Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა


ბოლო დღეების რუსული პრესა კვლავ ძალიან ბევრს წერდა საქართველოს შესახებ.

წერენ... - საქართველო იური ლუჟკოვის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით იმუქრებაო. წერენ ხავიერ სოლანას სოხუმში ვიზიტის შესახებ. წერენ პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ და იმის შეახებაც - შალვა ნათელაშვილი ნათესავებისათვის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვსო. და ასე შემდეგ...…
მარტო გუშინდელ “ნეზავისიმაია გაზეტაში” 6 პუბლიკაცია იყო საქართველოზე.

ყველაზე მეტი პუბლიკაცია მაინც სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტების შეხვედრას მიეძღვნა.

“ვედომოსტი” წერდა, პეტერბურგში ორმხრივი შეხვერების დროს დმიტრი მედვედევმა გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი - ნატოში გაწევრიანებამ, შესაძლოა, კონფრონტაციის ახალი ტალღა გამოიწვიოსო.

“ნეზავისიმაია გაზეტას” სტატიაში ,,პოლიტიკის არშემდგარი პერსონიფიცირება” აღნიშნული იყო, რომ თბილისის მოლოდინი ახალ პრეზიდენტთან უფრო იოლად მოლაპარაკების თაობაზე არ გამართლდა. უთანხმოებათა შორის მთავარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმაა, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
“კომერსანტი” კი წერდა, რომ საქართველომ და რუსეთმა მანამდე გამოუთქმელი აზრები გაცვალეს.

“კომსომოლსკაია Pპრავდას” მიხედვით, მედვედევს ყველაზე რთული შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდა. ,,განიხილებოდა სიტუაცია აფხაზეთში, იქ ჩვენი სარკინიგზო ჯარების შეყვანის საკითხი და საქართველოს სურვილი ნატოში გაწევრიანდეს”, – წერდა გაზეთი.

გაზეთ “იზვესტიას” პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ სანკტ-პეტერბურგში ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე საპრეზიდენტო შეხვედრა გაიმართა, თუმცა სტატია დეტალურად სამ შეხვედრას აღწერდა. წერილს ამგვარი სათაური აქვს:
,,მედვედევს დაუბრუნეს სურათები, რომლებიც არავის მოუპარავს”.
პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ, რომ სურათები რუსეთს მოლდოვას პრეზიდენტმა დაუბრუნა. იგი პირველი იყო, ვისაც პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა.

,,ჩვენი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები წელიწად-ნახევარია აწარმოებენ ოპერატიულ ძიებას, რომელიც სამი დღის წინ დამთავრდა. აღმოვაჩინეთ სამი ტილო, რომლებიც ერმიტაჟიდან 2006 წელს იყო მოპარული და დაბრუნებას ვაპირებთო”, – უთხრა მედვედევს მოლდოვას პრეზიდენტმა. “იზვესტია” წერს, რომ მედვედევისთვის ამ საიდუმლოებით მოცული ტილოების გამოჩენა ნამდვილი მოულოდნელობა იყო. – კარგი ახალი ამბავია, ჩვენი შეხვედრის ფასი იწევსო, – უთქვამს რუსეთის პრეზიდენტს. გაზეთის მიხედვით, ეს ამბავი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ერმიტაჟის წარმომადგენლებისთვისაც: ჩვენ ფერწერული ნამუშევრები არ დაგვიკარგავს, საინტერესოა რის დაბრუნებას გვიპირებენო, – უთქვამს ერმიტაჟის პრესსამსახურის უფროსს.

შემდეგ გაზეთი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას აღწერს. ,,პროგრამის მთავარი ნაწილი კი, რა თქმა უნდა, მედვედევის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა იყოო, – წერს ავტორი და ასე აღწერს სიტუაციას: “შექმნილ დაძაბულობას აპარატურამაც ვერ გაუძლო და შეხვედრის დაწყებამდე ორი წუთით ადრე ხმა დაიკარგა. სანამ აპარატურას ააწყობდნენ, პრეზიდენტები სხვადასხვა ოთახში იცდიდნენ. და როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ამუშავდა, მოუთმენლად მომლოდინე სააკაშვილი, ზუსტად რომ ვთქვათ, შევარდა დარბაზში.”

ავტორი გადმოგვცემს პრეზიდენტების ხანმოკლე საჯარო საუბარს. შემდეგ ჟურნალისტები გაიყვანესო, წერს იგი, გარკვეული ხნის შემდეგ კი მათთან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა და განუცხადა: ,, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილს ესმის: ნატოსკენ სწრაფვის კურსი არ არის კონფლიქტების დარეგულირების გასაღები.”

და კიდევ ერთ ციტატა პუბლიკაციიდან: ,,თავად სააკაშვილი საერთო შეკრებაზე, მარმარილოს დარბაზში, წარმოუდგენლად ამაღლებულ განწყობაზე ჩანდა _ უბრალოდ, გაბრწყინებული.
-
კმაყოფილი ხართ სააკაშვილთან შეხვედრით? - შეუტიეს ქართველმა ჟურნალისტებმა მედვედევს.
-
კი, ყველაფერი კარგად იქნება! – ღიმილით უპასუხა მან.
აქ, რასაკვირველია, საჭირო იყო დაზუსტება - კერძოდ, ვისთვის იქნება საქმე კარგად. მაგრამ ქართველებმა ეს ვერ მოიფიქრეს”, – ასე ამთავრებს პუბლიკაციას გაზეთი “იზვესტია”.
XS
SM
MD
LG