Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმარი ქალები შიმშილობენ


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში პატიმარ ქალთა ერთმა ნაწილმა შიმშილობის აქცია წამოიწყო.


დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შიმშილობს 47 პატიმარი. განსხვავებულ ცნობას ფლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, რომლის მონაცემებით, მოშიმშილეთა რიცხვმა უკვე 100–ს გადააჭარბა.

მოშიმშილე პატიმრების რიცხოვნობის გარდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ნაწილობრივ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ შიმშილობის აქციის მოტივაციის შესახებაც. სახელმწიფო სტრუქტურა ირწმუნება, რომ მოშიმშილე პატიმრები მათი საქმეების გადახედვას და მათთვის მისადაგებული გადაწყვეტილებების შეცვლას ითხოვენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ამ მთავარი მოთხოვნის გარდა, მსჯავრდებულები ციხეში არსებული ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ნორმებით ქალებისა და ბავშვებისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის პირობას აყენებენ. შიმშილობის აქციის განზრახვის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ პატიმარმა ქალებმა რამდენიმე დღის წინ შეატყობინეს და სთხოვეს, რომ, საზოგადოების გარდა, მათი მოთხოვნის შესახებ საქმის კურსში ოპოზიციური პარტიებიც ჩაეყენებინა. პატიმარი ქალების მთავარ მოთხოვნას ნანა კაკაბაძე, ლიდერი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, შემდეგნაირად განმარტავს:

[ნანა კაკაბაძის ხმა]“მათ აქვთ, რა თქმა უნდა, ყოფითი პირობების პრობლემაც, მაგრამ ყველაზე მთავარი მათთვის მაინც არის ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია არა რაღაც კანონზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკური კლიმატით თუ პოლიტიკური გავლენით სასამართლოებზე.“(სტილი დაცულია)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, მოშიმშილეთა რიცხვმა 100–ს გადააჭარბა, რასაც არ ეთანხმებიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მათი განცხადებით, მხოლოდ 47 ადამიანი შიმშილობს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრების“ მონაცემებს შორის შეუსაბამობაა ასევე შიმშილობის აქციის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აქცია 9 ივნისს, 8 ივნისის შეტყობინების შემდეგ, დაიწყო, ”ყოფილი პოლიტპატიმრების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, აქცია უკვე სამი დღეა მიმდინარეობს:

[ნანა კაკაბაძის ხმა]“გუშინ ღამემდე ისინი საერთოდ ეზოებში ისხდნენ და იქ შიმშილობდნენ. ადმინისტრაცია არ ღებულობდა არანაირ კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რომ მოეთავსებინა ისინი ცალკე ოთახში. როგორც დღეს შემატყობინეს, მათ უკვე გამოუყვეს ოთახი. თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად სწორია.“(სტილი დაცულია)

ამ უკანასკნელი ინფორმაციის სიმართლე ჩვენთან საუბარში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ დაადასტურა. მისი განმარტებით, პატიმრები კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით დაუბრკოლებლივ სარგებლობენ:

[სალომე მახარაძის ხმა]“ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია მხოლოდ ის არის, რომ არ იშიმშილონ, რაც არის მათი ჯანმრთელობისთვის ცუდი ძალიან, მაგრამ მათი ნებაა. ამას მათ ვერავინ ვერ აუკრძალავს და, ბუნებრივია, ძალით საჭმელს ვერავინ მიაწვდის და მიაღებინებს. დღეს დაიწყეს და არავითარი გართულება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ თუ ვიღაცას რაიმე დასჭირდება და იქნება საჭირო სამედიცინო ჩარევა, იქ არის სამედიცინო პერსონალი და, თუ საჭირო იქნება დამატებით, მივლენ კიდევაც. მეტი ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.“(სტილი დაცულია)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე შენიშნავს, რომ პატიმრები ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ და დეპარტამენტის მისამართით პრეტენზიები არ აქვთ. რაც შეეხება განსასჯელთა სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის მოთხოვნას, მოთხოვნის ადრესატები, ძირითადად, საგამოძიებო სტრუქტურები არიან. მოსალოდნელია თუ არა ამ სტრუქტურების მხრიდან მსჯავრდებული ქალების მოთხოვნის დაკმაყოფილება? ამ პერსპექტივის ნაკლებად სჯერა საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს.

[სოზარ სუბარის ხმა]“ პრაქტიკულად ეს არ მოხდება არც პოლიტიკურად და იურიდიული გზაც ძალიან ასეთია. ახლა, თუ პოლიტიკური ნება იქნა, იურიდიული გზაც მოინახება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ მოხდება. სიახლე აქ არაფერი არ არის, მაგრამ ის, რასაც ითხოვენ, არის წარმოუდგენელი. შეიძლება გამოვიდეს ფართომასშტაბიანი შეწყალების აქცია, შეიძლება პირობით ვადამდელი გათავისუფლებებით გამოვიდეს ბევრი მათგანი, მაგრამ ის, რომ გადაიხედოს, ეგეთი რამეები არ ხდება ხოლმე.“(სტილი დაცულია)

ფიქრობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც, მართლმსაჯულების დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ შიმშილობის აქციის მონაწილე მსჯავრდებულთა შორის ზოგიერთს მართლაც უკანონოდ და დაუმსახურებლად ჰქონდეს მიყენებული სასჯელის ესა თუ ის ზომა.
XS
SM
MD
LG