხმა] ” ჩვენ გვინდა უფრო ღრმად ჩავერთოთ ამ პროცესში. თქვენ იცით, რომ არსებობს ფორმატები, რომლებშიც ევროკავშირი იღებს მონაწილეობას. იმედია, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებითაც იქნება ასეთი ფორმატი. თუმცა არა აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ფორმატი.. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ უფრო აქტიურები და ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ.. ჩვენ არ ვართ თამაშგარეთ, მაგრამ გვინდა უფრო ღრმად ჩავერთოთ პროცესში. ყველას ერთად შეგვიძლია უფრო სწრაფად მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი.”

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ ბრაიზას მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ, გასულ კვირაში, გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატები გამოდის ახალი ინიციატივით, ითანამშრომლოს რუსეთთან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში.. ამას გარდა, ბრაიზამ გააკრიტიკა რუსეთი იმ მორიგი, საქართველოსთან შეუთანხმებელი, ნაბიჯის გამო, რაც აფხაზეთში სარკინიგზო ჯარის ქვედანაყოფის შეყვანით გამოიხატა, და გააფრთხილა კიდეც, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება სერიოზულად ავნებს სოჭის ოლიმპიადას.. აფხაზეთის მიმართულებით გაშიშვლებული აგრესიული პოლიტიკის გამო საქართველოს დასავლელი მეგობრები რუსეთს აკრიტიკებენ, მაგრამ, ამავდროულად, მის როლსაც აღიარებენ. ”მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - აღნიშნა საქართველოში სტუმრობისას ჰავიერ სოლანამ და დასძინა:რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ვიმედოვნებ, რომ ის კონსტრუქციული იქნებაო.. წინ არის რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებულ პრობლემაზეც იქნება მსჯელობა..მაგრამ უკვე შედგა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა და, საქართველოს მთავრობის პრესრელიზში ნათქვამის მიხედვით, ”მიუხედავად მეგობრული ტონისა, შეხვედრაზე ვერ იქნა მიღწეული გარღვევა თბილისის მიერ წამოჭრილ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.” საქართველოს პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩავიდა მოთხოვნებით: გაუქმდეს პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რუსეთმა აფხაზეთიდან გაიყვანოს იქ უკანონოდ შეყვანილი დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს პირობით, რუსეთს დარჩება შანსი იყოს ჩართული აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში, თუმცა ხაზგასმით ცხადდება, რომ მას აღარ შეიძლება ჰქონდეს მონოპოლია, ერთგვარი ექსკლუზიური უფლება სამშვიდობო პროცესზე. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, პრეზიდენტების შეხვედრაზე გარღვევა არ მოხდა. შეხვედრის წინ კი რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”თუ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ვითარება არ იცვლება და, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტების შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, მოხდება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა მიღებული და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ძალებს.. მე ვფიქრობ,რომ პრეზიდენტი სწორად იქცეოდა, როცა ამ საკითხს ფრთხილად უდგებოდა. ეს სამშვიდობოები არ არიან სამშვიდობოები, ბოლო დროს კიდევ უფრო აგრესიულად იქცევიან და, ბუნებრივია, მოხდება მათთვის სტატუსის ჩამორთმევა. ”


და რას ფიქრობენ ამ საკითხზე სოხუმში?. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ჰავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”რუსეთის სამშვიდობო ძალები აქ ასრულებენ მნიშვნელოვან როლს და ამ საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება. ეს ძალები არიან აქ და იქნებიან კიდეც და თუ საქართველო დააყენებს მისი ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ძალები დარჩნენ . ”

თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმის ტონი კატეგორიული იქნება მანამდე, სანამ აფხაზეთში იდგება რუსეთის სამშვიდობო ჯარი, სანამ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთი არის მთავარი შუამავალი.. მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა... ახალ ფორმატში გარკვეული, მაგრამ არა დომინანტის როლის შენარჩუნების შანსი კი რუსეთს ჯერ კიდევ რჩება. მართალია, სააკაშვილის და მედვედევის პირველ შეხვედრას შედეგები არ მოუტანია, არ არის გამორიცხული ახალი, უფრო ხანგრძლივი შეხვედრა.. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში საქართველოს ელჩმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG