Accessibility links

საბინ ფრაიზერი: ”საქართველოს მთავრობაში ”ქორებსა” და ”მტრედებს” შორის დაყოფა აშკარაა." ინტერვიუ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორთან


ბრიუსელში მოქმედმა ავტორიტეტიანმა კვლევითმა ინსტიტუტმა - საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა - გამოაქვეყნა ანგარიში,

სახელწოდებით ”საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი აფხაზეთის ირგვლივ.”

ანგარიშის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის კონფრონტაცია ბოლო პერიოდში ახალ, სახიფათო ფაზაში შევიდა და სამხრეთ კავკასიაში იზრდება ომის საფრთხე. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი უაღრესად კრიტიკულად აფასებს უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ვითარების დაძაბვაში ბრალი, ნაწილობრივ, თბილისსაც მიუძღვის. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანახმად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში გარკვეული ფიგურები და სტრუქტურები სერიოზულად განიხილავენ აფხაზეთში სამხედრო კამპანიის დაწყების შესაძლებლობას. ანგარიშზე სასაუბროდ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფს ბრიუსელში დავუკავშირდი და კვლევითი ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორს საბინ ფრაიზერს ვესაუბრე. ამ ინტერვიუს სრული სახით ორიოდე დღეში შემოგთავაზებთ - ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტს გაგაცნობთ. თავდაპირველად საბინ ფრაიზერს ანგარიშის ერთგვარი შეჯამება ვთხოვეთ.

საბინ ფრაიზერი: ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, სათაურით ”საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი აფხაზეთის ირგვლივ.” ანგარიში საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ამ ანგარიშში ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების თაობაზე, მიგვაჩნია, რომ ეს უთანხმოება ახალ, სახიფათოდ კონფრონტაციულ ფაზაში შედის და ამ კონფლიქტის გამო სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყების რისკი სულ უფრო მეტად იზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარემ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას. უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უკან უნდა გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც იქ ბოლო დროს, აპრილსა და მაისში, შეიყვანა. ამავე დროს, ჩვენ ვთვლით რომ თბილისმა უნდა შეამსუბუქოს მწვავე რიტორიკა და აფხაზებისთვის შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას უნდა მიჰყოს ხელი.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიში საქართველოს მთავრობაში ”ქორებსა” და ”მტრედებს” შორის არსებულ ერთგვარ დაყოფაზე საუბრობს. რამდენად აშკარაა ეს დაყოფა, თქვენი აზრით? და რომელი მხარეა უფრო ძლიერი ან უფრო მრავალრიცხოვანი?

საბინ ფრაიზერი: ”დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობაში ”ქორებსა” და ”მტრედებს” შორის დაყოფა მართლაც აშკარაა. საქართველოს მთავრობაში არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ომისკენ იხრება - ისინი თვლიან, რომ დიპლომატიურმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო; იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულები არიან და მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის დასაბრუნებლად ერთადერთი გზა საომარი შეტევის განხორციელებაა. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში ”მტრედების” შეხედულებები იმარჯვებს, რადგანაც ნათელია, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზა აირჩია - დიპლომატიის გზა; ის საერთაშორისო თანამეგობრობის - განსაკუთრებით ევროკავშირის - მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს და ასევე ცდილობს აფხაზეთის მხარესთან დაიწყოს მუშაობა, ისინი სამშვიდობო ინიციატივებით დააინტერესოს.”

რადიო "თავისუფლება": შეგიძლიათ ორივე მხარის - ”ქორებისა” და ”მტრედების” - წარმომადგენელი კონკრეტული პირები ან სტრუქტურები დაგვისახელოთ?

საბინ ფრაიზერი: ”ამაზე ანგარიშშიც გვაქვს საუბარი - და ეს, ალბათ, ყველგან ასეა. ის ხალხი, ვინც უშიშროების სამსახურებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, უფრო ”ქორებს” წარმოადგენენ, მაშინ როდესაც ეკონომიკის სფეროში მომუშავე ხალხი - პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, და აგრეთვე ის ხალხი, ვინც კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს, ვთქვათ, რეინტეგრაციის მინისტრი - უფრო ”მტრედების” თვალსაზრისს იზიარებს ხოლმე.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიშში ნათქვამია, რომ ”მტრედებად” და ”ქორებად” დაყოფა მმართველ პარტიაში - ნაციონალურ მოძრაობაშიც - შეიმჩნევა.

საბინ ფრაიზერი: ”დიახ, ასეა - და, ჩემი აზრით, ნიშანდობლივია, რომ ”ქორებსა” და ”მტრედებს” შორის ეს დაყოფა ნაციონალურ მოძრაობაშიც არსებობს. მეტიც, ეს კონკრეტულ პირებშიც შესამჩნევია - ერთ დღეს ისინი, შესაძლოა, უფრო ”ქორულ” განწყობაზე იყვნენ, მეორე დღეს კი ”მტრედის” პოზიცია გაიზიარონ. ეს პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემულ მომენტში იგრძნობა, რომ საქმე საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ იხრება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ”ქორები” იმძლავრებენ, ვითარება შეიძლება შეიცვალოს.”

რადიო "თავისუფლება": სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დაეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფხაზეთის ირგვლივ ვითარების ესკალაციაში ბრალი, ნაწილობრივ, თბილისსაც მიუძღვის - განსაკუთრებით, თუკი რუსეთის იმ პროვოკაციულ ქმედებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც თქვენს ანგარიშშიც აისახა. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაგალითად, თქვენს ანგარიშში გამოთქმულ ამ ბრალდებას ”უსამართლო, არაზუსტი და არაკვალიფიციური” უწოდა. მისი თქმით, საქართველო ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ მან აგრეთვე საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. რას იტყოდით ამის პასუხად?

საბინ ფრაიზერი: ”ვფიქრობ, საქართველომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია არსებულ ვითარებაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ნდობის აღდგენის პროცესში და ეს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას არ უნდა დაუქვემდებაროს. ჩემი აზრით, საქართველომ აფხაზებთან დაახლოება უნდა სცადოს იმ პირობების ირგვლივ, რომელიც [სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში] პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იქნა შეთავაზებული - მაგალითად, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა, აფხაზებისთვის საერთაშორისო ბაზრებისკენ გზების გახსნა და ეკონომიკური სანქციების გაუქმება. ვფიქრობ, თუ საქართველო ამ გზით იმოქმედებს, - აფხაზების ნდობის მოპოვებას თუ შეეცდება და აგრეთვე ეცდება შეამციროს მათი რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი, - ეს სწორი გზა იქნება.

ამავე დროს, ვფიქრობ, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს შეუძლია, საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებაა. ამასთან, ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია უფრო დიდი გამჭვირვალობით მოეკიდოს კოდორის ხეობაში თავისი ძალების განლაგების საკითხს და, რაც საქართველომ უკვე გააკეთა, თავი შეიკავოს აფხაზეთის თავზე განხორციელებული ფრენებისგან.”

რადიო "თავისუფლება": და მაინც, ჩაგეკითხებით: კონკრეტულად რაში ადანაშაულებს საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი თბილისს? რა იყო ის ნაბიჯები, რომელთაც, თქვენი აზრით, ესკალაცია მოჰყვა?

საბინ ფრაიზერი: ”ანგარიშში ჩვენ, უწინარესად, რუსეთს ვადანაშაულებთ. ანგარიშის პირველი ნაწილი მთლიანად ამას ეთმობა - განხილულია ის ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა საქართველოში - აფხაზეთში -გადადგა და რომლებიც ზედმიწევნით კონტრპროდუქტიული იყო და რეგიონში ვითარების დაძაბვას შეუწყო ხელი. ამასთან, ანგარიშში იმის ახსნასაც ვცდილობთ, ახლა რატომ აკეთებს რუსეთი ამ ყველაფერს. ვახსენებთ ბუქარესტის სამიტს და კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ საქართველოში რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების ნაწილი სწორედ ამ ორ მოვლენაზე რეაგირებას წარმოადგენს. ამდენად, ჩვენ ვითარების დაძაბვაში საქართველოს არ ვადანაშაულებთ - ჩვენ უფრო რუსეთზე ვახდენთ კონცენტრაციას და ვცდილობთ ავხსნათ, რატომ იქცევა ის ასე.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიშის თანახმად, სენაკში სამხედრო ბაზა საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი; კოდორში გაიგზავნა იარაღი და სხვა სამხედრო ინვენტარი. თუმცა თქვენთვის ცნობილია, - ამაზე ანგარიშშიც არის საუბარი, - რომ გაეროს სამეთვალყურეო მისიამ საქართველოში არ დაადასტურა სამხედრო ძალის ზრდა არც კოდორში და არც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. როგორ შეგიძლიათ ამის ახსნა?

საბინ ფრაიზერი: ”ვფიქრობ, ჩვენი ანგარიშის ეს ასპექტი, ცოტა არ იყოს, კონტექსტის მიღმა გაიგეს. როდესაც სენაკის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, - ეს ჩვენთან საუბარში ქართველმა ოფიციალურამ პირებმაც დაადასტურეს, - ლაპარაკია ბაზის დროებით გაძლიერებაზე, რაც სრულიად გასაგებია. ჩვენ საქართველოს ამის გამო დიდად არ ვაკრიტიკებთ. კოდორს რაც შეეხება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ იქ სამხედრო ძალა შეიყვანეს. ჩვენ ვწერთ, რომ იქ გარკვეული პირობები გაუმჯობესდა და რომ თუკი გაჩნდებოდა კოდორის სამხედრო მიზნებით გამოყენების სურვილი, პირობების გაუმჯობესებით ეს გაიოლდებოდა. საუბარია გზების, ხიდების გაძლიერებაზე და ასე შემდეგ. ჩვენს რეკომენდაციებში ვამბობთ, რომ კარგი იქნება [საქართველო] სრული გამჭვირვალობით მიუდგეს საკითხს, კონკრეტულად რა სახის ძალა იმყოფება კოდორში. ეს სამხედრო ძალას არ ნიშნავს - იმიტომ რომ სამხედროები იქ არ იმყოფებიან. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებზე. კარგი იქნებოდა უფრო მეტი ღიაობა ყოფილიყო იმის თაობაზე, თუ როგორია ამ სამინისტროს წარმომადგენლობა კოდორში.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე საათით წინ უსწრებდა ბრიუსელიდან საქართველოში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანას, გამგზავრებას. საგანგებოდ დაამთხვიეთ ასე?

საბინ ფრაიზერი: ”ვფიქრობ, ამ დამთხვევაში, უბრალოდ, გაგვიმართლა. ამ ანგარიშზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან რთულია ანგარიშის გამოქვეყნება რომელიმე კონკრეტულ დღეს დაუმიზნო. მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილად კარგი იყო ის, რომ ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა საქართველოში ბატონ სოლანას ვიზიტს. ვფიქრობ, ეს რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და უფრო ზოგად კონტექსტშიც. მოგეხსენებათ, საქართველო, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ექცევა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. სოლანას ვიზიტი გარეშე ძალებს - ევროკავშირს - უფრო ნათლად დაანახვებს საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ანგარიშსაც ასეთივე ეფექტი ექნება. ამდენად, ჩემი აზრით, კარგია, რომ ეს ორი რამ ერთდროულად მოხდა - უწინარესად, ევროპელი და ამერიკელი აუდიტორიისთვის: ის ვითარებაში უკეთ გაერკვევა.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიშისგან დამოუკიდებლად, თქვენ, როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია სამხედრო ქმედებათა დაწყების საშიშროება? და თუკი ეს რისკი მართლაც არსებობს, რა კეთდება მის თავიდან ასაცილებლად, ვთქვათ, თქვენი ორგანიზაციის მიერ? როგორია ის რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია გამოთქმული?

საბინ ფრაიზერი: ”იმედი მაქვს, რომ სამხედრო კონფრონტაციის დაწყების აშკარა საფრთხემ, გარკვეულწილად, ჩაიარა. ვფიქრობ, სამიოდე კვირის, ერთი თვის წინ - მაშინ, როდესაც რუსეთმა პირველად შეიყვანა დამატებითი ძალები - ამის უფრო დიდი საფრთხე არსებობდა. ვფიქრობ, ძალზე დადებითია ის, რომ ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც საქართველოს მტკიცედ დუჭირეს მხარი და რუსეთს აჩვენეს, რომ საქართველოს ძლიერი მეგობრები ჰყავს. ეს ძალიან დადებითი ფაქტორია. რასაკვირველია, მე ყოველთვის მაშფოთებს ის, რომ კონფლიქტი ამოწურული არ არის და, მცირემასშტაბიანი ინციდენტებისა და შეტაკებების შედეგად, ვითარება შეიძლება უკონტროლო გახდეს. ეს მართლაც შემაშფოთებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია [რუსეთმა] უკან გაიყვანოს მთელი დამატებითი სამხედრო ძალა და აღდგეს სტატუს კვო. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია აფხაზებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული აფხაზეთის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხზე.”

რადიო "თავისუფლება": ანგარიშში აგრეთვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ აფხაზეთის მხარეს თბილისთან დიალოგის დაწყების ერთგვარი მზაობა აქვს და რომ ბევრი აფხაზეთში ენთუზიაზმით არ უყურებს რუსეთში ინტეგრაციის პერსპექტივას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

საბინ ფრაიზერი: ”ჩემი პირადი აზრია, რომ აფხაზები ძალიან ამაყი ხალხია და ესმით, რომ რუსეთში საბოლოო ინტეგრაცია მათ ეროვნული იდენტობის, ეროვნული სიმდიდრის დიდ ნაწილს დააკარგვინებს. ვფიქრობ, აფხაზეთში მართლაც არის ხალხი, ვისაც სურს ქართველებთან ურთიერთობა, თუკი ქართველები მათ აღიქვამენ როგორც თანასწორს. ჩემი აზრით, აფხაზებს ეს პრობლემა მუდმივად აქვთ: მათ, როგორც რაღაც მცირერიცხოვან უმცირესობას, ისე ექცევიან - პატივს არ სცემენ, მათ შიშებს და ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველო თუ ამის გაკეთებას უკეთესად შეძლებს, მაშინ, ვფიქრობ, აფხაზეთთან მისი ურთიერთობა გაუმჯობესდება.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG