Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში პრეზიდენტის სტატუსით ევროპაში უკანასკნელ ტურნეს აწყობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, დღეს ევროპაში ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ადვილი შესაძლებელია, ეს ბუშის პრეზიდენტობის ბოლო


მასშტაბური საგარეოპოლიტიკური ვიზიტი იყოს. ჯორჯ ბუში ჯერ სლოვენიას ესტუმრება, სადაც სამშაბათს ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს სამიტს. შემდეგ ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გერმანიის, იტალიის, ვატიკანის, საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. მთავარი საკითხი, რომელსაც შეხვედრებზე განიხილავენ, ირანი და მისი ატომური ამბიციები იქნება, თუმცა ბუში ბევრ სხვა საკითხსაც შეეხება, მათ შორის, საქართველოსა და სერბიის ირგვლივ არსებულ დაძაბულობას.

პრეზიდენტის ტურნეს შესახებ გასულ კვირაში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯორჯ ბუშის მრჩეველმა სტივენ ჰედლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბუშის ვიზიტი რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას, ალბათ, არ მოიტანს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპელ კოლეგებს ბევრ საკიხზე დაელაპარაკება და სამომავლო პერსპექტივაზე იზრუნებსო, დასძინა პრეზიდენტის მრჩეველმა:

[ჰედლი]
”არა მგონია, ამ ვიზიტს რაიმე დრამატული სიახლე მოჰყვეს. ამ ვიზიტის მიზანია რამდენიმე საკითხის ირგვლივ მცირე პროგრესის მიღწევა იმ ფორუმების წინ, სადაც ოფიციალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.”

ამავე მოსაზრებას გამოთქვამს ტედ გალენ კარპენტერი - ვაშინგტონის კატოს ანალიტიკური ცენტრის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.

ანალიტიკოსის თქმით, ბუშის ტურნე, სავარაუდოდ, მხოლოდ მცირე პროგრესს თუ მოიტანს ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ირანი, კლიმატური ცვლილებები და ბალკანეთსა თუ კავკასიაში არსებული დაძაბულობა. კარპენტერის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი პოზიციათა ის სხვადასხვაობა იქნება, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას ამ საკითხებთან მიმართებით გამოარჩევს.

ბუშის მრჩევლის თქმით, მთავარი საკითხი, რომელსაც ბუში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს, ირანი და მისი ატომური პროგრამა იქნება. თუმცა შეხვედრებზე აქტუალური იქნება სხვა თემებიც, მათ შორის, სერბიასა და საქართველოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები.

ჯერ რაც შეეხება საქართველოს საკითხს, რომელსაც, ჰედლის თქმით, ქვეყნების ლიდერები სლოვენიაში დაგეგმილ სამიტზე შეეხებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, პოლიტიკოსები განიხილავენ როგორ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთთან მიმართებით და განსაკუთრებით პირდაპირი დიალოგის გამართვას საქართველოს მთავრობასა და აფხაზებს შორის. ამასთან, ჰედლის თქმით, ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ უარი თქვას იმ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომელიც მან უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართებით გადადგა, და დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

კატოს ცენტრის ანალიტიკოსი ტედ გალენ კარპენტერი ფიქრობს, რომ ამ სამიტზე ევროპის ქვეყნები მართლაც დაუჭერენ მხარს საქართველოს აფხაზეთის საკითხის ირგვლივ რუსეთთან შექმნილ უთანხმოებაში. მაგრამ, ანალიტიკოსის აზრით, სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.

ანალიტიკოსის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ, როგორც ცნობილია, ევროპა ცდილობს თავი შეიკავოს რუსეთის გაღიზიანებისგან, თუნდაც დიპლომატიური ფორმით, მაშინ როდესაც ვაშინგტონი - როგორც ახლანდელი პრეზიდენტი, ისე პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ მაკკეინი - მზად არის მოსკოვს საქართველოს საკითხზე მწვავედ დაუპირისპირდეს:

[კარპენტერი]
”[საქართველოს] საკითხი ევროპელი ლიდერებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ მის ირგვლივ რუსეთთან მწვავე დაპირისპირებაზე წავიდნენ. ბედის ირონიით, შეერთებული შტატები - პრეზიდენტი ბუში და, კიდევ უფრო მეტად, სენატორი მაკკეინი და მისი საგარეოპოლიტიკური გუნდი - მზად არის ეს საკითხი ძალიან პრიორიტეტულად აქციოს და მის ირგვლივ რუსეთთან უმწვავეს კონფრონტაციაზეც კი მიდის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.”

საქართველოს გარდა, შეხვედრებზე სერბიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზეც იმსჯელებენ - განსაკუთრებით კოსოვოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით. თუმცა, კარპენტერის აზრით, სერბიაში შექმნილი ვითარება ჯერ არ იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, რომელი ძალა იქნება გადამწყვეტი კოსოვოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაში - სერბიის ნაციონალისტები თუ უფრო პროდასავლურად განწყობილი ძალები.

მაგრამ საკითხი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ევროპული ტურნეს მთავარი თემა იქნება, ირანი და მისი ატომური ამბიციებია. ამის შესახებ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზევე განაცხადა სტივენ ჰედლიმ.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ირანთან აქტიური კონტაქტი არ ყოფილა. მაგრამ, ჰედლის განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ თეირანი მუშაობს წინადადებებზე, რომელიც უნდა წარუდგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს - და გერმანიას. ჰედლის თქმით, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია, თავის მხრივ, წინადადებების სახეცვლილ პაკეტზე მუშაობენ, რომელსაც ირანის მხარეს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა წარუდგენს.

ბუშის მრჩევლის თანახმად, ჯორჯ ბუში ევროპის ქვეყნების ლიდერებს სწორედ ამ წინადადებების შინაარსზე დაელაპარაკება. ამასთან, ჰედლიმ დასძინა, რომ ვაშინგტონის სურვილია ირანზე ზეწოლა გაძლიერდეს - განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების მხრიდან.

კატოს ცენტრის ანალიტიკოსის ტედ გალენ კარპენტერის თქმით,
ირანთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მეტ-ნაკლებად ერთიან პოზიციაზე არიან - მოითხოვენ, რომ ირანმა შეწყვიტოს თავისი ატომური პროგრამა - და, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას აპირებენ. მაგრამ რუსეთი და ჩინეთი ამ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებენ.

თუმცა, კარპენტერის თქმით, ამავე საკითხის ირგვლივ გარკვეული
უთანხმოება შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორისაც არსებობს:

[კარპენტერი]
”ევროპელებს სურთ შეერთებულ შტატებს გარკვევით უთხრან, რომ მკაცრი სანქციები შესაძლო სამხედრო ოპერაციის პრელუდია არ არის. ვფიქრობ, ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ჯერ კიდევ არსებობს ეჭვი, რომ ბუშის ადმინისტრაცია უშვებს ამის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სანქციები შედეგს არ მოიტანს.”

ანალიტიკოსის აზრით, შეერთებული შტატები და ევროპა, სავარაუდოდ, უარყოფენ იმ წინადადებებს, რომელთაც, გავრცელებული ცნობებით, ირანი ამუშავებს, ვინაიდან თეირანი, სავარაუდოდ, კვლავაც ატომური პროგრამის გაგრძელების მოთხოვნით გამოვა. ანალიტიკოსოს თქმით, ირანის მხრიდან ერთადერთი მისაღები ნაბიჯი ”ჩრდილოეთ კორეის მოდელი” იქნება: ირანმა ატომური პროგრამა უნდა შეწყვიტოს.

ამდენად, ბუშის ვიზიტისგან ბევრი საკითხის განხილვას მოელიან, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს ტურნე რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას, ალბათ, არ მოიტანს. რვა თვის შემდეგ ჯორჯ ბუში პრეზიდენტის პოსტს დატოვებს და, შესაბამისად, ევროპის ქვეყნების ლიდერები უკვე მის შემცვლელთან ურთიერთობის დამყარებაზე იწყებენ ფიქრს.






  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG