Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ მშვიდობიანი მეთოდებით და თანმიმდევრული ქმედებებით ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას”, -

აცხადებს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ”ასავალ-დასავლისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: ”შეიქმნება ალტერნატიული წარმომადგენლობითი ცენტრი. ეს ცენტრი იქნება ყველგან, მთელ საქართველოში, და მოვემზადებით ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისთვის, რომლის საშუალებითაც მიზანს აუცილებლად მივაღწევთ”, - ამბობს დავით გამყრელიძე. იმავე ”ასავალ-დასავალში” ოპოზიციის კლასიფიკაციას ახდენს უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი, რომლის აზრითაც, ოპოზიცია ერთსახოვანი არ არის: ერთ ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამოძრავებს, მეორე ხელისუფლების სიძულვილითაა დაბრმავებული, მესამეს კი გარე ძალები მართავენ. შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუში კი წაიკითხავთ, რომ პარლამენტის სხდომის დანიშვნა უკანონოდ მოხდა, რადგან, მისი თქმით, ”ზუსტად ამ დროს სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩლის განხილვა მიმდინარეობდა, უკანონო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნით”.

”მიგვაჩნია, რომ მანდატებზე უარის თქმა და პარლამენტის სააკაშვილისთვის შეტოვება ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება. არ ვაპირებთ ახალ პოლიტიკურ ლიდერს გავუწმინდოთ მოედანი ხელისუფლებაში ზარ-ზეიმით მოსასვლელად. ასეთი პოლიტიკური ლიდერი კი ქალბატონი ბურჯანაძე იქნება”, - ამბობს გიორგი თარგამაძე ”კვირის პალიტრაში”. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მისი აზრით, ”ოპოზიციას ის პრობლემა აქვს, რომ თქვეს - პარლამენტში არ შევალთო და არ უნდათ ნათქვამის უკან წაღება, საკუთარი ნათქვამი ზღუდავთ. თუმც მიმაჩნია, რომ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი მოიძებნება. კომპრომისის მექანიზმი იმავე მექანიზმმა უნდა შექმნას, რამაც უკომრპომისობა შექმნა. ეს არის ხალხი.”

”ხალხს უნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამოცანა” – ”მთელი კვირის” ფურცლებიდან ეხმაურება იმავე საკითხს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი და დასძენს: ”და, როდესაც ოპოზიციას ასეთი ჩამოყალიბებული ამოცანა არ აქვს, შეუძლებელია საპროტესტო მუხტი გაიზარდოს. ეს დაიფანტება. ერთპარტიულ მმართველობას კი ქვეყნისთვის სიკეთე არსად და არასდროს არ მოუტანია. ეს არის ნაღმი, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად აფეთქდება”, - ამბობს გიორგი ხუციშვილი.

”მთელ კვირაში” დღეს პარლამენტის ახალ სპიკერ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება, რომელშიც ის ამბობს: ”პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით მათი [ოპოზიციის] მხრიდან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და ჩვენ ველოდებით მათგან კონკრეტული წინადადებების წარმოდგენას, თუ როგორ ხედავენ საკუთარ როლს და ფუნქციას, თუ რა დამატებითი ბერკეტები სჭირდება ოპოზიციას პარლამენტში”.

”ოპოზიცია იწმინდება და ის ადამიანები რჩებიან, ვისთან ერთადაც ბრძოლაში ბოლომდე წავალ”, - ეს გახლავთ ნაწყვეტი ინტერვიუდან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ ეკა ბესელიასთან და ის ”ვერსიაში” ქვეყნდება. ამავე გაზეთში წაიკითხავთ ლეიბორისტ იოსებ შატბერაშვილთან ინტერვიუსაც. შატბერაშვილი ამბობს: ”ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ, ჩანს, ხელისუფლება ისეთ სერიოზულ დათმობებზე წავა, რომლებიც ალაგმავს მგლურ მადას, რასაც პარლამენტში 4/5-ის ფლობა ჰქვია”.

”მთავრობა შემოდგომაზე შეიცვლება” - წერს ”ახალი თაობა”. გაზეთის თანახმად, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. შეიცვლება პრემიერ-მინისტრი და გამორიცხული არ არის ცვლილებები შეეხოს ეკონომიკურ გუნდს. უცნობ წყაროზე დაყრდნობით, ავტორი წერს აგრეთვე იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გაერთიანებაზე. ”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროს ბადრი ბიწაძეს პრობლემები ექმნება და რომ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის შეიძლება ვალერი ჩხეიძემ ჩაანაცვლოს.

”კვირის ქრონიკა” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უბრუნდება და წერს: ”ამ ერთ საქმეში იმდენი სიბინძურეა, ბარე ათასს ეყოფოდა, მაგრამ ვანოს ხელში ეს რა მოსატანია?! გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით ოთხი ჩინოვნიკი ”იხდის სასჯელს”, ოთხივე იმდენად კომფორტულ პირობებში ჰყავთ, ”სვაბოდაზე” მყოფ ნებისმიერ უჩინოს შეშურდება (ყოველ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი ამას ამტკიცებს). გასული წლის ბოლოს ერთ-ერთ ბრალდებულს შვილი შეეძინა, რაზედაც ”ალია ჰოლდინგს” ინფორმაცია ნანა კაკაბაძემ მიაწოდა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG