Accessibility links

logo-print

მოსკოვი თბილისს ურჩევს გაითვალისწინოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის წინადადებები - როგორია თბილისის პასუხი


ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განსაახლებლად მოსკოვი ურჩევს თბილისს გაითვალისწინოს აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურის სერგეი ბაღაფშის წინადადებები.

ბაღაფში კი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად თავისი ძველი წინადადებებით გამოდის: მოითხოვს კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დაძაბულობის განსამუხტავად სოხუმი თბილისს ნათელ და ლოგიკურ სქემას სთავაზობს...

ბოლო 2 თვის განმავლობაში აფხაზეთის მიმართულებით განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ თბილისის ჩათრევა სამხედრო პროვოკაციაში იოლი მისაღწევი არ არის; ცხადყო ისიც, რომ მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ღია ქმედებები რუსეთს თავისავე საზიანოდ შეუბრუნდა... ”საშიშროება მაინც დგას, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ დანარჩენი მსოფლიო, უბრალოდ, არ დაუშვებს”, - თქვა ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”რუთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, და ახსნა ისიც, თუ რას ეფუძნება მისი ოპტიმიზმი, იმედი იმისა, რომ მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს უკონტროლო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ შეეჯახონ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დღეს ევროპის მომავლის ბედი, ახალი მსოფლიო წესრიგის, ყოველ შემთხვევაში, ევროპული წესრიგის ბედი წყდება საქართველოში. კარგი ამბავია, რომ ევროპამ ეს გაიაზრა, კარგია, რომ ამისთვის დრო მივეცით.. რამდენიმე თვის წინ რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გასააზრებლად დრო არ ექნებოდათ. ამიტომ არის ეხლა დაბნეულობა პროვოკატორებში, რომ მათი სცენარი არ შესრულდა.. ეხლა ყველა მიხვდა, რომ თუ იქნება დღეს აფხაზეთი, ხვალ იქნება ყირიმი, ზეგ - ესტონეთი და ლიტვა. ”(სტილი დაცულია)

ცვლილებები აფხაზეთის პრობლემისადმი დამოკიდებულებაში მართლაც აშკარაა.. ამას მოწმობს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ეთნიკური წმენდის მსხვერპლად არიან მოხსენიებულნი; ამასვე ადასტურებს სოხუმში ჯერ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას, შემდეგ ევროკავშირის 15 ელჩის, ბოლოს კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰავიერ სოლანას, ჩასვლა... სოლანას მიერ სოხუმში გაკეთებულმა განცხადებამ - ” იმედია, იქნება ფორმატი, რომელიც მისცემს საშუალებას ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოწესრიგების პროცესში” - აშკარად მიანიშნა სიახლე აფხაზეთის საკითხისადმი ევროკავშირის დამოკიდებულებაში... და აი, მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი ფაქტი: სლოვენიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის აღმოჩნდა აფხაზეთის საკითხიც.. ასეთ ფონზე საქართველოს მთავარი ამოცანა სამშვიდობო პროცესის ახალი ფორმატის მიღებაა, ისეთი ფორმატის, რომელშიც რუსეთს აღარ ექნება მთავარი მომრიგებლის მისია. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ეს მისცემს ბიძგს ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის დაწყებას:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ერთადერთ შემთხვევაში დაიწყება დიალოგი, როცა ამ ადამიანებზე ზეწოლა რუსეთისგან მოიხსნება.”

საქართველოს პარლამენტის წევრმა შოთა მალაშხიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ”ამ ადამიანებაში” დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იგულისხმა.. მათი პოზიცია კი დღესდღეობით ურყევია:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”რუსეთის მხარის მონაწილეობის გარეშე სერიოზული პოლიტიკური დიალოგის წარმოება შეუძლებელია. გვესმის ევროკავშირის, გვესმის მისი სურვილი აქტიურად ჩაერთოს პროცესში, მაგრამ ხაზს ვუსვამ: არის პირობები, რომლებსაც არ გადავუხვევთ..”

ეს იყო სერგეი ბაღაფშის განცხადება. სოხუმის პირობები კი ცნობილია: აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს; არც გალის რაიონის იქით დევნილთა დაბრუნებაზე. სხვა საკითხებზე მოლაპარაკების განსაახლებლად კი სოხუმი ითხოვს კოდორის ხეობის დემილიტარიცაზიას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაღაფშის ხედვას ნათელი და ლოგიკური უწოდეს.. რუსეთის საგარეო უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში გაიმეორა სოხუმის პრეტენზია და თბილისი კოდორის ხეობაში მოსკოვის შეთანხმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა..საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იცის მერამდენედ უწევთ განმარტება, რომ ზემო აფხაზეთში მხოლოდ საპოლიციო ძალები დგას და იქ შეთანხმება არ ირღვევა. ხოლო მხარე, რომელიც ჯერჯერობით ინარჩუნებს ქართველებსა და აფხაზებს შორის მთავარი მომრიგებლის მისიას , ირწმუნება, რომ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფის შეყვანით უწყინარი ჰუმანიტარული მისია შეასრულა; ამასთან, მომზადებული აქვს დოკუმენტის პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის შესახებ. მისი განხილვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 16-17 ივნისს იგეგმება.. რუსი დეპუტატების განცხადებებით, დუმის ახალი დოკუმენტი იქნება თანმდევი ნაბიჯი პუტინის ცნობილი 16 აპრილის გადაწყვეტილებისა, რომლის გაუქმებასაც ასე დაჟინებით ითხოვს თბილისი.
XS
SM
MD
LG