Accessibility links

ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო დანაკარგები ერაყში იზრდება


ერთი თვის ინტერვალით, ერაყში



უკვე მესამე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართული სამშვიდობო ბრიგადის ათმეთაური ირაკლი კორძაია 4 ივნისს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვისას, სასიკვდილოდ დაიჭრა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერაყში ასევე რამდენიმე მებრძოლმა მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ახლა იწყებს ფიქრს იმაზე, მიანიჭოს თუ არა მსოფლიოს ყველაზე ”ცხელ წერტილში” მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ომის მონაწილის სტატუსი. ჩვენი ყოველკვირეული საავტორო პროგრამა დღეს ერაყში მყოფი ქართული ბრიგადის საბრძოლო დანაკარგებსა და მშვიდობისდამცველების სოციალური დაცვის პრობლემებს ეძღვნება.

კვირას ერაყიდან სპეციალური რეისით ჩამოასვენებენ კაპრალ ირაკლი კორძაიას ცხედარს. რუსთავის მკვიდრი 25 წლის პროფესიონალი ჯარისკაცი 4 ივნისს საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ერაყში, ბაღდადიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე ”ქლეარის” ბაზაზე. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 2 მაისს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - ზურაბ გვენეტაძე და გიორგი მარგიევი დაიღუპნენ. შეტაკებებს ამ მიმართულებით განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი აქვს. ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული ეს რეგიონი და მისი მიმდებარე სოფლები ტერორისტების განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, სოფლებში გაბნეულია დიდძალი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ხშირად ინაღმება სამხედრო კოლონების სვლა-გეზი, ტერორისტები იყენებენ ყუმბარსატყორცნებსაც პოსტების დასაბომბავად. ორი თვის წინ პირველი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა სწორედ ამ სოფლებში ჩაატარა გაწმენდის ოპერაცია. საქართველოს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”-ის კორესპონდენტი, ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი, რომელიც მოგვიანებით ოპერაციის ადგილზე მივლინებით იმყოფებოდა, ამბობს, რომ ეს იყო ნამდვილი საბრძოლო ოპერაცია:

[პაატა იაკობაშვილი] ”ბატალიონის სამივე ასეული იყო ჩართული ამ ოპერაციაში. 70-მდე ”ჰამერით” გავედით ამ სოფლების გასაკონტროლებლად. 2 ვერტმფრენი ამერიკელებისა ჰაერიდან ეხმარებოდა. ერაყელების ერთი ასეული და ამერიკელების ორი საინჟინრო ოცეული იყო გზების განსანაღმავად. სხვათა შორის, აფეთქება მაინც მოხდა. სადღაც 15-მდე ნაღმი ამოიღეს, მაგრამ რამდენიმე აფეთქდა და 3 თუ 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა ამ პერიოდში. ქართველები კი გადარჩნენ იმ სიტუაციაში.”(სტილი დაცულია)

ინფორმაციამ ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმატებული ოპერაციის შესახებ აპრილის ბოლოს ჩამოაღწია, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი სიხარულით შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა რამდეჯერმე გაუსვა ხაზი ქართველი ჯარისკაცების მაღალპროფესიონალიზმს, ხოლო ერაყში რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფიც გაიგზავნა, რათა რეპორტაჟები მოემზადებინათ ქართული სამხედრო მისიის შესახებ. თუმცა საყურადღებოა, რომ ქართველი მშვიდობისდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქართველ სამხედროებზე თავდასხმებმა იმატა. ამასთან, ოფიციალური ცნობები ქართული სამშვიდობო ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ მწირია. თუმცა ორიოდე კვირის წინ გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი თავად გახდა მომსწრე იმისა, თუ რა სახიფათო ვითარებაში უხდებათ საქმიანობა ერაყში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს:

[ირაკლი ალადაშვილი] ”ჩეკ-პოინტის დასრულების შემდეგ, როცა უკან ვბრუნდებოდით, მოხდა მოულოდნელი აფეთქება და ჩვენი კოლონის პირველ შეჯავშნულ ”ჰამერს” მარჯვენა მხრიდან მოხვდა მართვადი მუხტი. მე მეექვსე მანქანაში ვიჯექი, მაშინვე გადავხტით მანქანიდან. საბედნიეროდ, მცირე ჭრილობები კი მიიღეს ჩვენმა სამხედროებმა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ღმერთმა დაგვიფარა.” (სტილი დაცულია)

სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, საერთოდ, ოპერატიული ვითარება მთელი ერაყის მასშტაბით არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე იყო მრავალეროვნული სამშვიდობო მისიის დაწყების წინ, 2003 წელს, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო:

[ირაკლი ალადაშვილი] ”უფრო დაძაბულია სიტუაცია, იმიტომ რომ გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებები ძლიერდებიან და ეს გაძლიერება გამოიხატება იმაში, რომ ძლიერდება ასეთი ტერორისტული თავდასხმები.”(სტილი დაცულია)

ამას ისიც ემატება, რომ ქართველ მშვიდობისდამცველ ჯარისკაცებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო რეგიონში, ირან-ერაყის საზღვარზე მდებარე ალ-კუტში, უხდებათ სამშვიდობო საქმიანობა. უფრო ზუსტად, ქართული ბრიგადა, შარშანდელი ივლისიდან მოყოლებული, უკვე თავად ხელმძღვანელობს სამშვიდობო საქმიანობას ამ პროვინციაში. ასე გადაწყვიტა შარშან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ასევე ერთპიროვნულად მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილება გაორმაგებულიყო ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა. მიხეილ სააკაშვილს ასეთი გადაწყვეტილებების გამო ოპონენტები აქამდეც აკრიტიკებდნენ, ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა რადიკალურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ოპოზიციური ”ლეიბორისტული პარტიის” გენერალურმა მდივანმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ქართულმა ჯარმა უნდა დატოვოს ერაყი:

[სოსო შატბერაშვილი] “ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილმა იზრუნოს თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე და საქართველოს გამთლიანებაზე, იქიდან [ერაყიდან] ცინკის კუბოებით ასვენებენ ქართველ ჯარისკაცებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნას გამოყვანილი ამ ქვეყნებიდან ქართული საჯარისო კონტინგენტი, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მოკავშირეებს ეს უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვთ.” (სტილი დაცული)

ერაყიდან ქართული ქვედანაყოფის გამოყვანის მოთხოვნას სავსებით ლეგიტიმურს უწოდებს სახელისუფლებო საპარლამენტო პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის ახალი სახე, უსაფრთხოების ექსპერტი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, როგორც დავით დარჩიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს პოლიტიკოსებმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ:

[დავით დარჩიაშვილი] ”ზოგადად საქართველოს სახელმწიფო ინტერესები რამდენად იქნება დაცული, გარანტირებული, გამომდინარე ქართულ-ამერიკული ურთიერთობიდან, ქართულ-ამერიკულ-რუსული სამკუთხედიდან. ჩვენ რუსეთთან გვაქვს სერიოზული დავა და პრაქტიკულად ერაყში დგომით ჩვენ რუსეთს ვუპირისპირდებით, იმიტომ რომ ამით ვდგევართ მოკავშირესთან ერთად, რომელიც გვეხმარება რუსეთთან დაპირისპირებაში.”(სტილი დაცულია)

მოკავშირესთან გვერდიგვერდ დგომა ერაყში წლის ბოლომდე გაგრძელდება და, შესაძლოა, 2009-შიც გადავიდეს. თუმცა ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართული კონტინგენტი ერაყს 2008 წლის ივლისიდან ეტაპობრივად დატოვებს.

5 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ანტიერაყული კოალიციის წევრი გახდა, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი 4 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 20-მდე სამხედრომ სხვადასხვა სახის საბრძოლო ჭრილობა მიიღო, 5 ქართველი ჯარისკაცი კი სამშვიდობო მისიის შესრულების შედეგად დაიღუპა. არადა, ნამდვილად პარადოქსულია ის ამბავი, რომ ქართული კანონმდებლობა ანტიერაყულ კოალიციაში ყოფნას უბრალო მივლინებად თვლის, რის გამოც ქართველი მშვიდობისდამცველები არ სარგებლობენ ომის ვეტერანისათვის განკუთვნილი სოციალური შეღავათებით, - ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ თავად მოისმინა ერაყში მყოფი ქართველი სამხედროების გულისტკივილი და საჩივარი:

[ირაკლი ალადაშვილი] ”ჩვენ ყველამ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ, რომ ერაყში ვინც გადის ამ მივლინებას და ვინც იქ იმყოფება, ქართველი სამხედრო, - ისინი კი ასრულებენ სამშვიდობო ოპერაციას, როგორც თბილისში თვლიან, მაგრამ ისინი რეალურად იმყოფებიან პარტიზანული ომის ერთ მხარეზე, კოალიციურ ჯარებთან ერთად. ამიტომ, მე მგონი, მათ სრული უფლება აქვთ, რომ მათ მიენიჭოთ ომის მონაწილის სტატუსი და, მე მგონი, რომ ეს დადგენილება ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.”(სტილი დაცულია)

რადიო ”თავისუფლებას” აღნიშნული ინფორმაცია ვეტერანთა დეპარტამენტშიც დაუდასტურეს. დეპუტატმა ნიკოლოზ რურუამ კი, რომელიც ამჯერადაც, მე-7 მოწვევის პარლამენტში, სამხედრო საკითხებზე მუშაობას აპირებს, დაგვპირდა, რომ ერაყში მყოფი ქართველი სამხედროების სოციალური სტატუსის შესახებ საგანგებო კანონპროექტი უახლოეს პერიოდში მომზადდება. მანამდე კი სახელმწიფო მხოლოდ გარდაცვალებულთა ოჯახებისათვის გასცემს ერთჯერად დახმარებას. 4 ივნისს ერაყში დაღუპული ათმეთაურის ირაკლი კორძაიას ოჯახი, კომპენსაციის სახით, 15 ათას ლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG